ავტორი:

"არ გააკეთოთ რემონტი ერთხელ და "საშვილიშვილოდ" - დიზაინერის რჩევები მათ, ვინც ინტერიერის განახლებას აპირებს

"არ გააკეთოთ რემონტი ერთხელ და "საშვილიშვილოდ" - დიზაინერის რჩევები მათ, ვინც ინტერიერის განახლებას აპირებს

ბოლო დროს სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც საკუთარი სახლის ინტერიერის დაგეგმვა-მოწყობას, ინტერიერის დიზაინერს ანდობს. როგორია ბინის ინტერიერის თანამედროვე დიზაინის მოთხოვნები და რას ითხოვს ქართველი კლიენტი - ამაზე პეპილოტ/პეპი (სოფიო ტუსიშვილი) გვიამბობს, რომელიც ინტერიერის დიზაინერია და ამ მიმართულებით აქტიურად, სიამოვნებით მუშაობს.

- ყველა დამკვეთი, როგორც წესი, დიზაინერისგან უნდა ითხოვდეს მისი აზრების გენერირებას, მისი თვალით აღქმას, მისთვის სასურველი გარემოს დიზაინერის გამოცდილებითა და ოსტატობით შექმნას.

როგორ წესი, ჩემი დამკვეთები ჩემგან ითხოვენ, მათი ცხოვრების შინაგანი სიფერადე გარეთ გამოვიტანო, მათ მაგივრად გავრისკო, მათი სურვილები ხმამაღლა გავაჟღერო. ყველა ჩემი დამკვეთი ჩემთან ჩემი ხელწერისთვის მოდის და რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივდება ყველა საქმე, თუ ყველაფერს თავისი სახელი ქვია.

ყოფილა შემთხვევები, თავიდან სხვა მუხტით დაგვიწყია და ბოლოს ტიპური ერთფეროვნებით დაგვიმთავრებია. ეს ჩემთვის ყოველთვის მოსაწყენია, როგორც პიროვნულად, ისე შემოქმედებითად თუ ვერაფერ საინტერესოს ვერ ვიღებ პროექტიდან, ვცდილობ, თავი ავარიდო ხოლმე სტანდარტულ შემთხვევებს" - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.

- როდესაც კლიენტი არ გეთანხმებათ, როგორია ასეთ დროს დიზაინერის პოზიცია?

- თითოეულ პიროვნებას, ამ შემთხვევაში კი დიზაინერს, აქვს თავისი ხელწერა, მახასიათებელი ნიშნები, უბრალოდ, ვერასდროს გავაკეთებ იმას ძალით, რაც სიამოვნებას არ მომანიჭებს, თავად დამკვეთი უნდა იყოს გახსნილი და მაქსიმალურად ცდილობდეს, გადმოგცეს, თუ რას ელის შენგან, რა უნდა და რატომ... როდესაც კომუნიკაცია შედგება, ყველა დიზაინერი სავარაუდოდ, ცოტა ხნით, იმ ადამიანის გადმოსახედიდან აზროვნებს, მხოლოდ მის ბინაზე ფიქრობს და ყველას და ყველაფერს პროექტს უკავშირებს, სანამ არ შეიქმნება, მზა მოდელი.

როგორც წესი, დიზაინერის რჩევებს ითვალისწინებს ყველა ის ადამიანი, ვინც იაზრებს, რომ ამ საქმეში გამოცდილი ადამიანი გაცილებით მეტ სასარგებლო რჩევას მისცემს, მეტად თამამად წარმოუდგენს დეტალებს, რაც მთავარია, მისცემს ისეთ რჩევებს, რაც დაეხმარება ბევრ ფაქტორზე იზრუნოს სამომავლოდაც.

- ალბათ აჩემებული კლიენტებიც არსებობენ - "მე ასეთი მინდა, იმიტომ, რომ ჩემს ახლობელს აქვს"...

- ჩემ შემთხვევაში, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რაღაც დეტალი აქვთ ნანახი სადღაც და მისი გადმოტანა უნდათ, მაგრამ ეშინიათ. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, დავრწმუნდე, რომ დროებითი აჩემება არ არის, სხვადასხვა კუთხიდან ვამოწმებ და მხოლოდ მას მერე ვცდილობ, მის სადღაც პატარა დეტალად გამოყენებას. დიახ, მხოლოდ მას მერე, რაც დავრწმუნდები, რომ დროთა განმავლობაში არ ინანებს, არ მობეზრდება, ან უკმაყოფილო არ იქნება საკუთარი გადაწყვეტილებით.

ყველაზე მეტად გავრცელებულია სამწუხაროდ საქართველოში - "მეზობელთან ვნახე", "მეგობარმა გააკეთა" და ა.შ. მაგრამ ბოლო დროს როგორც იქნა, გაუჩნდა ხალხს საკუთარი სურვილების უფრო ხმამაღლა გამოხატვის უნარიც, იმატა ფერებმა და თამამმა გადაწყვეტებმა. აღარ აკეთებენ ერთხელ და სამუდამოდ, თითქოს უფრო პრაქტიკულები გავხდით და უფრო ლაღები... ვფიქრობ, ამ ყველაფერმა მაინც თაობის ზრდის მიხედვით იმატა და სულ უფრო და უფრო სწრაფად ვვითარდებით...

- მინიმალისტური და მაქსიმალისტური დიზაინი - რით განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს ყველაფერი თანხაზე თუ აისახება?

- ზოგადად, სტილი ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება და თან, თავის თავშიც სხვადასხვა სტილის ელემენტსაც მოიცავს. როგორც წესი, ხშირად ჩვენ ვარქმევთ ხოლმე არასწორ სახელებს ამა თუ იმ გადაწყვეტას, რასაც მაგალითად, ვეძახით მინიმალისტურს - დავაცარიელებთ ხოლმე ოთახებს და ორ ფერში ვწყვეტთ ძირითად აქცენტებს... მინიმალიზმი გაცილებით ღრმა მიმდინარეობაა და გაცილებით სხვა სპეციფიკით გამოიხატება, ვიდრე აღვიქვამთ ან ჩანს.

როგორც მაქსიმალიზმი დიზაინში - ეს უბრალოდ ბევრი ნივთის ერთიანობას არ ნიშნავს, უფრო ნიშნავს სწორი რაოდენობის ნივთების ერთ სივრცეში განთავსებას. დიზაინში მთავარია სივრცე, ბალანსი და ინდივიდუალიზმი - ამ კომპონენტებს მოჰყავს ყველაფერი ჰარმონიაში.

- ბოლო დროს თითქოს ხალიჩები შემოვიდა ინტერიერის გასალამაზებლად. თავად რამდენად მოგწონთ ეს ელემენტი დიზაინზე მუშაობისას და რამდენად იყენებთ?

- ხალიჩები, ფარდაგები, ბევრი დეკორატიული დეტალი გახდა კვლავ აქტუალური, ბუნებრივი მასალები, მოწნული ავეჯი, ფერადი მინები, ნატურალური ქსოვილები, ფიგურები, ქანდაკებები, გეომეტრიული შტრიხები, ფერადი, ჭრელი შპალერი. მოდა ყოველთვის ახალი სიცოცხლით გვიბრუნებს კარგად დავიწყებულ დეტალებსაც კი. მე პირადად ხშირად ვიყენებ დიზაინში, სრულებით სხვა აქცენტი შემოაქვს, ასევე ფაქტურა და რაც მთავარია, სიმყუდროვის განცდას ქმნის, ჩემთვის გაცილებით კომფორტულია სახლი, სადაც იატაკზე თუნდაც მცირე ზომის ხალიჩაა და თან, პრაქტიკულიც გახდა მისი მოხმარება, აღარ საჭიროებს თანამედროვე ხალიჩა ზარ-ზეიმების მოწყობით რეცხვას. ხშირად მსგავსი დეტალები დროსთან ერთად იხვეწება, ხდება პრაქტიკული, რაც შემდგომ აბრუნებს უკან ჩვენს სივრცეებში.

- თქვენი დაკვირვებით, როგორია თანამედროვე ქართველების გემოვნება? შეესაბამება თუ არა თამამედროვე ტენდენციებს?

- ქართველები ძალიან დახვეწილი გემოვნების მქონენი ვართ, კარგად ვიცავთ ბალანსებს, კარგად ვითვისებთ ტენდენციებს, ვართ პრაქტიკულები, თამამები, ჩვენი ხასიათი ხშირად ჩანს დიზაინის ელემენტებში...

- რა რჩევების მიცმა შეიძლება მკითხველისთვის - როგორ მოიქცნენ, თუ ვთქვათ, ინტერიერის დიზაინერის დაქირავების საშუალება არ აქვს, სახლი რის მიხედვით და როგორ მოაწყონ?

- ჩემი უმთავრესი რჩევა იქნებოდა, მოაწყონ საკუთარი სივრცეები - საკუთარი თავისთვის, უახლოესი ადამიანების მიხედვით, ვისთან ერთადაც ცხოვრობენ, გაითვალისწინონ განწყობები, ემოციური მხარეები, ეცადონ, საკუთარი ღია სივრცე დაუტოვონ ყველა ოჯახის წევრს, უფრო მეტად - ბავშვებს.

არ გააკეთონ ერთხელ და „საშვილიშვილოდ“, სიახლეებით იცხოვრონ, მოხატონ კედლები, სადარბაზოები, სახლის კარი, აბაზანის ჭერი, გაეცნონ ბლოგებს, სტატიებს, რჩევებს... არასდროს შეუშინდნენ ცვლილებებს და სიახლეებს, ეცადონ, საკუთარი ხელით ცვლილებების შეტანა, დაიხვეწა ტექნოლოგიები და გაჩნდა უამრავი მასალა, რომელიც ყველა ადამიანს შეუძლია მარტივად გამოიყენოს.

და რაც მთავარია! ვურჩევ ძველ ნივთებს არ შეელიონ მარტივად და ეცადონ, თუნდაც მათ რესტავრირებას, ფერის შეცვლას, სტრუქტურის, შესაძლოა ფუნქციის შეცვლას... და ახალი სიცოცხლით მისი გამოყენება შეეძლებათ. მათ, ვისაც გაცილებით მეტი უნდა რომ შეცვალოს მის გარემოში, ვურჩევ დაინტერესდეს ტექნიკური მხარის შესწავლით, ისწავლოს, როგორ უნდა ააშენოს სახლი, სადაც ის თავად იცხოვრებდა.

ბიძინა ივანიშვილის რძალი სამხრეთ კორეაში დასთან და შვილთან ერთად მოგზაურობს (ფოტოები)

"ერთი თვის წინ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სავარაუდოდ დამალა" - ვინ არის 28 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

"ვნერვიულობდი, ბავშვი რომ სახლში არ მოდიოდა" - 10 წლის ბიჭი, რომელსაც გზა აებნა, პატრულმა სახლში დააბრუნა