ავტორი:

"საქართველოზე ყვებოდა და ტიროდა..." - ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა და საქართველოში შთამომავლები ჩამოიყვანა

"საქართველოზე ყვებოდა და ტიროდა..." - ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა და საქართველოში შთამომავლები ჩამოიყვანა

ცოტა ხნის წინ ერთ ქართველ ემიგრანტზე - პართენ ჩიკვილაძეზე გიამბეთ, რომელიც 1913 წელს, სრულიად ახალგაზრდა, 14 წლის ასაკში რაჭიდან ამერიკაში აღმოჩნდა, სადაც წლების შემდეგ პიტერ ჩიგლო გახდა. მას მერე საკუთარი ქვეყანა აღარ უნახავს, რასაც მთელი ცხოვრება მწარედ განიცდიდა. მან ამერიკელ ქალბატონზე იქორწინა, რომელთანაც 10 შვილი შეეძინა.

ახლა სწორედ ამ თემას ვაგრძელებთ და გიამბობთ ქალზე, რომელმაც მამამთილისთვის - პართენ ჩიკვილაძისთვის მიცემული პირობა, რომ საქართველოში თავისი მონაგარით - შვილებით და შვილიშვილებით აუცილებლად ჩავიდოდა, უკვე მესამედ შეასრულა. ბარბარა დოდსონი ახლაც საქართველოში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად იმყოფება. AMBEBI.GE მათ ქართველი ნათესავების დახმარებით შეხვდა და უკვე მათგან მოვისმინეთ ისტორია, რომლითაც ცოტა ხნის წინ დავინტერესდით და რომლის გარშემოც ბევრი კითხვა გაგვიჩნდა. ქალბატონმა ბარბარამ ყველა კითხვას გულწრფელად, ხალისითა და ემოციურად - ცრემლებითაც კი უპასუხა.

ბარბარას თქმით, მისი მამამთილის - პართენ ჩიკვილაძის ისტორია ამერიკაში ასე დაწყებულა: მშობლები გარდაცვლია, რის გამოც, რაჭაში ვეღარ გაჩერდა და ამერიკაში ბიძაშვილთან ერთად, 14 წლისა წავიდა. თავიდან ალასკაზე, ოქროს საბადოში მუშაობდა, სადაც ქართველები გაუცნია და მათთან ერთად სიეტლში წასულა. იქ კაზინოში თამაშობდა და მოგებული თანხით ცხოვრობდა, წარმატებული მოთამაშე ყოფილა... მერე სამშენებლო კომპანიაში დაუწყია მუშაობა და ამისთვის მინესოტაში გადასულა, სადაც მომავალი მეუღლე გაიცნო.

პართენმა 29 წლის ასაკში იქორწინა 18 წლის გოგონაზე, რომელიც 5-შვილიანი ფერმერის ოჯახიდან იყო. ოჯახის შექმნის შემდეგ, მაღაზია და პაბი უყიდია, მოჰყავდა თამბაქო და თამბაქოს დიდი მწარმოებელიც კი გამხდარა. ცოლ-ქმარს 10 შვილი შეეძინათ. ბარბარა ამბობს, რომ მისი მეუღლე ჯერი, პართენის ბოლო შვილი იყო, ყველაზე უმცროსი.

"როდესაც მათი რძალი გავხდი, ჩემმა მამამთილმა გვერდით დამისვა, საქართველოზე მომიყვა და თან ტიროდა. რაც ყველაზე მეტად ადარდებდა ის იყო, რომ თავისი ოჯახი ვერასდროს ვეღარ ნახა... მართლა ძალიან უყვარდა ქვეყანა, სადაც დაიბადა. ენატრებოდა და ხშირად ამის გამო ტიროდა. ქართულად გამართულად ვეღარ ლაპარაკობდა, რადგანაც ქართველები შემოეცალნენ და ქართულენოვანს ვერავის ეკონტაქტებოდა.

ინგლისური ცოლმა ასწავლა, მაგრამ როგორც თქვენ ლაპარაკობთ ახლა ინგლისურად, დამახასიათებელი აქცენტით, ისიც ასე ლაპარაკობდა. ხშირად ამბობდა სიტყვას "ოპა". არ ვიცოდით და ვერ ვხვდებოდით, რას ნიშნავდა. ამას მაშინ ამბობდა, როცა რაღაც გაუხარდებოდა... ასევე საუბარში იყენებდა სიტყვას "მართლა" და ამასაც ვერ ვხსნიდით", - იხსენებს ბარბარა.

პართენ ჩიკვილაძე რძლისა და შვილიშვილების მეხსიერებას შემორჩა, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, ოჯახის მოსიყვარულე. სანამ ბარბარა მისი რძალი გახდებოდა, 55 შვილიშვილი ჰყავდა, ბარბარას და მის მეუღლეს, ჯერის ერთად 4 გაუჩნდათ.

"როგორც ქართველებმა იციან, რომ დაგვინახავდა, მაშინვე სუფრას შლიდა და ყველას მაგიდის გარშემო გვაგროვებდა... საკმაოდ მოხუცი იყო, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ტიროდა, განიცდიდა იმას, რომ საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ შეძლებდა... 76 წლის გარდაიცვალა. მას დავპირდი, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვიდოდი და მის სამშობლოს ვნახავდი. ეს ჩემს ერთგვარ მიზნად დავისახე", - გვიყვება ბარბარა.

- იმ რთულ პერიოდში, 1979 წელს, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, როგორ შეძელით პირველად აქ ჩამოსვლა?

- მიუხედავად იმისა, რომ სირთულეები იყო, ნებისმიერ შემთხვევაში, დანაპირები უნდა შემესრულებინა... ტურისტულმა კოპანიამ მითხრა, რომ ვერ წავიდოდით, თუმცა მაინც მოვახერხე და მეუღლესთან ერთად ჩამოვედი. ამაში კი ფული გადავიხადე, ზედმეტად და ჩუმად. მანამდე კი ტურისტულ კომპანიას ვუთხარი, რამდენიც უნდა დაჯდეს, არ არის პრობლემა, საქართველოში უნდა წავიდეთ-მეთქი, თუმცა ჯერ მოსკოვსა და ლენინგრადში ჩავედით... იქიდან კი საქართველოში.

რომ ჩამოვედით, თავიდან ქვეყნის ნახვა გვინდოდა, რადგან იმედი არ გვქონდა, რომ ნათესავებს ვნახავდით... თბილისის აეროპორტში ტაქსი დავიქირავეთ. მძღოლი მანქანაში მეფლირტავებოდა და რამდენჯერმე ჩემს ქმარზე ვანიშნე - აქ რომ მამაკაცია, ჩემი ქმარია და ჩიკვილაძეა-მეთქი. მეუღლემ უკნიდან ფეხი წამკრა, მანიშნა, გაჩერდი, გვარს ნუ ამბობ, ჩვენ არაფერი ვიცით ამ ხალხის შესახებო. მივუგე - აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ჩუმად ვისხდეთ, ნათესავები უნდა ვიპოვოთ-მეთქი.

- მერე როგორ იპოვეთ ქართული სანათესაო?

- თავიდან ვიღაცამ დაგვირეკა სასტუმრო "ივერიაში" და გვითხრა - ვახშამზე გეპატიჟებითო. საშიში კი იყო ამაზე დათანხმება, მაგრამ დავთანხმდით. მერე მოვიდა ვიღაც ორი კაცი, ინგლისური არ იცოდნენ, კარგად გვაქეიფეს, მოგვალხინეს და უკან სასტუმროში დაგვაბრუნეს. სასტუმროში კი უკვე ლიფტთან ხალხი დაგვხვდა, ქალები, კაცები, რომლებსაც ის სურათი ჰქონდათ თან, რომელიც პართენმა 1956 წელს ნათესავებს ამერიკიდან გამოუგზავნა, რომელზეც თავის ოჯახთან - 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად იყო აღბეჭდილი...

ყველაფერი კი ტაქსისტის დამსახურება აღმოჩნდა, რომელმაც გაიგო იმის შესახებ, რომ ჩემი ქმარი ჩიკვილაძე იყო. თურმე, ამ გვარის მეზობელი ჰყოლია, რომლისთვისაც უთქვამს, ამერიკელები ჩიკვილაძეებს ეძებენო.

მინდა, რომ დანარჩენი შვილიშვილებიც ჩამოვიყვანო, უნდა ნახონ, საიდან არიან. მამამთილს სწორედ ის ვუთხარი, რომ საქართველოში შვილებით და შვილიშვილებით აუცილებლად ჩავალ-მეთქი. პირველ ვიზიტზე ნატაშა და ქორთნი მყავდა... გვიხარია, რომ ეს მისია, რომელიც ვიტვირთე, შევასრულე... თუმცა, ამჯერად მესამედ აქ ჩამოსვლა წლების განმავლობაში კიდევ სათუო იყო, რადგანაც თითქმის 40-წლიანი პაუზა გვქონდა, აქაურ ნათესავებთან კავშირი გაწყვეტილი იყო, მათ პოვნაში კი "ფეისბუქი" დამეხმარა...

ბარბარა საქართველოში მეორედ 1981 წელს თავის და მაზლის ოჯახთან ერთად ჩამოვიდა და ჩამოიტანა სამი საქორწილო კაბა, რომელიც წინა ვიზიტისას, ქართველმა ნათესავმა ქალბატონმა სთხოვა - აქ ძალიან ძვირიაო. მანაც პატარა რომ არ მოსვლოდა საპატარძლოს 3 ცალი, სხვადასხვა ზომის ჩამოუტანა.

ნატაშა ჩიგლო, ბარბარას შვილი, პართენის შვილიშვილი:

- პირველად 9 წლის ვიყავი, საქართველოში რომ მოვხვდი, ბევრი რამ არ მახსოვს, თუმცა უკვე მეორე ვიზიტისას, მახსოვს, რომ ყველგან გვხვდებოდა ხალხი და საჭმელად გვეპატიჟებოდა. გამაოცა იმ ამბავმა, როცა ვნახე, მთიდან წყალი როგორ გადმოდიოდა და ის დავლიე, ძალიან შთამბეჭდავი იყო. ვერ ვივიწყებ ჩურჩხელის გემოს, რომ გავსინჯე. ზოგადად კი ბევრი სიტკბო და სითბო ვიგრძენი, ყველა მეფერებოდა, ჩანთა მაჩუქეს, სადაც თოჯინა იდო. ძალიან მიყვარს ის ნივთი და დღემდე მაქვს - ეს ყველაფერი კი ხდებოდა მაშინ, როდესაც რაჭაში წავედით.

ქორთნი ჩიგლო, პართენის შვილიშვილი:

- ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი რომ მომევლო, მაშინ 11 წლის ვიყავი. მასთან 7 წელიწადი ვიცხოვრე, სანამ გარდაიცვლებოდა. იმ სახლს ახლაც რომ ჩავუვლი, მეტირება, რადგანაც ბებია მენატრება. მან მთხოვა - თუ შეძლებ, წადი საქართველოში და ბაბუას სურვილი აუსრულე. ბებოს პირობა მივეცი... გული იმაზე გვწყდება, რომ ჩვენს სხვა ნათესავებთან, რაც მამა გარდაიცვალა, ურთიერთობა აღარ გვაქვს. კავშირები გაწყდა. მინდა, გითხრათ, რომ ბებია-ბაბუის სახლის გამოსყიდვაც შევძელი, სახლის, სადაც გავიზარდე და მიყვარს. მალე საცხოვრებლად ჩემი საყვარელი წინაპრების კარ-მიდამოში გადავალ.

ფოტო: ვანო გორგიშვილი

"ამ ომში მთავარი იარაღია ვაქცინაცია... მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები" - მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

"ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია" - რას აცხადებენ ჯანმოში ქართველი მედდის გარდაცვალებაზე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა