ავტორი:

რაში იხარჯება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები?

რაში იხარჯება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები?

სარეზერვო ფონდებიდან თანხების უკონტროლო ხარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 50-მილიონ ლარიანი სარეზერვო ფონდი "ებარა" და "საიას" მაშინდელი ინფორმაციით, თანხები ასე ნაწილდებოდა: 2010-ში ფონდის ფინანსების უმეტესი ნაწილი (12 890 824 ლარი) კონცერტებს, საახალწლო ღონისძიებებს, მუსიკალურ კლიპებს მოხმარდა, 2011 წელს 8 080 164 ლარი საცურაო აუზების, ბულვარებისა და სტადიონების მშენებლობა-კეთილმოწყობაში დაიხარჯა, 2012 წელს სარეზერვო ფონდებიდან თანხების გამოყოფისას საპარლამენტო არჩევნებიც გაითვალისწინეს და ფონდის 74% ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად გამოიყო.

გიორგი მარგველაშვილი წინამორბედთან შედარებით მოკრძალებულ - 5 მილიონიან სარეზერვო ფონდს განაგებს. AMBEBI.GE დაინტერესდა, რაში იხარჯება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონობით ლარი.

აღსანიშნავია, რომ ქართულ კანონმდებლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის მიზნობრიობა ზუსტად განსაზღვრული და დაკონკრეტებული არ არის. საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, თანხებს გამოყოფს ფინანსთა მინისტრი.

პრეზიდენტის ვებ-გვერდზე president.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 5 მილიონი ლარით გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს 138 პროექტი დააფინანსა. ჩვენ რამდენიმე პროექტზე შევაჩერებთ ყურადღებას.

მაგალითად, გასულ წელს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ინტეგრაციული პროცესების განმტკიცებისთვის ფონდმა 7 პროექტი დააფინანსა და ამისთვის 196 580 ლარი გამოყო. თუმცა, კონკრეტულად რა პროექტებია დაფინანსებული უცნობია. ცნობილია, რომ პრეზიდეტმა უარი თქვა ქართულ-აფხაზურ ერთობლივ პროექტზე, რომელშიც ქართველ სტუდენტებთან ერთად აფხაზი ახალგაზრდებიც უნდა ჩართულიყვნენ. პროექტის მიზანი იყო სტუნდეტებისთვის ხელი შეეწყოთ და კონსტრუქციული ურთიერთობა დაემყარებინათ აფხაზ თანატოლებთან.

საქართველოს კონსტიტუციის ცოდნის პოპულარიცაზიისთვის კი გიორგი მარგველაშვილმა 13 პროექტი დააფინანსა და ამისთვის 333 257 ლარი დახარჯა.

ერთ-ერთი პროექტის სახელწოდება იყო „მე და კონსტიტუცია“, რომლის მიზანს კონსტიტუციის პოპულარიზაცია და ქვეყნის უმაღლესი კანონის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა. პროექტში საქართველოს 500-მდე საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული. მოსწავლეებს პრეზიდენტმა შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ასევე დაფინანსდა პროექტი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“. მაშინ გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის თემაზე მომზადებული რამდენიმე სტატიის თუ სიუჟეტის ავტორი ფულადი თანხით დააჯილდოვა.

ასევე სარეზერვო ფონდიდან დააფინანსა გიორგი მარგველაშვილმა 41 პროექტი რეგიონებში განათლების ხარისხისა და სამოქალაქო ცნობირების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. მან ამისთვის ყველაზე მეტი თანხა - 1 172 530 ლარი გამოყო.

ამ პროექტის ფარგლებში მოექცა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კაფის გახსნა, რომელიც პრეზიდენტის ფონდმა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღიჭურვა. ლიტერატურული კაფე უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, გორის რეგიონის პოეზიისა და ხელოვნების მოყვარულებს ემსახურება.

ასევე ფონდის დაფინანსებით შიდა ქართლის სამ რეგიონში - გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა ასევე მხარი დაუჭირა „საბაუნის“ პროექტს, სამოქალაქო ქმედების სკოლას, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაფინანსდა პროექტი „პანკისის ხეობის ახალგაზრდების განათლება და მათი ცნობიერების ამაღლება“. პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო და პროფესიული კურსები - დუისის ხატვის კურსი, ჯოყოლას ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, ჯოყოლას კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი და წინუბნის ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსი. ასევე ტარდება ტრენინგები ლიდერობაზე, ბავშვთა უფლებების შესახებ და პროექტის შექმნისა და წერის შესახებ.

პრეზიდენტმა საკუთარი ფონდიდან 762 365 ლარით დააფინანსა 33 პროექტი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჩართულობის ხელშეწყობისთვის:

„ქართული ენის კურსები „ვისწავლოთ ქართული“; ქართულ-ოსური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; აფხაზეთის ვირტუალური არქივი; ეთნიკური უმცირესობების მიერ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა; ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე; ბოშათა გაძლიერების ცენტრი; ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას; ჩეჩნური კულტურის ფესტივალი; პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გასულ წელს განხორციელდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები