ავტორი:

ჭორვილიდან ჩამოტანილი რა მცენარე ხარობს გია ჯაჯანიძის ბაღში - "უბედნიერესი ვიყავი რომ დავინახე, როგორ ჩამოეკიდა ორი ცალი..."

ჭორვილიდან ჩამოტანილი რა მცენარე ხარობს გია ჯაჯანიძის ბაღში - "უბედნიერესი ვიყავი რომ დავინახე, როგორ ჩამოეკიდა ორი ცალი..."

შოუმენ გია ჯაჯანიძეს თბილისში კერძო სახლი აქვს და ეზოში, მიწის ნაკვეთზე კარგად მოვლილი ბაღ-ბოსტანი. ბაღში ყველანაირი ხეხილი და ბოსტნეული ხარობს, რასაც გია აღფრთოვანებაში მოჰყავს, ეს ამბავი დიდად სიამოვნებს და იქაურობას "ბედნიერების ბაღ-ბოსტანს" უწოდებს.

ბაღში ბევრი ეგზოტიკური მცენარეც ხარობს, ხოლო თუ საიდან მოდის მიწის ასეთი სიყვარული, შოუმენს ასეთი პასუხი აქვს:

"ვფიქრობ, მაინც იმის ბრალია, რომ სოფელში გავიზარდე და მიწის სიყვარული იქიდან მომყვება, თან, უკვე ასაკში ვარ და მიწასთან კონტაქტის სურვილი მეტად მიჩნდება" - ამბობს და იხსენებს პერიოდს, როდესაც წლების წინ, მუხიანში ცხოვრებისას, აივანზე რკინის დიდ "ტაშტში" კარტოფილი დათესა და მოიყვანა, ხოლო პეკინზე კი, დიდ ლამაზ ქოთანში - ყაბაყი.

"უბედნიერესი ვიყავი რომ დავინახე, როგორ ჩამოეკიდა, ორი ცალი ყაბაყი... მოკლედ, ეს ყველაფერი თანდაყოლილია - ან გაქვს, ან - არა და სწორედ ეს არის მიწის სიყვარული" - აღნიშნავს გია.

ჯაჯანიძე ამბობს, რომ ყოველ დილას გადის და ელაპარაკება ხეხილს, მცენარეებს, მოსავალს (სიმინდი, ჭარხალი, წიწაკა, კიტრი, მწვანილი, მზესუმზირა, ნესვი, პრასი, ნიორი...):

"ჭამა დიდად არ მიყვარს, უბრალოდ, მიხარია, რომ ბოსტანში ყველაფერი ხარობს, მოდის და მაქვს. მერე დაუსრულებლად ექსპერიმენტებს ვატარებ. შარშან კარგი მწარე წიწაკა მქონდა დარგული, ერთ ძირს შაქრიანი წყლით ვრწყავდი, სწორედ იმ ძირის ნაყოფს წიწაკიანი შოკოლადის გემო ჰქონდა, გამაოცა, მაგრამ სანამ არ გასინჯავ, ვერ წარმოიდგენ, რომ ასეთი შეიძლება იყოს. ტკბილია და მხოლოდ ყლაპვის პროცესში მწარდება.

- ორშიმო - მწარე კვახიც მოგიწევია, რომელსაც უმეტესად, ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად იყენებენ. რაში აპირებ მის გამოყენებას და ესეც ექსპერიმენტის შედეგია?

- არა, ეს მიზანმიმართულადაა დათესილი. რომ გახმება, მის მოხატვას ვაპირებ. მანამდე კი როცა გახმება და მარცვლები შიგნით ყანყალს დაიწყებს, მას სპეციალური რიტუალის ჩასატარებლად მომზადება უნდა. იმ რიტუალით კი ეშმაკის, ბოროტის განდევნა შეიძლება... მაქვს ასევე ინდური ბროწეული (მომორდიკა), ჩემმა ძმამ ჭორვილადან ჩამოიტანა, დეიდა მყავს იქ და აჩუქეს. ორი წელი ისე მქონდა, სახელიც კი არ ვიცოდი, მოვიყვანე და ორი ცალი ნაყოფი გამოიბა.

თან, შევჩერებოდი, არ ვიცოდი, რა იყო, მაგრამ შეგრძნება მქონდა, რომ სამკურნალო მცენარე უნდა ყოფილიყო. ნაყოფს შიგნით მარცვლები აქვს. საბოლოოდ კი გავარკვიე, რომ ის მართლაც სამკურნალო მცენარეა და არაერთ დაავადებას შველის. წელს უკვე შედარებით ბევრი მოისხა. მეგობრებსაც გავასინჯე, ისეთი გემო აქვს, ბევრს ვერ შეჭამ, კოწახურს წააგავს. გარეგნულად ლამაზია, ფაფუკი გარეკანი აქვს და ასეთივე ნაყოფი. მის კანს ვჭრი, ვახმობ და შემდეგ ჩაისთვის ვიყენებ" - დასძენს ჯაჯანიძე.

ბაღში დეკორატიული მზესუმზირაც ხარობს, რომლის შესახებაც გია გვეუბნება, რომ მისი მარცვალი ჩიტმა მოიტანა, ჩავარდა მიწაში და ამოვიდა. მას მერე კი სულ ერთსა და იმავე ადგილას ამოდის.

"მზესუმზირასთან დაკავშირებით კიდევ ცალკე ისტორია მაქვს, პირველ წელს, აქ რომ დავსახლდი, სანამ ბოსტანს გავაკეთებდი, მთელ ეზოში მზესუმზირა დავთესე, რადგანაც ეზო ჯერ მოუვლელი იყო, ურემონტო. ვერ წარმოიდგენთ, აქ რა ხდებოდა - მზესუმზირის ტყე წამოიმართა. დილის 6 საათიდან ჩიტები რომ შეესეოდნენ, დღესასწაული ჰქონდათ. თითქოს მელაპარაკებოდნენ, ამბებს ყვებოდნენ. იმის მერე უკვე მათთვის სპეციალურად ვთესავ, რომ მიირთვან. ჩიტები ლამის უკვე ჩემი მეგობრები არიან.

- ისე, ამ მცირე პერიოდში რამდენი რამ მოგისწრია...

- ჩემმა დარგულმა ლეღვმაც გაიხარა, წელს 3 ცალი ნაყოფი ჰქონდა. სიყვარულით შევცქეროდი, მერე მივედი, მოვწყვიტე, ხელის გულზე დავიდე, სული შევუბერე, არც გამირეცხავს, შვილიშვილებს დავუძახე და ვაჭამე, საოცარი სითბო ჰქონდა ამ ყველაფერს – ისინიც გაოცებულები მიყურებდნენ და ჭამდნენ... სხვა ხეხილთან ერთად მაქვს ფეიხოა, კივი, ჯუჯა კაკალი, ნუში...

მაგრამ ერთმა ხემ კი ნამდვილად გამაოცა. როგორ მოხვდა ჩემს ეზოში, ვერ ვხდები, მისი ნერგი მე არ მიყიდია. მწარე ბალზე ლეგენდაც კი არსებობს, ხალხი ტყეში მიდიოდა, რომ მისი ტოტებისგან გვირგვინები გაკეთებინათ. ის კი არა, სოფელში აკვანი რომ გვაქვს, რომელშიც მეც გავიზარდე, მწარე ბლისგან დამზადებული ჯვარი აქვს მიბმული... ამ ბალის კურკა ისეთი მწარეა, ვერ შეჭამ. ხე რთულად მრავლდება, თუმცა სწრაფად იზრდება. საერთოდ კი, ამ ხის ასე თავისით ამოსვლა, კარგის ნიშანიც არის და ესეც მიხარია...

როგორია მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "დღეს ოპერაცია ჩაუტარდება"

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან