აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ - ფოტოები

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ - ფოტოები

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე თბილისს პოლონეთის (იაცეკ ჩაპუტოვიჩი), ლიეტუვას (ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი), ლატვიის (ედგარს რინკევიჩსი) საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი (პავლო როზენკო) ეწვივნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ვიზიტი მათი მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერისა და მეგობრობის გამოხატულებაა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილული იქნება ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ამ მიმართულებით.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მიმართავენ.

საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის 10 წლისთავზე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა ვიზიტი ლიეტუვას და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

ჩვენ აქ მოვედით ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, უკრაინის ვიცე-პრემიერთან ერთად, რათა აღვნიშნოთ ჩვენი პრეზიდენტის, ლატვიის პრემიერ-მინისტრის აქ ჩამოსვლის 10 წლისთავი, როდესაც მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ქართველ ერს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა.

„ჩვენი პრეზიდენტი აქ იყო ჩამოსული, რათა სოლიდარობა გამოეჩინა და შეეჩერებინა რუსი ჯარისკაცები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემა გადაჭრილი არ არის. ქვეყანა კვლავ გახლეჩილია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით თქვენ შეძლებთ დამოუკიდებელი, სუვერენული და ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნებას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველი ხალხის, მთავრობისა და ხელისუფლების ძალისხმევას. ასევე ვაფასებთ იმას, რომ საქართველო თავის ჯარისკაცებს აგზავნის ნატო-ს მისიებში. ჩვენ კმაყოფილნი ვართ ნატო-ს სამიტის დეკლარაციით, რომელიც ღიად ტოვებს კარებს საქართველოსა და უკრაინისთვის. პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის სიტყვები მახსოვს, რომელმაც თქვა, რომ ჯერ საქართველო, მერე უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდგომ შესაძლოა პოლონეთი გახდეს რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. ამ წინადადების ერთი ნაწილი ახდა. რამდენიმე კვირის წინ აშშ, პოლონეთმა და სხვა ქვეყნებმა განცხადება გააკეთეს, რომ ყირიმის რუსეთის მიერ ანექსია მიუღებელია. ეს ძალიან მკაფიო სიგნალია იმისა, რომ დასავლური სამყაროსთვის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მიუღებელია“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები