რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ამერიკამ მხარი ღიად კიდევ ერთხელ დაუჭირა, შესაბამისად, რუსეთი დარწმუნებულია, რომ სექტემბრის ბოლოს მსო-ს წევრი გახდება. ოფიციალური თბილისის პოზიცია კი უცვლელი რჩება, უფრო მეტიც, დღეს საქართველოს მოთხოვნები რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა - საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი კონტროლი, ემბარგოს მოხსნა, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. სპეციალისტების შეფასებით, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე რუსეთი მსო-ს წევრი ვერ გახდება, ვინაიდან საქართველო მხარს არ დაუჭერს.
ამერიკა რუსეთს შეჰპირდა, რომ მას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის ხელს შეუწყობს. "აშშ ხელს შეწყობს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესის უახლოეს მომავალში დასრულებას. თავის მხრივ, რუსეთი სამთავრობო დონეზე მთელი ძალისხმევით დააჩქარებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი პროცედურების მიღებას", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
მისი განცხადებით, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს, რომელშიც გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. "რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს. ეს ხელსაყრელია რუსეთისთვის, ეს ხელსაყრელია აშშ-სთვის, ეს ხელსაყრელია ყველასთვის", - განაცხადა ობამამ აშშ-ს სავაჭრო პალატაში სიტყვით გამოსვლისას.
თავის მხრივ, დიმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთი მსო-ში გაწევრიანებას მომდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის ვარაუდობს.
საქართველო კი რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას ისევ ეწინააღმდეგება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ზურაბ ალავიძის თქმით, საქართველო რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუჭერს. ქართული მხარის მოთხოვნა კი საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გაკონტროლება და ემბარგოს მოხსნაა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება მზად რუსეთთან ამომწურავი დიალოგის წარმოებისათვის, თუმცა საქართველოს თავისი მოთხოვნები აქვს.
რუსეთში ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად უკვე საქართველოს ფაქტორს საერთოდ გამორიცხავენ. კრემლში ამტკიცებენ, რომ საქართველოს აღარ აქვს უფლება, რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ვეტო დაადოს.
ამასწინათ, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა დარწმუნებით განაცხადა, რომ მსო-ში გაწევრიანების 14-წლიანი ეპოპეა დასრულდება. ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად მედვედევ-ობამას შეხვედრამდე ნიადაგი ამერიკაში სწორედ მან მოამზადა.
ცნობილია, რომ რუსეთი მსო-ში შესვლას რუსეთ-ყაზახეთი-ბელორუსიის საბაჟო კავშირის მეშვეობით აპირებს. იგი კარგა ხანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ფორმატში, მაგრამ თანდათან გამოიკვეთა, რომ მსო-ს რამდენიმე წევრ-ქვეყანას ასეთი ფორმატი სულაც არ ხიბლავს. უარყოფითი პოზიცია განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ყირგიზეთში პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ჩამოაგდეს.
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგ მხოლოდ საქართველო გამოდის, მაგრამ, როგორც რუსი ექსპერტები აცხადებენ, საქართველო აღარ შედის იმ სამუშაო ჯგუფში, რომელმაც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას უნდა დაუჭიროს მხარი. ამიტომაც მოსკოვში ეიმედებათ, რომ საქართველო ვეღარ შეძლებს თავისი პოზიციის დაცვას და რუსეთის კანდიდატურის დაბლოკვას.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, მსო-ში რომელიმე ქვეყნის გაწევრიანებას ორგანიზაციის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი, მათ შორის საქართველომაც. მისი თქმით, ორგანიზაციაში არანაირი ცალკე ჯგუფი არ არსებობს, რომელიც ამ საკითხს წყვეტს.
"რუსეთი მსო-ს წევრი ვერ გახდება, ვინაიდან მის გაწევრიანებას საქართველო მხარს არ დაუჭერს, მანამდე, სანამ რუსეთი ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს. უკვე 10 წელია, საქართველო მსო-ს წევრია, ჩვენი გადაწყვეტილების გარეშე რუსეთი ამ ორგანიზაციაში ვერ მოხვდება", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში თამარ ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებას 1993 წლიდან ცდილობს. მსო თავის რიგებში მსოფლიოს 150 სახელმწიფოს აერთიანებს.
მაკა ხარაზიშვილი