ვინ შეასრულებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას

ვინ შეასრულებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას

დღეს დილიდან გავრცელდა განცხადება, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ჩემთვის ეს განცხადება იყო სამწუხარო და მოულოდნელი. მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ქალბატონ ნინოს, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნინო გვენეტაძეს და პირადად მას გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ, თუმცა ბოლო დროს მათი ხედვები მნიშვნელოვნად დაახლოვდა.კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საბჭოს მხრიდან ზეწოლის საკითხს, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ მიმდინარე მოვლენები და პოლიტიკით დაიტვირთოს სასამართლოს სისტემა.

„ეს ნამდვილად არ არის ასე. იცით, საბჭოს სხდომებიდანაც, რომ გარკვეულ თემებზე გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენი ხედვები მაქსიმალურად დაახლოებული იყო. ჩვენ გადასული ვიყავით საქმიანობის კონსტრუქციულ რეჟიმში. ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებიც ამაზე მეტყველებს, რომ თითქმის ერთსულოვნად იყო საბჭო ყველა საკითხის მიმართ განწყობილი. ეს აგრეთვე დადასტურდა სტრატეგიის შესრულების წლიური ანგარიშის მიხედვით და თუ არ ვცდები, თავმჯდომარემაც გააკეთა ამაზე კომენტარი", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება პროცედურებს, გიორგი მიქაუტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს ნინო გვენეტაძის პირველი მოადგილე მზია თოდუა. მისი თქმით, ის არის სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და ამავდროულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ის ასრულებს მოვალეობას.

რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, ამ ფუნქციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი, გიორგი მიქაუტაძე შეასრულებს.შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები