ავტორი:

"მის გარეშე დღეს თითქმის აღარ ვმღერი..." - ნანი ბრეგვაძის ისტორიული კონცერტი "ბლექ სი არენაზე"

"მის გარეშე დღეს თითქმის აღარ ვმღერი..." - ნანი ბრეგვაძის ისტორიული კონცერტი "ბლექ სი არენაზე"

16 აგვისტოს "Check in Georgia" და "ბლექ სი არენა" ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის ისტორიულ კონცერტზე გვიწვევს.

სპეციალური სტუმრის სტატუსით მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე, "გრემის" მფლობელი, მუსიკოსი კრის ბოტი წარდგება. ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სოლისტებთან ერთად, ყველასთვის ცნობილ და საყვარელ მელოდიებზე ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ ორიგინალურ საორკესტრო ვერსიებს შემოგვთავაზებს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა. შესრულდება შედევრები, რომელთაც ნანი ბრეგვაძეს XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები უძღვნიდნენ. ქართული სცენის დედოფლისთვის სასიმღერო ტექსტებს ქმნიდნენ მორის ფოცხიშვილი, პეტრე გრუზინსკი.

16 აგვისტოს ნანი ბრეგვაძის ცხოვრების გზას ეკა მამალაძესთან, ნატალია ქუთათელაძესთან, ნინო ქათამაძესთან, სტეფანე მღებრიშვილთან და კრის ბოტისთან ერთად გაივლის მაყურებელი...

ნანი ბრეგვაძემ ჩვენთან საუბარში ნიკა რაჭველთან პარტნიორობისა და მათი პირველი შეხვედრის ისტორია გაიხსენა:

"ნიკას გარეშე არაფერი გამოდის... წლების წინ კი ყველაფერი ასე დაიწყო: ჩემთან მოვიდა ადამიანი და მითხრა, რომ არის პატარა, 14 წლის ბიჭი, რომელსაც შენი გაცნობა უნდა. ამბობს, ნეტავ, ოდესმე მეღირსება, აკომპონიმენტი გავუკეთო ნანი ბრეგვაძესო... მოკლედ, მომიყვანეს ბიჭი, რომელიც ძალიან საყვარელი აღმოჩნდა, დაჯდა და დაუკრა, ნამდვილად მომეწონა...

მოკლედ, ისე მომეწონა, რომ მის გარეშე დღეს თითქმის აღარ ვმღერი, ანუ სადაც ნიკა არ უკრავს და არ დირიჟორობს, მე იქ არ ვარ. საოცარია, ისე უკრავს, რომ მას მივყვები და ყოველ ჯერზე ახალი სიმღერასავით გამოდის. ნიკა ჩემთვის დიდი მუსიკოსია! ამ კონცერტის წინ კი ძალიან ვღელავ, ამხელა არენაზე არასდროს გამოვსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ 5000-იანი დარბაზების სცენაზე ვყოფილვარ. ამიტომ, ყველანი ერთად, დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით ვემზადებით მაყურებელთან შესახვედრად.

ანი კავლელიშვილი, "ბლექ სი არენას" დირექტირი:

"მესამე წელია, "Check in Georgia"-ს ფარგლებში "ბლექ სი არენას" დიდი სურვილი გვქონდა, ჩვენს მაყურებელს სინთეზური კონცერტები ეხილა, სადაც ქართველი ვარსკვლავები უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად დადგებოდნენ სცენაზე. ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში, ქალბატონ ნანის თხოვნით მივმართავდით, ყოფილიყო ჩვენი სტუმარი და ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შემდგარიყო. წელს ჩვენ შორის ეს მოლაპარაკება შედგა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ველოდებით სპეციალურ სტუმარს, რომელიც ქალბატონი ნანისთვის, ამერიკიდან ჩამოფრინდება - კრის ბოტი, ყველასთვის საყვარელი ამერიკელი მესაყვირე. დიდი იმედი მაქვს, რომ საკურორტო სეზონზე ეს ღონისძიება დაუვიწყარი იქნება ტურისტებისთვისაც და მათ საკურორტო განწყობას მთლიანად შეცვლის".

ნიკოლოზ რაჭველი, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი:

"ჩემთვის ყოველთვის და ყველგან მნიშვნელოვანია, როდესაც ნანი ბრეგვაძეს აკომპონიმენტს ვუკეთებ. თითქოს ამ დროს საკუთარ თავში იმ მუსიკალური დინასტიის გამგრძელებელს ვგრძნობ, რომლის წევრები იყვნენ ისეთი დიდი მოღვაწეები, როგორებიც არიან: არჩილ კერესელიძე, რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი, გოგი ცაბაძე, მარიკა კვალიაშვილი, ნუნუ გაბუნია... ადამიანები, რომლებმაც ქართულ სასიმღერო მუსიკის ისტორიაში შედევრები შექმნეს. შედევრის შექმნას მხოლოდ ნიჭი არ შველის, მას მუზა სჭირდება. ამ გენიოსებისთვის ნანი ბრეგვაძე იყო მუზა!

ამიტომ ნანი ბრეგვაძის ისტორიული მნიშვნელობა არა მარტო მისი უმაღლესი რანგის სიმღერაა, არამედ ის, რომ კომპოზიტორებს შთაგონებას აძლევდა, დაეწერათ ბრწყინვალე ნაწარმოებები... ჩვენი კონცერტი კი სწორედ მადლიერების გამოხატვაა, იმ დიდი ადამიანების მიმართ და არა მარტო კომპოზიტორების, ბრწყინვალე პოეზიის ავტორების მიმართ, რომლებიც ამ სიმღერების ტექსტებს ქმნიდნენ. მათგან ბევრი ცოცხალი აღარ არის. კონცერტზე ყველას სახელი და მუსიკა ახლებური არანჟირებით, გაორკესტრებით, ინტერპრეტაციით, ფრაზებით, ხასიათებით გაიჟღერებს.

კონცერტის მნიშვნელოვანი ნაწილი კრის ბოტია, რომელთანაც შემოქმედებითი პარტნიორობა მოხდა, ინიციატივა მისგან მოდიოდა, ის ნანი ბრეგვაძის დიდი თაყვანისმცემელია, იცნობს მის შემოქმედებას და რაც მთავარია, მის შემოქმედებით საღამოზე ქალბატონი ნანი ბრეგვაძის სამშობლოში ჩამოდის. ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, ისე დაგვთანხმდა. ასე რომ, მრავალფეროვანი, სასიამოვნო და დაუვიწყარი კონცერტის სამზადისში ვართ".

თეონა ჯორბენაძე, პროდიუსერი:

"მინდა, გავიხსენო საღამო, როდესაც კრის ბოტი ნანი ბრეგვაძით დაინტერესდა... 2014 წელს მთაწმინდაზე ქალბატონმა ნანიმ შეასრულა სიმღერა, რომლის მოსმენის შემდეგ, ბოტიმ დაგვიძახა და გვკითხა - ეს ქალი ვინ არის? ვუთხარით, რომ ჩვენი ლეგენდა და ღირსება - ნანი ბრეგვაძეა. არაფერი მინდა, გარდა იმის, რომ ვიცოდე, მაქვს თუ არა შანსი, ეს ქალბატონი ჩემთან ერთად სცენაზე იდგესო. შემდეგ თვითონ მივიდა და სთხოვა, ნანი დაითანხმა და ბოტიც მთელი ღამე, სოლო კონცერტის წინ, რეპეტიციობდა, გოგი ცაბაძის ნაწარმოებს სწავლობდა.

ჩვენი კონცერტის სლოგანია - "ნანი სცენის დედოფალი, დიდი ავტორების შთაგონება". ამ ყველაფერზე დიდი და კარგი გუნდი მუშაობს. ეს იქნება ისტორიული საღამო.

მარინა ბერიძე, პროდიუსერი:

"მინდა ნიკა რაჭველისა და ნანის შემოქმედებითი კავშირის დასაწყისი გავიხსენო: სრულიად ახალგაზრდა ბიჭმა, ბევრი წლის წინ ხელი მოკიდა და გააკეთა ნანის კონცერტი, ეს იყო ვარსკვლავის გახსნა, რაც გამოვტყდები, ჩემი ავანტიურა იყო. აქედან დაიწყო ალბათ ნიკას შემოქმედებითი ურთიერთობა ნანისთან. ნანი პირველივე ნაბიჯებიდან ენდო და აჰყვა სრულიად პატარა, 20 წლის ბიჭს. მას მერე ბევრმა კონცერტმა ჩაიარა და არ მახსოვს, ერთი კონცერტი, რომელიც წინას გავდეს, რისი თავი და თავი ნანია! საკმარისია, სრულად ახალი იდეა შევთავაზოთ, ისე აიტაცებს, ისე წამოგყვება, გაგაოცებს. საერთოდ, ასეთი ტანდემი როგორიც ნიკა და ნანია, მეორე არ მინახავს..."

ფოტოები: ილია ბაბურაშვილი

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"