ჯანლუიჯი ბუფონი: "ევროპის ჩემპიონატზე გასვლამაც კი უნდა დაგვაკმაყოფილოს"

ჯანლუიჯი ბუფონი: "ევროპის ჩემპიონატზე გასვლამაც კი უნდა დაგვაკმაყოფილოს"

სამხრეთ აფრიკაში შერცხვენილი “სკუადრა აძურა” სამშობლოში დაბრუნდა. მიმდინარე მუნდიალი იტალიელთა საუკეთესო მეკარის ჯანლუიჯი ბუფონისთვის ორმაგად გულდასაწყვეტი აღმოჩნდა – ჯგუფური ეტაპის ბარიერის ვერგადალახვის გარდა, აპენინელთა კარის დარაჯმა ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ტაიმი ჩაატარა, მალე კი, საოპერაციო მაგიდაზე მოუწევს დაწოლა.

- სამხრეთ აფრიკაში განცდილი ფიასკოს შემდეგ “სკუადრა აძურას” რა პერსპექტივა ელის?

- ჩვენი ნაკრების დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე იმითაც კმაყოფილები უნდა დავრჩეთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება თუ მოვიპოვეთ.

- სიტუაციას ხომ არ აზვიადებთ – ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფში სერბიასთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან, სლოვენიასთან, ესტონეთსა და ფარერებთან ერთად მოხვდით...

- ოპტიმიზმის საფუძველს ის მაძლევს, რომ “სკუადრა აძურასთვის” უარესი თამაში და შედეგი წარმოუდგენელია. ამასთან ნაკრების შემადგენლობა გადახალისდება, გუნდში ახალგაზრდები დაწინაურდებიან, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მიტოვებს. დებიუტანტებს მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ იტალიური ფეხბურთის უმდიდრესი ტრადიციის ღირსეული გამგრძელებლები იქნებიან და აქედან გამომდინარე, ამბიცია არ დააკლდებათ.

იტალიელ ფეხბურთელთა ნიჭიერებაში კი ეჭვი არავის ეპარება. დარწმუნებული ვარ, ჩეზარე პრანდელი “სკუადრა აძურას” დამრიგებლის რანგში მასზე დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გადაჭრის. ჯერ სინიორ ჩეზარესთან არ მისაუბრია, მაგრამ იმედია, ტრავმის მორჩენის შემდეგ მასთან ინტენსიური ურთიერთობა მექნება.

- ახალი მთავარი მწვრთნელი “იუვენტუსსაც” ეყოლება. რამდენად კმაყოფილი ხართ ლუიჯი დელ ნერის დანიშვნით?

- ჩემი აზრით “იუვეს” ხელმძღვანელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. დელ ნერის უკვე ვესაუბრე, მაგრამ ერთობლივი მუშაობა კიდევ კარგა ხნის განმავლობაში არ მოგვიწევს.

- თქვენი ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა?

- დიახ და გადავწყვიტე ხერხემალზე ოპერაცია ჩავიტარო. მალების თიაქრის ოპერაცია საკმაოდ რთულია, ამიტომაც სარეაბილიტაციო პერიოდი კარგა ხანს გასტანს. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის და 2011 წლის იანვრიდან სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვიქნები. მსგავსი პრობლემა ალესანდრო ნესტას ჰქონდა. მას უკვე ვესაუბრე. სწორედ ალესანდრომ დამარწმუნა ქირურგიული ჩარევის აუცილებლობაში. 4 ივლისს “იუვენტუსის” სამედიცინო შტაბი და ჩემი პირადი ექიმი ოპერაციის თარიღს დაადგენენ.

- “ბებერ ქალბატონს” კვლავ თქვენს გარეშე მოუწევს ასპარეზობა...

- იანვრამდე ასე იქნება, მაგრამ გუნდის ქომაგებს ვთხოვ, ამაზე ნაკლებად იდარდონ. ალექს მანინგერს ადრეც არაერთხელ წარმატებით შევუცვლივარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ავსტრიელი მაღალი კლასის კიპერი რომაა. ამასთან, უკვე დიდად გამოცდილიც. თუმცა, ჩემს არყოფნაშიც მას პირველი მეკარეობა გარანტირებული სულაც არ ექნება – “იუვემ” ხომ ამ ზაფხულს ასევე გამოცდილი მარკო სტორარი (იგი 33 წლისაა-რედ) დაიმატა.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო