ლატვიური დაუაგვპილსის “დაუგავას” მთავარმა მწვრთნელმა თამაზ პერტიამ, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გულშემატკივრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და როგორც გაირკვა, 35 წლის ქართველი სპეციალისტი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე ოცნებობს.
“რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თავკაცობა მინდა. თუმცა, ამისთვის ჯერ კარგი შედეგი უნდა ვაჩვენო. ეროვნული გუნდის სათავეში ყოფნა, ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა”, – განაცხადა პერტიამ.
ამავე დროს, გაირკვა, რომ “დაუგავას” დამრიგებელს, ლატვიის ნაკრების მწვრთნელის ადგილზე საკუთარ თავი ვერ წარმოუდგენია: “ნაკრებს კარგი მწვრთნელი ჰყავს - ალექსანდრ სტარკოვი. ლატვიის ყველა მწვრთნელს შეუძლია “პეტროვიჩისგან” ბევრი რამ ისწავლოს. მე თეორიულადაც არ ვუშვებ მის ადგილზე მისვლას”.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვის აქვს მისი გუნდიდან ლატვიის ნაკრებში მოხვედრის შანსი, პერტიამ შემდეგი უპასუხა: “ეს, სტარკოვის კომპეტენციაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ფეხბურთელებმა მაღალ დონეზე ითამაშონ, რომ ისინი სტარკოვმა შეამჩნიოს.
ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები: “გინდათ ნაკრებში მოხვდეთ, გამორჩეულები უნდა იყოთ. გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ ჩვენს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკრებში თამაშის შანსი აქვთ”.
პერტია, რომელიც “დაუგავას” სათავეში მიმდინარე თვის დასაწყისში ჩაუდგა, გუნდთან ერთად ლატვიის საუკეთესო კლუბების სამეულში მოხვედრას მიმდინარე წელს ფიქრობს:
“შესაძლოა, ასეთი შედეგი წლეულს ვაჩვენოთ. ყოველ შემთხვევაში, ამისკენ მივისწრაფით. ჩემი ოცნება, ლატვიის ჩემპიონობაა. თუმცა, ამისთვის რაღაც უნდა შევცვალოთ. ბევრი არა, მაგრამ ცვლილებები საჭიროა. ვფიქრობ, ჩემპიონობა კლუბის ხელმძღვანელობის ოცნებაცაა. გვინდა, ქალაქ დაუგავპილსს ჩემპიონის ტიტული ვაჩუქოთ”.