ბუმ კუნ ჩა მეოცე საუკუნის აზიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თუმცა, სამხრეთ კორეის ნაკრების (121 მატჩი, 55 გოლი), ფრანკფურტის “აინტრახტისა” და ლევერკუზენის “ბაიერის” ყოფილი წევრი, თავისი დროის პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშედაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ბუმ კუ ჩა ძალიან კარგად იცნობს როგორც გერმანულ, ასევე სამხრეთ კორეულ ფეხბურთს, ამიტომაც, მისი ინტერვიუს თქვენ სამსჯავროზე გამოტანაც გადავწყვიტეთ. აზიელის თვალსაზრისის (ბევრისთვის საკამათოსი) გაცნობამდე, კი მოგახსენებთ, რომ ამჟამად ტელეკომენტატორსა და საფეხბურთო ექსპერტს, “აინტრახტის” (1980) და “ბაიერის” (1988) შემადგენლობებში გამოსვლისას უეფას თასი აქვს მოგებული.
- თქვენი აზრით, რატომ უჭირთ ევროპულ ნაკრებებს სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე თამაში?
- მიზეზი რთულად ასახსნელი არაა – ევროპელი მოთამაშეები ზაფხულობით დასვენებას არიან მიჩვეულნი, წელს კი მათ, მომქანცველი სეზონის შემდეგ, სამუნდიალე ბატალიებში მოუხდათ ჩართვა. მეორე მიზეზი ჩემპიონთა ლიგაა. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ევროპელ ფეხბურთელთა უმრავლესობისთვის, ეს ტურნირი უფრო პრესტიჟულია, ვიდრე მსოფლიოს პირველობა. ამის გამო, “ძველი კონტინენტის” წარმომადგენლებს ფსიქოლოგიურადაც უჭირთ და ფიზიკურადაც.
- სამხრეთკორეული ტელევიზიისთვის, გერმანია-ინგლისის მერვედფინალური მატჩის რეპორტაჟი მიგყავდათ. თავის დროზე, გერმანულ ბუნდესლიგაში 300 შეხვედრა ჩაატარეთ და ამ შეხვედრებში, თითქმის 100 გოლი (98-რედ) გაქვთ გატანილი. ალემანურ ფეხბურთს კარგად იცნობთ. ამიტომაც, თქვენი აზრი საინტერესოა – რის ხარჯზე მოახერხა იოაჰიმ ლიოვის ახალგაზრდულმა გუნდმა, ფაბიო კაპელოს ნაკრების ძლევა?
- ირიბად, ამ კითხვაზე პასუხი უკვე გავეცი. ინგლისელებმა მეტად მომქანცველ პრემიერლიგაში ითამაშეს, ამასთან, მათმა უმრავლესობამ ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში იასპარეზა.
დათვალეთ რამდენჯერ გავიდა თითოეული ინგლისელი მინდორზე გასულ სეზონში და სულაც არაა გასაკვირი, შედარებით ახალგაზრდა გერმანელები კუნძულელებზე მკვირ¬ცხლად რომ გამოიყურებოდნენ. კარგად მახსოვს, როგორ გახდნენ გერმანელები მსოფლიოს ჩემპიონები 1974 და 1990 წლებში. მაშინ, ჰელმუტ შიონისა და ფრანც ბეკენბაუერის გუნდები ტექნიკური თამაშით მაყურებელს ხიბლავდნენ.
გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან, გერმანელებს მაღალი საშემსრულებლო კლასის მოთამაშეები დააკლდათ, ამიტომაც, ძალიან მიხარია, ლიოვის გუნდი ძველ ბუნდესნაკრებს რომ დაემსგავსა - ტექნიკური და ჭკვიანური თამაში ხომ ყოველთვის გერმანული ფეხბურთის სავიზიტო ბარათი იყო.
- ასეთ შემთხვევაში, გერმანელები მიმდინარე მუნდიალის უპირველეს ფავორიტებად ხომ არ უნდა მოვიხსენიოთ? შეძლებენ ისინი მეოთხედფინალში არგენტინელთა წინააღმდეგობის გატეხვას?
- არგენტინის ნაკრებში უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ დიეგო მარადონას გუნდი, ლიოვის კრებულისგან განსხვავებით, ყოველთვის კომბინაციური თამაშის ჩვენებას ვერ ახერხებს. გერმანელთა ასპარეზობაში ჰარმონია ჩანს – გუნდი ერთიანი ორგანიზმია, რომელიც დაცვითაც გამოირჩევა და შეტევითაც. არგენტინელები, ჯერჯერობით, ამგვარ დალაგებულ თამაშს ვერ ახერხებენ. ამიტომაც, ვფიქრობ, გერმანია
არგენტინას დაამარცხებს. ჯერ ერთი, გერმანელებმა ინგლისის დამარცხებით დამატებით დიდი დადებითი მუხტი მიიღეს, უფრო მეტი, ვიდრე არგენტინელებმა მექსიკელთა ძლევით. მეორეც, მატჩებს შორის დარჩენილ დღეებს, ძალის აღსადგენად, გერმანელები ტრადიციულად საუკეთესოდ იყენებენ.
- სამხრეთ კორეის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც თქვენი ვაჟი ჩა დუ რი გამოდის, მუნდიალზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მაინც რის ხარჯზე მოახერხეს თქვენმა თანამემამულეებმა მერვედფინალში გაღწევა, ფლეი ოფის პირველ სტადიაზე კი ურუგვაისთვის მედგარი წინააღმდეგობის გაწევა?
- ჩვენ წარმატებას აზვიადებთ. ხომ არ დაგავიწყდათ, 2002 წლის მუნდიალზე ნახევარფინალამდე რომ გავაღწიეთ. ჩვენ ქვეყანაში ჩატარებული მსოფლიოს პირველობის მსვლელობისას უდიდესი გამოცდილება მივიღეთ და მის ნაყოფს ვიმკით. სამწუხაროდ, სამხრეთ კორეისთვის მუნდიალი უკვე დასრულდა, მაგრამ გულს არ ვიტეხთ. ურუგვაისთან მარცხისგან სათანადო დასკვნებს გამოვიტანთ, რაც 2014-ში, ბრაზილიის სტადიონებზე კიდევ უფრო უკეთ გამოსვლაში დაგვეხმარება.