მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო, რომელმაც პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო სუბელიანისა და მორჩაძის მიმართ არსებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობდა.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვდა. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში, მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მირზა სუბელიანის უფლებადამცველმა სუბელიანის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 5 000 -ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა. როგორც ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, მირზა სუბელიანის პატიმრობაში დატოვება არის არასამართლიანი და არაადეკვატური.

"სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდების მხარის პოზიცია, რომ სუბელიანმა შესაძლოა მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს. არსებობს ყველა პირობა საიმისოდ, რომ სუბელიანი პატიმრობიდან გათავისუფლდეს 5 000 ლარიანი გირაოს სახით", - განაცხადა სუბელიანის ადვოკატმა.

სასამართლოს 20 000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა მერაბ მორჩაძის დაცვის მხარემ. ამასთან, ადვოკატის თქმით, მორჩაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ პრობლემები აქვს.

სასამართლომ ადვოკატების მიერ წარდგენილი არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებული - სუბელიანი და მორჩაძე კვლავ წინასწრ პატიმრობაში რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავა. რაც შეეხება მერაბ მორჩაძეს, ის მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, 8 ივნისს დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ