ავტორი:

რას უნდა ელოდეს საქართველო მერკელის ვიზიტის შემდეგ - რუსი პოლიტოლოგები გერმანიის კანცლერის სამხრეთ კავკასიურ ტურნეზე

რას უნდა ელოდეს საქართველო მერკელის ვიზიტის შემდეგ - რუსი პოლიტოლოგები გერმანიის კანცლერის სამხრეთ კავკასიურ ტურნეზე

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სამხრეთ კავკასიურ ტურნეს მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს. ამ დღეებში უამრავი ვერსია და მოსაზრება გამოითქვა, თუ რა გზავნილებით ჩამოვიდა გერმანელი მაღალჩინოსანი საქართველოში და რა გაახმოვანა. მსგავსი ვერსიები და ვარაუდები სომხეთსა და აზერბაიჯანში მის ვიზიტსაც მოჰყვება. მერკელის ვიზიტი არც რუსულ მედიასა და პოლიტოლოგებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა - რეგიონის სამივე ქვეყნის მისამართით განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა, თუმცა, აზერბაიჯანთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ გერმანია მას ბუნებრივ აირზე დაუწყებს მოლაპარაკებას.

მერკელი თბილისს ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად ესტუმრა. მანამდე ის საქართველოში, 2008 წელს, რუსეთ-საართველოს ომის შემდეგ იმყოფებოდა. რას უნდა ელოდეს საქართველო მერკელის ვიზიტის შემდეგ?

საერთაშორისო ჰუმანიტარულ-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ექსპერტის, ვლადიმირ ბრუტერის შეფასებით, საქართველოსა და გერმანიას შორის აქტიური პოლიტიკური სეზონი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

"საქმე ის არის, რომ გერმანიას საქართველოსთან ურთიერთობის საკითხში მოსკოვის პოზიციაც აფერხებს, თუმცა, არის კიდევ ერთი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. ბოლო ათი წელია, მერკელი ალიანსში საქართველოს შესვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა და ამის ერთ-ერთი მიზეზი თბილისსა და მოსკოვს შორის მოუგვარებელი ურთიერთობებია. ზოგადად, ბერლინს სულაც არ უნდა თბილისის გამო კრემლთან ურთიერთობა გაიფუჭოს", - აცხადებს ის და ასევე დასძენს, რომ გერმანია საქართველოს ნატო-ში შესვლით ხეირს ვერ ნახულობს.

შემდეგი "გაჩერება" სომხეთი

"რუსი პოლიტოლგების თქმით, ანგელა მერკელს ნიკოლ ფაშინიანის გაცნობა აინტერესებს, რომელიც სომხეთის ხელისუფლების სათავეში საკმაოდ საინტერესო გზის გავლისა და "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ მოვიდა. მან უკვე დაიწყო დემოკრატიის მშენებლობისთვის საჭირო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა", - წერს გამოცემა Novayagazeta.ru

"სომხებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია გენოციდის აღიარება, ამიტომაც მერკელი ციცერნაკარბერდში გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან აიყვანეს, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ვიზიტი ჯერ კიდევ სარგსიანის პრეზიდენტობის დროს შეთანხმდა. საქმე ის არის, რომ ივლისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირი მწვავედ გააკრიტიკა და სომხეთის მიმართ მათ დამოკიდებულებას გაუგებარი უწოდა", - აცხადებს ბრუტერი.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის, ალექსანდრე კამკინის შეფასებით, ფაშინიანი ცოტათი ჩქარობს, როდესაც ამბობს, რომ ევროკავშირის მიდგომა და დამოკიდებულება სომხეთის მიმართ ისეთივეა, როგორიც სერჟ სარგსიანის დროს იყო და ამას უსამართლობას უწოდებს.

"ფაშიანიანს ალბათ ძალიან ენდომება, მერკელმა ისეთი სომხეთი დაინახოს, რომ სრულიად სხვა შთაბეჭდილებით დაბრუნდეს სამშობლოში. თავის მხრივ, ალბათ მერკელიც ინტერესით დაათვალირებს და გაიცნობს სომხეთის ახალი ხელისუფლების ახალ ნაბიჯებს", - მიიჩნევს კამკინი, რომლის თქმითაც, კიდევ ერთი თემა, რაც სომხეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არის ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი, თუმცა მერკელი საკმაოდ დიპლომატიურია იმისთვის, რომ აზერბაიჯანში სტუმრობა არ დავიწყებოდა.

"გასათვალისწინებელია ისიც, რომ სომხეთი რუსეთის ძალიან ახლო მოკავშირეა, ეს ეხება სამხედრო და ეკონომიკურ მხარეს. ასე რომ, ის იქ მიდის არა მხოლოდ როგორც გერმანელი, არამედ, როგორც ევროპელი პოლიტიკოსი და ეს, პირველ ყოვლისა, ბრიუსელის ინტერესშია, შემდეგ კი - გერმანიის. თავის მხრივ, თავად მერკელიც დაინტერესებულია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში ბრიუსელიც მონაწილეობდეს და გერმანიაც", - ამბობს გერმანული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ვლადისლავ ბელოვი.

ვიზიტი აზერბაიჯანში

მისივე თქმით, ანგელა მერკელის აზერბაიჯანში ვიზიტის მთავარი მოტივი იქნება ბუნებრივი აირი. ბაქოში უკვე დაბლოკეს დეპუტატ ალბერტ ვაილერის ვიზიტი, რომელიც იქ ანგელა მერკლეთან ერთად უნდა ჩასულიყო.

ვაილერის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზია 2014 და 2016 წლებში ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში მისი ვიზიტი. სწორედ ამიტომ, ის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "შავ სიაში" შეიყვანა. გამოცემა BILD-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეცადა ვაილერის ვიზიტის საკითხი მოეგვარებინა, თუმცა, ბაქოდან კატეგორიული უარი მიიღო.

"საქართველოსა და სომხეთში მისი ვიზიტი ძალიან საინტერესოა, თუმცა, აზერბაიჯანი მათგან სრულიად განსხვავდება, ბაქოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან და ამას თავისი მიზეზი აქვს, საქართველოსა და სომხეთისგან განსხვავებით, მათი რესურსი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია გერმანიისა და ზოგადად ევროკავშირისთვის. მიმდინარე წლის მაისში აზერბაიჯანმა "სამხრეთ გაზის დერეფანი" აამუშავა, საიდანაც საქართველოს გავლით, ევროპის ქვეყნები ბუნებრივ აირს მიიღებენ. პროექტის ღირებულება 40 მილიარდი დოლარია. ანგელა მერკელი დაინტერესებულია, რომ როგორმე და ოდესმე, ამ მილსადენის საშუალებით, ტაჯიკეთისა და ირანის გაზმაც გაიაროს. ამიტომაც, ამ ტურნეს პრიორიტეტია ენერგეტიკა", - აცხადებს ბელოვი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები