საქართველო მზად არის რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აწარმოოს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
”ვადასტურებ ჩვენს მზადყოფნას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რუსეთთან ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება ნორმალიზაციაზე, რაც გულისხმობს 500 ათასამდე დევნილის - ეთნიკურად ქართველების, ეთნიკურად აფხაზების, ეთნიკურად ებრაელებისა და ბერძნების, უკრაინელების, ესტონელებისა და სხვათა დაბრუნებას მათ მშობლიურ სახლებში, მათი ქონებრივი და მოქალაქეობრივი უფლებების აღდგენას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და რა თქმა უნდა ორმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ უერთიერთობებს”, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს არანაირი ინტერესი არ აქვს რუსეთთან კონფრონტაციის და მზად არის დიალოგისთვის რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რომელიც, პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ყველა საერთაშორისო ნორმის დაღვევით არის არჩეული.
”მიუხედავად ამისა, ეს არის რუსეთის ხელმძღვანელობა და ჩვენ ვაღიარებთ მათ, როგორც მოლაპარაკებათა პარტნიორს; მათთან გვინდა ყველანაირი მოლაპარაკების წარმოება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იქნება აღიარებული, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც სურს იყოს რუსეთის პარტნიორი”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.