ავტორი:

"გიოს გარეშე იმდენ სირთულეს წავაწყდი, მივხვდი, ცხოვრება არ მცოდნია..." - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მის გარეშე

"გიოს გარეშე იმდენ სირთულეს წავაწყდი, მივხვდი, ცხოვრება არ მცოდნია..." - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მის გარეშე

ცოტა ხნის წინ მომღერალ გიო ხუციშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა... თბილი, მოსიყვარულე, ენერგიული და დიდი იუმორის მქონე ადამიანის ნაადრევმა წასვლამ მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. ბუნებით ოპტიმისტი გიო მძიმე დაავადებასაც იმედიანად ებრძოდა. სჯეროდა, სერიოზულ პრობლემას დაამარცხებდა, თუმცა ეს იმედი ამაო აღმოჩნდა.

როგორ ცხოვრობს დღეს გიო ხუციშვილის ოჯახი და როგორ იხსენებს მას მეუღლე - ამაზე მუსიკოსი მაია ჯორჯაძე AMBEBI.GE-სთვის ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში გიამბობთ:

- მაია, როგორ გადის დღეები გიოს გარეშე?

- ყველამ იცის, რომ ერთმანეთთან 24-საათიანი ურთიერთობა გვქონდა, არ ვიყავით შორს ერთმანეთისგან. მისი წასვლით კედელი ჩამომეშალა... სხვა რა ვთქვა?! გიოს გარეშე უკვე იმდენ სირთულეს წავაწყდი, მივხვდი, ცხოვრება არ მცოდნია, მე ცხოვრების სირთულეები არ შემხებია. ის ყველაფერს ჩვენი (ჩემი და ზუკას) გვერდის ავლით აგვარებდა. ესეც რომ არ იყოს, გიოს გარეშე ყოფნა მე და ზუკას ძალიან გვიჭირს, ვერ ვეგუებით და სულ ველოდები, სულ მგონია, რომ მოვა...

- როდესაც მძიმე დაავადების შესახებ გაიგო, რომელთანაც შემდეგ ბრძოლა მოუწია, როგორ შეხვდა მას? როგორი იყო თქვენი ცხოვრება იმ პერიოდში?

- აქეთ გვაწყნარებდა და მეც მჯეროდა მისი, როგორც ყოველთვის. "არ არის პრობლემა, მაია, შენ არ ინერვიულო" - მეუბნებოდა. მთელი თავისი ცხოვრება ხომ სულ ამ ფრაზას მეუბნებოდა - "შენ არაფერზე ინერვიულო..." ასე იყო იმ დროსაც, დიაგნოზის გაგებიდან - პირველივე დღეს მამშვიდებდა. ხომ ვამბობ, თვითონ ისე იყო განწყობილი, რომ მეც მჯეროდა, მართლა მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვიცოდი... ვერ ვუშვებდი, რომ ეს საშინელება მოხდებოდა...

- გიოს ვარსკვლავის გახსნა მის ცხოვრებაში საოცარი დღე იყო - მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გვირგვინი...

- თუ დამიჯერებთ, ეგ დღე არ მახსოვს, თითქოს მეხსიერებიდან ამოვარდნილია... ჩემზე იყო მონდობილი გიოს გამაგრება, დანარჩენი ბაკურ ბაკურაძემ და დათო ოქიტაშვილმა გააკეთეს, რისთისაც დიდი მადლობა მათ! ასევე მომღერლებს, რომლებმაც იმ დღეს თავის თავზე ბევრი რამ აიღეს. არაფერში ჩავრეულვარ. ის კი არა, ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ როდესაც ბაკურ ბაკურაძე კონცერტის დასაგეგმად მოვიდა, გიოს სიმღერები ვერ გავიხსენე. ადამიანმა, რომელიც ამ ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი...

მოკლედ, ვარსკვლავის გახსნის დღეს, გიოს ფეხზე დადგომა, ჩაცმა, სცენამდე მიყვანა მხოლოდ ჩემზე იყო მონდობილი, რაშიც დამეხმარნენ ირაკლი ჭანტურია და იკა მეძმარიაშვილი. ეგენი რომ არა, ალბათ სცენამდე მარტო ვერ მივიყვანდი. იმ დღიდან მხოლოდ ეს მახსოვს, მეტი არაფერი, იმ კონცერტის ვიდეოებიც არ მინახავს...

- თქვენს სიყვარულსა და ურთიერთობაზე ბევრჯერ გისაუბრიათ საჯაროდ, პრესისთვის... ამ გადასახედიდან, როდესაც გვერდით ძვირფასი ადამიანი აღარ გყავთ, რა შეიძლება ითქვას?

- კი, ბევრჯერ მოგვიყოლია... ყველაფერი იყო - კარგიც, ცუდი, სიურპრიზებიც... როგორი მოუსვენარიც იყო, ასე მოუსვენრად ცხოვრობდა სულ. მუდმივად სადღაც ეჩქარებოდა - წავიდოდით ვთქვათ, ერთ ადგილას, ერთი კვირა ვერ ჩერდებოდა, მერე დღეს მეტყოდა - ჩაალაგე, წავიდეთ ბათუმში, ჩაალაგე, წავიდეთ თბილისში, ჩაალაგე, გავფრიდეთ იქ, აქ... ახლა ვხვდები, თურმე ასე რატომ ჩქარობდა...

როგორც ვთქვი, რა როგორ კეთდებოდა, არ ვიცოდი არც მე და არც ზუკამ და ამას ახლა ვხვდებით, როდესაც ცხოვრებაში უკვე პრობლემებს ვეჩეხებით... ვხვდებით, რომ დიდ სიყვარულში გვიცხოვრია და სიყვარულშიც იყო ისეთი, როგორიც თვითონ იყო. ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, დაფასებული და შეფასებულიც მყავდა, მაგრამ ახლა ვხვდები, ვაფასებ, ვფიქრობ და ყველაფერი სხვანაირად ჩანს - კი, ყველაფერი ჩვენთვის უნდოდა... როდესაც დაავადებას დიდი შემართებით ებრძოდა, ამბობდა - ამ პერიოდში ბევრი რამ გადავაფასე, ამ ამბიდან რომ გამოვძვრები, შენ ნახე, სულ სხვანაირად ვიცხოვრებთ და სხვანაირად ვიქნებითო...

- გიო ამბობდა, რომ მამა ადრე დაკარგა, რაზეც ხშირად წუხდა... ისე მოხდა, რომ ზუკამაც ადრე დაკარგა მამა...

- იგივე განმეორდა... ზუკა ძალიან განიცდის. ვეუბნები, რომ ჩავარდნის უფლება არ მაქვს და მაგრად ვდგავარ მხოლოდ ზუკასთვის... სულ იმას ვეუბნები, რომ მამაშენიც ამას ამბობდა, მამა 17 წლისამ დაკარგა, გვერდიდან გამოეცალა, მაგრამ მან ცხოვრება წარმატებით განაგრძო... ზუკა 27 წლის არის და ახლა მამის გარეშე თავიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება... ძალიან დამწუხრებულია, დღე არ გავა, მამა არ გაიხსენოს და არ თქვას, რომ თურმე მამაჩემი უსიტყვოდ რამდენს აკეთებდა, უძლებდა და უძღვებოდა...

- ორივე მუსიკოსი ხართ, რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

- მე და გიოს ზურა მახნიაშვილთან ერთად, დიდი და კარგი გეგმები გვქოდა. პროექტი, რომელზეც ვმუშაობდით, მართლა კარგი გამოვიდა. იმ ბოლო კონცერტებს ვგულისხმობ, გიო მახნიაშვილთან ერთად რომ მღეროდა... მე და ზუკა დღეს და ხვალ ალბათ ვერ შევძლებთ, მაგრამ გავა დრო და როგორც კი ამის განწყობა გვექნება, ზუკა აუცილებლად გააგრძელებს გიოს დაწყებულ საქმეს!

დღეიდან ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ტაქსებისა

ზუგდიდში კორონავირუსი 4 პირს დაუდასტურდა - "მათგან 3 არასრულწლოვანი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა"

"ვიცნობ არსენ ტოროსიან... ცოტა მიკვირს მისგან ამ ტიპის "არადიპლომატიური განცხადება" - გამყრელიძის პასუხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს