გაუთავებელი კრიტიკით შეწუხებულმა დუნგამ როგორც იქნა ხმა ამოიღო და ბრაზილიის თამაშის დამწუნებლებს, ჩვენებურად რომ ვთქვათ, გაღმა შეედავა, თან ისე ღრმად შეტოპა, სადაც სხვები, როგორც წესი, იხრჩობიან ხოლმე:
“ჩვენთან, ბრაზილიაში 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში პრაქტიკულად არავის უნახია. პირადად მე საერთოდ არ მქონდა ტელევიზორი. და თქვენ კი გინახავთ თავიდან ბოლომდე მაშინდელი ფინალი? რასაც უყურებთ, ეს მხოლოდ იმ თამაშის საუკეთესო ნაწილების ამონაჭრებია. რატომ არ აჩვენებენ ბრაზილიაში 1966 წლის ჩემპიონატს თუნდაც ამ სახით? გეტყვით რატომაც: იმ ჩემპიონატიდან ამონაჭრებიც არ ვარგა, გუნდმა მაშინ უბრალოდ ცუდად ითამაშა.
ამონაჭრებს ვხედავთ 1958 და 62 წლების ჩემპიონატებიდანაც და მერე ხალხი ამ ამონაჭრებით მსჯელობს. ყველას ახსოვს, როგორ გაიტანა პელემ 58-ში შვედეთთან, ან რა ლამაზად ააცილა ცენტრიდან დარტყმული, ან 70-ში როგორ დაუგორა კარლოს ალბერტოს. . . მაგრამ სულ ესაა და ამაზე დგას ბრაზილიური ფეხბურთის სანახაობრიობის ლეგენდა. დღესაც რომ ვუყუროთ ჩემი გუნდის თამაშის საუკეთესო მონაკვეთებს, ხალხი გადაირევა, ეს რა სანახაობრივი გუნდიაო, მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ დღეს ასე არ ხდება და კარგთან ერთად ცუდის ნაზავსაც ვუყურებთ.
კიდევ ერთს გეტყვით, ადამიანებს მუდამ ახასიათებთ ძველის ახალთან შედარება და მერე ახლის დაწუნება, აქაოდა ძველთან რას მივაო. პაპაჩემი ყოველთვის ეუბნებოდა მამაჩემს, ბრაზილიელები ჩემს დროს უფრო ლამაზად თამაშობდნენ ვიდრე ახლაო.
ამასვე მეუბნება მამაჩემი მე. დარწმუნებული ვარ, ამას ვეტყვი ჩემს შვილს და ისიც ასეთივე სინანულით გაიხსენებს თავის შვილთან თავის ახალგაზრდობაში ნანახს. არადა, ძველის და ახლის შედარება ძალიან ძნელია. 1958 წელს ფეხბურთი მხოლოდ ტექნიკა იყო. შემდეგ ფიზიკა ჩაუმატეს, შემდეგ ტაქტიკა მოუგონეს, ბოლოს კი ფსიქოლოგიის დონეზე აიყვანეს. არადა, თუ კარგად დააკვირდებით, ჩვენ დროშიც გუნდები ბევრ ისეთ შეცდომას უშვებენ, რასაც ადრე წარსულში უშვებდნენ.
წნეხი კი უფრო და უფრო მატულობს. ჩვენ ყოველთვის ვალდებულები ვართ, რომ მოვიგოთ, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ვიგებთ, პრესა უკმაყოფილოა და თვლის, რომ ჩვენ ვერ დავდგით შოუ. თუ შოუს დავდგამთ, შარს გვდებენ, რომ ვერ გავიტანეთ 6-7 გოლი. თუ 6-7 გოლს გავიტანთ, მაშინ მეტოქეს დაგვიწუნებენ, სუსტიაო. გესმით? ეს ჩაკეტილი წრე არასდროს იხსნება. მე ერთი რჩევა მაქვს ყველა უკმაყოფილოსთვის: გვაცადეთ საქმის კეთება და ბოლოს შეგვაფასეთ.”