იბერიელ დიდებულთა სამარხებში დაფარული ყველა დროის ლეგენდარული სიყვარულის ისტორიის გაცოცხლება

იბერიელ დიდებულთა სამარხებში დაფარული ყველა დროის ლეგენდარული სიყვარულის ისტორიის გაცოცხლება

"მე ვარ სერაფიტა" - ესე ჰქვია კინოპროექტს, რომლის იდეის ავტორი ლეილა სინჯარაძეა. როგორც ქალბატონი ლეილა ამბობს, ის 2015 წელს შეიქმნა. "შეიკრიბა დაინტერესებული ადამიანების ჯგუფი, გადავიღეთ პრომოვიდეო, გვქონდა პრეზენტაცია, რომლის წარდგენა აჭარასა და თბილისში გვქონდა. პროექტით ადამიანების გარკვეული ჯგუფი დაინტერესდა," - განმარტავს ლეილა სინჯარაძე.

მისი თქმით, "მე ვარ სერაფიტა" მასშტაბური პროექტია როგორც ჟანრობრივად, ასევე თემატიკით, საინტერესო ისტორიულ პერიოდს ეძღვნება და მასზე მუშაობა არც ისე იოლია.

ხოლო თუ რატომ გაუჩნდა მას ასეთი იდეა, ამაზე ასე გვპასუხობს: "მოგეხსენებათ, სერაფიტის სახელი პირველად ქართულმა საზოგადოებამ 1940 წლის არქეოლოგიური გათხრების დროს გაიგო, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. გათხრები არმაზში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობდნენ ძალიან ცნობილი ისტორიკოსები და არქეოლოგები - ანდრია აფაქიძე, სიმონ ჯანაშია, ალექსანდრე კალანდაძე, ცნობილი ნუმიზმატი - დავით კაპანაძე. იქ სერაფიტის საფლავს მისტიკურად მიაკვლიეს. აღმოაჩინეს ბილინგვა, მასზე წარწერა, რისი საშუალებითაც ცნობილი გახდა, სერაფიტის სახელიც და ისიც, თუ ვინ იყო, ვისი ასული... მაგრამ მისი აღმოჩენა, როგორც ვთქვი, მისტიკურად მოხდა: დამთავრდა ექსპედიცია, მეცნიერები მეორე დღეს თბილისში ბრუნდებოდნენ და დავით კაპანაძემ ღამე სიზმარი ნახა, რომ საფლავი, რომელსაც ეძებდნენ, სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო. მერე კი ყველას სთხოვა, - ნუ წავალთ, მუშაობა გავაგრძელოთო. ჯგუფი დარჩა, დილას ველზე გასვლა ყველას დაასწრო და ძალიან მალე მიაკვლიეს კიდეც 2 საფლავს - ერთი სერაფიტის დედა აღმოჩნდა, მეორე თავად სერაფიტი, რომლებიც ძვირფასი ნივთებით იყვნენ დამარხულები. სერაფიტის ულამაზესი სამკაულები დღეს ჩვენს მუზეუმში ინახება. ეს არის სამაჯურები, ყელსაბამები, საყურეები, რომლის გამოყენებასაც ფილმში ვაპირებთ.

მოგეხსენებათ, მაყურებელი როგორ ინტერესდება ხოლმე რეალური სიყვარულის ისტორიით. თან, საქმე 2000-წლოვან ისტორიას ეხება და იდეაც აქედან წამოვიდა. სხვათა შორის, 21 ივნისს გვქონდა პროექტის წარდგინება, რომლის შემდეგ ყველამ აღნიშნა, რომ მოიხიბლნენ ამ რეალური ამბით, ამ სიყვარულის ისტორიით...

ასე რომ, ახლა სცენარზე მუშაობა ჩემი სიუჟეტით მიმდინარეობს, რაც ვფიქრობ, ძალიან ამაღელვებელი იქნება. ეს ხომ საქართველოს ისტორიაა, ეს არის იბერია, სადღაც მეორე საუკუნის შუა ხანები, ფარსმან ქველის მეფობის პერიოდი. სწორედ ამ დროს იზრდებოდა სამეფო კარზე სერაფიტი, ზევახის ასული, პიტიახშის ასული, ასევე მისი ძმა.

- ამ თემამ თქვენი ინსპირაცია მოახდინა და დაწერეთ კიდეც სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც სცენარი დაიწერება. რამდენად აქვს პროექტს პერსპექტივა, ანუ საბოლოოდ როდის მოხდება ფილმის გადაღება?

- რთული განსახორციელებელი პროექტია, რადგანაც მასშტაბურია. დიახ, მისი გადაღება არ იქნება ადვილი. სახსრების, ბიუჯეტის მოპოვებაც რთული იქნება, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ კინოპროექტი ამას შეძლებს.

- რა სახსრები სჭირდება?

- 5-დან 7-მილიონამდე. სცენარის დაწერის შემდეგ ვფიქრობთ, ის რამდენიმე კინოსტუდიას წარვუდგინოთ. მინდა, გითხრათ, რომ პრომოვიდეო ნიკოლოზ ხომასურიძის სტუდიამ - `დაკარგული ლეგენდები~ გადაიღო. ეს არის 5-წუთიანი მასალა, სადაც სერაფიტის როლში სანდრა პაიჭაძეა, გუჯა ბურდული გახლავთ ზევახი. ძალიან ლამაზი ოჯახი გამოვიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფილმშიც ისინი შეასრულებენ მთავარ როლებს.

- კარგია, ისტორიულ ფილმზე მუშაობა, მაგრამ ამ პროექტით რისი თქმა გინდათ?

- ეს იქნება ძალიან ლამაზი 2000-წლოვანი სიყვარულის ისტორია, საქართველოს დიდების ფურცელი, ამასთან, მისტიკა, რასაც მაყურებელს ვაჩვენებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ დროს ქვეყანა იყო ძლიერი, დამოუკიდებელი, რომელსაც ანგარიშს უწევს რომი. იბერიას გასასვლელი ჰქონდა შავ ზღვაზე, მცირე აზიაში, ძლიერი სახელმწიფო იყო. ასე რომ, ეს ეპოქა საერთაშორისო სარბიელზე ასეთი სიბრძნითა და სიყვარულითაა წარმოსაჩენი. თან, ბილინგვა ხომ პირველი სასიყვარულო წერილია მსოფლიოში? საერთაშორისო მასშტაბით ესეც საინტერესო ინფორმაციაა. ასე რომ, იმედიანად ვართ და ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა გვინდა.

ლალი ფაცია

ესთეტიკური გინეკოლოგია- ინტიმურ ზონაში პრობლემების გამოსწორების თანამედროვე მეთოდი

რატომ უნდა შეიძნოთ Apple-ის ოფიციალური პროდუქცია და როგორ შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი წარმოშობა

მსოფლიოს ყველაზე ტრენდული კორეული ბრენდი Missha ექსკლუზიურად PSP-ში