ლადო ვარძელაშვილი: "დავით ნამგალაური, სავარაუდოდ, ჩემი მოადგილე იქნება”

ლადო ვარძელაშვილი: "დავით ნამგალაური, სავარაუდოდ, ჩემი მოადგილე იქნება”

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტი ჩამოსცილდება და ცალკე სამინისტრო შეიქმნება.

აქედანვე ცნობილია, რომ ახალ სამინისტროს სათავეში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი ჩაუდგება. მიხეილ სააკაშვილმა იგი უკვე საზოგადოებასაც წარუდგინა. სავარაუდოდ, პარლამენტი წერტილს რამდენიმე დღეში დასვამს, იქამდე კი ვარძელაშვილი “მსოფლიო სპორტს” ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ ახალი სამინისტროს ჩამოყალიბებას?

- ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და ქართულ სპორტს მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება. აქამდე სპორტი კულტურასთან და ძეგლთა დაცვასთან იყო გაერთიანებული, ახლა კი დამოუკიდებლად იფუნქციონირებს. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში პრიორიტეტი სპორტი იქნება.

- ალბათ, უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, კონკრეტულად რაზე უნდა გამახვილდეს ძირითადი ყურადღება...

- მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ფედერაციების ხელშეწყობა. განსაკუთრებით იმ სახეობების, რომლებიც ამჟამად სხვებთან შედარებით ჩრდილში იმყოფებიან. თუნდაც, მძლეოსნობა და ტანვარჯიში ავიღოთ. აქტიურად ვიმუშავებ ფეხბურთთან მიმართებაშიც. ამ მხრივ, პირველ ყოვლისა მისახედი ბავშვთა ფეხბურთია, რომელიც კატასტროფულ დღეშია. ყველა ფედერაციის ხელმძღვანელობას შევხვდები და სწორ სტრატეგიას ერთად დავისახავთ. ამ სფეროში წლების განმავლობაში ვმუშაობდი და ფედერაციების ხელმძღვანელებსაც უკვე კარგად ვიცნობ.

- სპორტის დეპარტამენტი უქმდება. ახალი სამინისტრო ახალი სახეებით დაკომპლექტდება თუ დეპარტამენტის თანამშრომლებით?

- დეპარტამენტი საკმაოდ გამართულად მუშაობდა და აქედან გამომდინარე, სამინისტროს ახალი სახეებით დაკომპლექტების აუცილებლობასაც ვერ ვხედავ. ცვლილებებიც იქნება, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო.

- სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ნამგალაურს უკვე ესაუბრეთ?

- ჯერ არა. ამჟამად იგი საქართველოში არ იმყოფება. რომ დაბრუნდება, აუცილებლად დავილაპარაკებთ. სავარაუდოდ, ჩემი მოადგილე იქნება.

- სამინისტრო დეპარტამენტის ოფისში განთავსდება?

- დიახ.

- როდის გეგმავთ თანამშრომლებთან შეხვედრას?

- მას შემდეგ, რაც ჩემს უფლებამოსილებას პარლამენტი დაამტკიცებს.

- ეს როდის მოხდება?

- ალბათ, შუა კვირაში. შემდეგ კი თანამშრომლებსაც შევხვდები და სპეციალურ პრესკონფერენციასაც ჩავატარებ, სპორტულ ჟურნალისტთა გასაცნობად.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო