საქართველოში რუსეთის მიერ ძებნილი რუსეთის საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი დააკავეს. კერძოდ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ნიჟნი ნოვგოროდის სამმართველოს ინფორმაციით, საქართველოში ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ტერიტორიაზე თაღლითობასა და ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი რუსეთის მიერ ძებნილი პირი, ადგილობრივი მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრ გლუშკოვი დააკავეს.
„2018 წლის 5 აგვისტოს საგამოძიებო კომიტეტის მიერ ინტერპოლში გადაცემული მასალების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ალექსანდრ გლუშკოვი, რომელიც ქალაქ ბალახნაში ავტოსადგურის რეკონსტრუქციის დროს თაღლითობაში და ქრთამის აღებაში არის ბრალდებული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს საქართველოში ალექსანდრ გლუშკოვის ძმა, ასევე საერთაშორისო ძებნაში მყოფი ვლადიმერ გლუშკოვი დააკავეს. ამჟამად რუსეთის გენერალური პროკურატურა ძმები გლუშკოვების ექსტრადირებისა და რუსეთის ტერიტორიაზე პასუხისგებაში მიცემის საკითხებზე მუშაობს.