კარლოს ტევესი: “დიეგოს გადაწყვეტილებას ვერ მივხვდი”

კარლოს ტევესი: “დიეგოს გადაწყვეტილებას ვერ მივხვდი”

მექსიკასთან სამერვედფინალო პაექრობის მეორე ტაიმის შუაწელში დიეგო არმანდო მარადონამ 2 გოლის ავტორის კარლოს ტევესის ნაცვლად ვეტერანი ვერონის საქმეში ჩართვა განიზრახა, რამაც ალბისელესტეს ფორვარდი გააღიზიანა და ის სათადარიგოთა სკამზე სახის უკმაყოფილო გამომეტყველებით დაჯდა.

ნამატჩევს ჟურნალისტებმა ტევესს მეოთხედფინალში გასვლა მიულოცეს, საუბარი კი 69-ე წუთზე განხორციელებული ცვლილებით დაიწყო.

- მექსიკასთან მატჩის დასრულებამდე 20-ოდე წუთით ადრე მარადონამ შეგცვალათ. იმ დროისთვის არგენტინა 3:0-ს იგებდა და თქვენი დასვენებაც ლოგიკურად გამოიყურებოდა. ამის მიუხედავად, მინდვრიდან გასვლის მომენტში აშკარად გეტყობოდათ, უკმაყოფილო რომ იყავით. მატჩის დასრულებიდან უკვე კარგა ხანია გასული და ახლაც არასწორად მიგაჩნიათ თქვენს ნაცვლად თამაშში ვერონის ჩართვა?

- ვერ გავიგე, რატომ შემცვალა დიეგომ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თამაშს ვაკონტროლებდით, ხოლო თუკი ცალკეულ ეპიზოდებში ბურთი მექსიკელებს უვარდებოდათ, ამაში ჩემს ბრალეულობას ვერ ვხედავ. ეტყობა, მთავარმა მწვრთნელმა სხვაგვარად განსაჯა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, როდესაც ემოციები ჩაცხრა, ბოდიში მსურს მოვუხადო პარტნიორებს და განსაკუთრებით ჩემს ნაცვლად მინდორზე შესულ ხუან სებასტიან ვერონს.

- რამდენად კმაყოფილი დარჩით გუნდის სამერვედფინალო გამოსვლით?

- კარგად გვესმოდა, რომ მექსიკელები ასპარეზობის სასტარტო წუთებიდანვე ინიციატივის ხელში აღებას შეეცდებოდნენ. თავდაპირველად ასეც მოხდა და მოწინააღმდეგეს ანგარიშის გახსნის შანსიც მიეცა. მართალია მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მექსიკელებმა ჩვენთვის ბურთის “დამალვაც” კი მოახერხეს. მაგრამ კალაპოტში მალე ჩავდექით და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებაც მოვიპოვეთ.

- არგენტინის ნაკრების მოგებასთან ერთად განსაკუთრებით ისიც გაგაგხარებთ, მიმდინარე მუნდიალზე გოლების გატანა რომ შეძელით...

- კარგ ფორმაში ვარ, ამიტომაც დარწმუნებული გახლდით, გოლების გატანას რომ დავიწყებდი. ამის შემდეგ ფსიქოლოგიურადაც უკეთ მდგომარეობაში ვიქნები. მთავარი კი არგენტინის ტრიუმფი გახდება – ჩვენ ამისთვის ყოველმხრივ მზად ვართ.

- მექსიკელებთან მატჩში მარადონამ გონსალო იგუაინთან შეგაწყვილათ, არადა წინა თამაშებში მთავარი მწვრთნელი უფრო ვინგერის ან ოდნავ უკანდახეული ფორვარდის ფუნქციების შესრულებას გავალებდათ...

- საუბრისას დიეგო მეუბნება, რომ თავდამსხმელად ვარ დაბადებული და ჩემი ნახევარდაცვაში გამოყენება არასწორია. ჩემი აზრით კი, ფართო დიაპაზონის ფეხბურთელი ვარ და გუნდისთვის სარგებლობის მოტანა ორივე პოზიციაზე თამაშისას შემიძლია.

- მეოთხედფინალში გერმანიასთან მოგიწევთ შებმა, რომელმაც თქვენთვის კარგად ნაცნობ ინგლისის ნაკრებს დიდი ანგარიშით მოუგო...

- გერმანიის ნაკრებს ვაფასებ და ღირსეულ ოპონენტადაც მიმაჩნია, მაგრამ მეოთხედფინალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაშს ვაპირებთ, რაც არგენტინის ნაკრების ახალ თვისებებს წარმოაჩენს. ამის მიუხედავად, პროგნოზისგან მაინც თავს შევიკავებ. მეოთხედფინალამდე 6 დღეა დარჩენილი, ჯერჯერობით კი, ჩვენი ამოცანა დასვენება, ძალის სრულად აღდგენა და გერმანელებთან დაპირისპირებისას ისეთივე მკვირცხლი და შემოქმედებითი თამაშის ჩვენებაა, რასაც აქამდე წარმატებით ვახერხებდით.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო