ყირიმში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს თასის მფლობელმა თბილისის “ვიტ ჯორჯიამ”, ევპატორიაში ჩატარებული პირველი ამხანაგური მატჩი უკრაინის თასის მომგებ სიმფეროპოლის “ტავრიასთან” 1:2 წააგო.
ამის შესახებ “ვიტ ჯორჯიას” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
უკრაინული გუნდის წინააღმდეგ თბილისელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
მიქაბერიძე, ხურცილავა (ჭანკვეტაძე 85), ლომაია, ადამაძე (კასრაძე 32), ბეჭვაია (ღანიაშვილი 77), ვასაძე, მაისაშვილი (კორიფაძე 40, როსტიაშვილი 75), გურეშიძე (გოგიაშვილი 86), ჯანელიძე (ბერიაშვილი 81), ლიპარტია (ზაქრაძე 80), კვარაცხელია (ჩიმაკაძე 54).
ანგარიში მე-2 წუთზე “ვეტერინარებმა” გახსნეს, როდესაც ჯანელიძის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, კვარაცხელიამ თავით ბურთი დავით ლომაიას დაუგდო და ამ უკანასკნელმა ზუსტად დაარტყა.
სიმფეროპოლელებმა საპასუხო გოლი 10 წუთში გაიტანეს, როდესაც ალექსანდრ კოვპაკის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, თავად დაზარალებულმა გამოიყენა.
მიუხედავად ამხანაგური სტატუსისა მატჩი ხისტ ორთაბრძოლაში წარიმართა და მსაჯმა პირველ ტაიმში მოედნიდან ჯერ გურამ ადამაძე, ხოლო შემდეგ დავით მაისაშვილი გააძევა. მეორე ტაიმში კი, წითელი ბარათი ანტონ მონახოვს უჩვენა. თუმცა, გუნდებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მწვრთნელებს გაძევებული ფეხბურთელების შეცვლა შეეძლოთ და ამიტომ, მხარეები კაცნაკლულნი არ დარჩენილან.
“ტავრიამ” გადამწვყვეტი გოლი 63-ე წუთზე გაიტანა – ლუბენოვიჩის მოწოდებული კუთხურის მერე, მეკარის საჯარიმოში მყოფმა კურილოვმა თავით ზუსტად დაარტყა.
ამის მერე, საგოლე მომენტები “ვიტ ჯორჯიასაც” ჰქონდა, მაგრამ ჯანელიძისა და ლომაიას დარტყმების შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.
თბილისელთა წინააღმდეგ შეხვედრაში, “ტავრიას” შემადგენლობაში ვასილ გიგიაძე მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა.
“ვიტ ჯორჯია”მორიგ ამხანაგურ თამაშს 30 ივნისს, იალტაში, ლუცკის “ვოლინთან” ჩაატარებს.