ქართველ ჩოგბურთელ მაკა ჩახნაშვილს წლეულს პირველი ტურნირის მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა, 25-ათასიანი გათამაშების ფინალი წააგო.
ჩახნაშვილმა საფრანგეთში ოთხი გამარჯვების მოპოვება მოახერხა. მაკა მე-4 ნომრად გახლდათ განთესილი და ფრანგების ელიქსან ლეჩემიას (6:2, 6:4), მირტილ გეორგესისა (7:5, 7:6 (7:4)) და ბრაზილიელ მარია-ფერნანდა ალვეშისა (6:2, 6:2) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში, კიდევ ერთ მასპინძელ, მე-2 რეიტინგის მქონე სტეფანი ფიორეზს 6:4, 5:7, 6:0 მოუგო.
ფინალში ჩახნაშვილი ჩეხ პეტრა ჩეტკოვსკას გადაეყარა, რომელთანაც კარიერის განმავლობაში ორი მატჩი ჰქონდა წაგებული და პირველ სეტში ყოჩაღობის მიუხედავად, ამჯერადაც წარუმატებლობა შეემთხვა – 6:2, 1:6, 1:6.
ქართველი ჩოგბურთელი საჭირო ქულებს ერთი კვირის თავზე გამოსაქვეყნებელ რეიტინგში შეიმატებს.