ავტორი:

"ორმა დიქტატორმა ერთმანეთი იპოვა" - ლუკაშენკომ კადიროვი "სახალხო მეგობრობის" ორდენით დააჯილდოვა

"ორმა დიქტატორმა ერთმანეთი იპოვა" - ლუკაშენკომ კადიროვი "სახალხო მეგობრობის" ორდენით დააჯილდოვა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი “სახალხო მეგობრობის” ორდენით დააჯილდოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუკაშენკოს ჯილდო კადიროვს, ბელარუსსა და ჩეჩნეთს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის ერგო.

ბელარუსის ორდენი უცხოეთის მოქალაქეებისთვის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც ადგილობრივი მედიის თქმით, ვერცხლისგან არის დამზადებული. მათივე ცნობით, რამზან კადიროვს ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა აქვს ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილთან ვიქტორთან, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მამის თანაშემწეა. ივნისის ბოლოს ის ჩეჩნეთში იმყოფებოდა, სადაც რამზან კადიროვს შეხვდა. მაშინ ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთსა და ბელარუსს შორის, ეკონომიკური მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება იგეგმებოდა.

"ორმა დიქტატორმა ერთმანეთი იპოვა" - ასე ეხმაურება რუსული მედია ლუკაშენკო-კადიროვის ოფიციალურად გაფორმებულ მეგობრობას. kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, როგორც სხვა დიქტატორები, ლუკაშენკო და კადიროვიც საპასუხისმგებლო თანამდებობებს მხოლოდ ნათესავებსა და ახლობლებს ანდობენ.

კადიროვის ახლო მეგობარია გროზნოს მერი იბრაგიმ ზაკრიევი, რომელიც ამ თანამდებობაზე 25 ივნისს დანიშნა, მანამდე მას ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა. მერის ადგილზე, ჩეჩნეთის ლიდერი თავისი ნათესავის ხამზათ კადიროვის დანიშვნას აპირებდა, თუმცა, შემდეგ ის კურჩალოევის რაიონის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა, რადგან რაიონში “მკაცრი ხელი და საიმედო მმართველი“ იყო საჭირო. ხამზატ კადიროვი მისი უფროსი ძმის, 2004 წელს დაღუპული ზელიმხანის შვილია.

რაც შეეხება, იბრაგიმ ზაკიევს - ის რამზანის დის, ზულაი კადიროვას შვილია. მამამისი, სალმანი პარლამენტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეა.

კადიროვის კიდევ ერთი ახლო მეგობარი აბუბაქარ ედელერიევი, რომელიც ადრე ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო, რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშნეს, მის ადგილზე კი კადიროვმა მუსლიმ ხუჩიევი დანიშნა.

ზოგადად, მთლიანი სახელმწიფო სისტემა აწყობილი და დაკომპლექტებულია რამზან კადიროვის ახლობელი ადამიანებით. BBC-ს ინფორმაციით, წყარომ ჩეჩნეთის მაღალჩინოსნებიდან 158 ადამიანი დაითვალა, რომელიც კადიროვის გარემოცვიდან არის და მათ სრულად ენდობა. ისინი გარშემო დანარჩენებს აკონტროლებდნენ და ინფორმაციას აგროვებდნენ.

საკანონმდებლო ხელისუფლებაში 18 საკვანძო ფიგურა კადიროვის ახლო მეგობარია, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს, რეგიონში არსებულ ბიზნესსა და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს აკონტროლებენ. მათ კიდევ სამი ლიდერი ჰყავთ, რომლებიც კადიროვს ყველანაირ საჭირო ინფორმაციას აწვდიან, ორი მათგანი მისი ნათესავია, ერთი - თანასოფლელი.

ამ სამი გავლენიანი ადამიანის შემდეგ, კადიროვი ჩეჩნეთის დუმის დეპუტატს, ადამ დელიმხანოვს, პარლამენტის სპიკერს მაგომედ დაუდოვსა და სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეთაურს აბუზაიდ ვისმურადოვს ენდობა. ისინი კადიროვის უახლოესი მეგობრები არიან.

ძალოვანი სტრუქტურა - ეს არის კადიროვის სისტემის ხერხემალი, შესაბამისად, მას იქაც ჰყავს "საყრდენები". მაგალითად, ხელმძღვანელ თანამდებობზე 9 მისი თანასოფლელია, ორი ნათესავი და მამამისის აჰმად კადიროვის თანამებრძოლი. ჩეჩნეთის პარლამენტის 73 წევრიდან 19 მისი ნათესავია, 14 კი – თანასოფლელი.

ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების უმეტესობას უმაღლესი განათლება არ აქვს. მეტიც - ბევრმა წერა-კითხვა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სპეციალურად მათთვის ჩამოყალიბებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლა, სადაც სამსახურის შემდეგ ინდივიდუალური პედაგოგი ჰყავდათ. რაც შეეხება ფინანსებს, აჰმად კადიროვის ფონდში, რომელიც ჩეჩნეთში მთავარი ფინანსური დაწესებულებაა, გადაწყვეტილებას რესპუბლიკის ლიდერის დედა, აიმანი კადიროვა განაგებს. ხოლო მისი ვიცე-პრეზიდენტი რამზანის ცოლი, მედნი კადიროვაა.

"ინგლისურად ამ სქემას trust network ანუ ნდობაზე დამყარებული კავშირი ეწოდება... ისინი პროფესიონალიზმითა და განათლებით კი არა, ნათესაური კავშირებითა და ახლობლობით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. სტატუს-კვო, რომელიც ახლა ჩეჩნეთში არსებობს, არის სამხედრო მმართველობა, მას სამხედროები მართავენ. ამ კუთხით საინტერესოა კრემლთან პარალელები, რადგან იქაც მთავარი საყრდენი სამხედრო პირები არიან", – ამბობს ექსპერტი ეკატერინა სოკრიანსკი.

"ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა" - შვეიცარიაში "შოკოლადის თოვლი“ მოვიდა

"არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება", - ჯანმოს ხელმძღვანელი

სიჩუმის ქალაქიდან ხმაურიანი წვეულებების ქალაქამდე - ფოტოები უხანიდან, რომელიც საზოგადოების კრიტიკის მიზეზი გახდა