საგამოძიებო სამსახური ჭუბერსა და ხაიშში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს - მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა ჩვენი ავტომობილი...

საგამოძიებო სამსახური ჭუბერსა და ხაიშში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს - მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა ჩვენი ავტომობილი...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმის მობილიზების საჭიროება გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ელგანდაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით. ბოლო პერიოდში, გაიზარდა ხე-ტყის უკანონოდ ჭრის შემთხვევები, შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა. ა.წ 26 ივლისიდან, საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად დაიწყო იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო სოფლებში: ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, რის გამოც, ხსენებულ სოფლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება, რომლის კანონით დაკისრებული უშუალო ფუნქცია-მოვალეობაა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. აღნიშნული საჭიროება გამოიწვია იმან, რომ სოფელ ჭუბერისა და ხაიშის ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხელშეშლის მიზნით, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - განაცხადა გიორგი ელგანდაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში, ასევე, დამატებით გამოვლენილ იქნა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 20 საამქრო. ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ამასთან, ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების თანამშრომლების მიერ, ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე-ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე მიმდინარეობს ინვენტარიზაცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.

„და ბოლოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვლავაც ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს და შეასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს და გამოავლენს და აღკვეთს ხე-ტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტებს. კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩართულია აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ან ხელს აფარებს ამ დანაშაულს“, - დასძინა გიორგი ელგანდაშვილმა.

სპეცრაზმი ხაიშში დილიდან არ გამოჩენილა, არც დაშავებულები არიან, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ადგილზე შსს-ს დანაყოფების მობილიზება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის ხდება.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახორციელებს კანონიერ მოქმედებებს, რომელსაც ხელს უშლის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი. სწორედ ამის გამო არის შსს-ს გარკვეული დანაყოფები ადგილზე, რომ არ მოხდეს რაიმე ექსცესი.

არანაირი სპეცრაზმი აქ დილას არ გამოჩენილა. ეს არის ცრუ ინფორმაცია. არც დაშავებულები არიან. ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს. გადასული ვართ მოლაპარაკების რეჟიმში მოსახლეობასთან და ვთავაზობთ, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გავიდეს ტერიტორიიდან და ჩადგეს პროცესი კალაპოტში“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი რაიმე გადაცდომა იყო რომელიმე მხრიდან, გენინსპექცია მასზე მოკვლევას დაიწყებს და იქნება სათანადო რეაგირება.

„სახლში არავის შევარდნიან. შევიდნენ უკანონოდ ფუნქციონირებად სახერხებში. უკანონოდ რომელიც ფუნქციონირებს, იქ განხორციელდება კანონის შესაბამისი მოქმედებები“, - აღნიშნა შსს-ს გენინსპექციის უფროსმა.

რაც შეეხება ადგილობრივებთან მოლაპარაკებას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განმარტებით, პირველი რიგის ამოცანაა, გაიხსნას გზა და დამსვენებლებს ჰქონდეთ მიმოსვლის საშუალება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები