ავტორი:

"ბათუმში მცხოვრები მუსლიმი სალოცავად ხულოში ხომ ვერ ჩავა?!" - რა არგუმენტები აქვთ მეჩეთის მშენებლობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს

"ბათუმში მცხოვრები მუსლიმი სალოცავად ხულოში ხომ ვერ ჩავა?!" - რა არგუმენტები აქვთ მეჩეთის მშენებლობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს

"სოფლებიდან ნუ ჩამოგყავთ ხალხი მანქანებით და გეყოფათ ის მეჩეთი, რაც გაქვთ"; "ნუ გაავსებთ მეჩეთს თურქებით…" - ბათუმში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ქალაქში მეჩეთის აშენებას ამ არგუმენტებით ეწინააღმდეგება. საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა აჭარის უმაღლეს საბჭოშიც და მეჩეთის მშენებლობა შესაძლოა საბჭოში "განხეთქილების ვაშლადაც" იქცეს.

აჭარელი მუსლიმები მათთვის ახალი მეჩეთის აშენებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და საკითხზე სასაუბროდ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს - თორნიკე რიჟვაძეს უახლოეს მომავალში ესტუმრებიან.

2014 წლის მონაცემებით, ბათუმში 40 000-მდე მუსლიმი ცხოვრობს. მთლიანად აჭარაში კი მათი რიცხვი 200 ათას-ზე მეტია. 2017 წელს, მუსლიმმა მრევლმა გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ტერიტორია მონიშნა, სადაც პარასკევობით აღავლენენ ლოცვას. ადგილზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერიამ უარი იმ მოტივით თქვა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა.

დღეს ბათუმში მხოლოდ ერთი, მე-19 საუკუნეში აშენებული მეჩეთი ორთა-ჯამე მოქმედებს, რომელიც მუსლიმთა თემის წარმომადგენელთა თქმით, ლოცვაზე დასწრების მსურველთა ნახევარსაც ვერ იტევს. საქართველოს მუფთის ბეგლარ ქამაშიძის თქმით, მრევლს ქარსა თუ ავდარში გარეთ უწევს ლოცვა.

"ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება არის აუცილებელი! მუსლიმი მრევლი არსებულში ვერ ეტევა. ზამთარში, ავდარში გარეთ უწევთ ლოცვა. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ აშენდეს ახალი სამლოცველო, სადაც დაახლოებით 2 ათასი კაცი დაეტევა და კომფორტულად დაიწყებენ ლოცვას. ზოგადად აჭარაში 200 ათასამდე მუსლიმი ცხოვრობს.

ბათუმში არის ერთი მეჩეთი, მაგრამ როცა ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის 30-40% მუსლიმია, არსებულ მეჩეთში ვერ ეტევიან, არადა ლოცვა ყოველდღე გვიწევს. განსაკუთრებით გადატვირთულობაა პარასკეობით. ბათუმში მცხოვრები მუსლიმი სალოცავად ხულოში ხომ ვერ ჩავა?! ყველა ქართველები და ერთი ერის შვილები ვართ. მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა არსებობდეს. ეს პრობლემა წლები არ უნდა გაიწელოს, ჩვენ ყველა ერთი კუთხის შვილები ვართ“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ქამაშიძემ.

აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბათუმში მეჩეთი ქართული სახსრებით უნდა აშენდეს. მისივე თქმით, „სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ერთგვარი კონსესუსი საზოგადოებისთვის".

ბათუმის ახალი მეჩეთის პროექტი

„ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები დასასრულს უახლოვდება და როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმის მიხედვით იმოქმედებს სახელმწიფო, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში. ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, თუკი გადაწყდა მეჩეთის აშენება, ჩემი აზრით, ეს უნდა აშენდეს ქართული ფულით. სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები ახდენენ ამ სენსიტიური თემით სპეკულირებას" - აღნიშნა რიჟვაძემ.

ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა აჭარის უმაღლეს საბჭოშიც. საკითხს მწვავე რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელშიც.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე ახალი მეჩეთის აშენების აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი თქმით, არსებული მეჩეთი უნდა გაფართოვდეს და ამასთან დაკავშირებით არც ერთი მხარე განაწყენდება.

"ვფიქრობ, რომ არსებული მეჩეთის გაფართოება უნდა მოხდეს. ამ მიმართულებით ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯებიც კი გადადგა, ესაუბრა კერძო მესაკუთრეებს. ამიტომ, მე პირადად ისევ ამ აზრზე ვრჩები - მოხდეს სამლოცველო დარბაზის გაფართოება და მიეცეთ მათ ლოცვის საშუალება.

ვთვლი, რომ ეს არის სწორი მიდგომა და ამით გათვალისწინებული იქნებ, როგორც მუსლიმი მოსახლების უფლებები, ასევე იმ ხალხის, რომლებიც არგუმენტით თუ უარგუმენტოდ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბათუმში მეჩეთის აშენებას“ - გვითხრა ანანიძემ.

დეპუტატ პეტრე ზამბახიძის თქმით კი, მთავრობამ მუსლიმების კონსტიტუციური უფლება უნდა დაიცვას - შესაბამისად, მისი აზრით, ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთი უნდა აშენდეს.

„მეჩეთის აშენება-ა აშენების საკითხი კანონისა და კონსტიტუციის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. კონსტიტუციით კი დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო. ყველა ადამიანს აქვს რწმენის თავისუფლება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ყველა ადამიანის უფლებები დავიცვათ.

საინტერესოა, რა მოტივი აქვთ იმ ადამიანებს, ვინც ამას ეწინააღმდეგება. ჩვენ მათი უფლებები უნდა დავიცვათ, ამიტომ ხელოვნურად სხვადასხვა მექანიზმით პოლიტიკური ქულების დაწერისთვის, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებული თემები რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ეს არის მგრძნობიარე თემა, რომელსაც სჭირდება ღრმა დაფიქრება, სწორი ანალიზის გაკეთება და მოქმედება კონსტიტუციის შესაბამისად“ - გვითხრა ზამბახიძემ.

თითქმის ოცი წელია მუსლიმი მოსახლეობა ბათუმში მეჩეთის აშენებას ითხოვს. უკვე სამი წელია "ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი" მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით ხელმოწერებსა და თანხებს აგროვებს. შემოწირულობას მუსლიმი მრევლი პარასკევობით, ლოცვის დასრულების შემდეგ აგროვებს.

ფოტოები: ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი

"ნენეტოს ვერავინ ნახულობდა და ცოტა შეგვეშინდა... იყო სოციალური პრობლემებიც"  - რას ჰყვება ცნობილი მსახიობი, რომელმაც თვეების შვილისთვის სახლის თეატრი შექმნა

რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში