აშშ-ში, ვერმონტში მდებარე ობოლთა კათოლიკურ თავშესაფარში შემზარავი ამბები ხდებოდა, ამის შესახებ ნათქვამია 4 წლიანი გამოძიების დასკვნაში. გამოძიებას ჩვენება თავშესაფრის ყოფილმა ბინადრებმაც მისცეს.
გამოძიების შესახებ BuzzFeed News წერს.
წმინდა ჯოზეფის სახელობის თავშესაფარი 1974 წელს დაიხურა. სელი დეილი იქ ყველაზე დიდ ხანს ცხოვრობდა, 2-დან 23 წლის ასაკამდე. ის გამოძიებას 19 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას და უამრავი საზარელი ამბავი გაიხსენა, მათ შორის - როგორ გადააგდეს ფანჯრიდან მონაზვნებმა გარდაცვლილი ბიჭი.
დეილის თქმით, დაახლოებით 1944 წელს, როდესაც ის, სავარაუდოდ, 6 წლის იყო, ეზოში თამაშობდა და მოულოდნელად შუშის ჩამსხვრევის ხმა გაიგო. გოგონამ შენობისკენ გაიხედა და დაინახა ფანჯარაში მდგარი მონაზონი, რომელსაც ხელში ბიჭი ეჭირა, შემდეგ კი ხელი გაუშვა და სელიმ დაცემის ყრუ ხმა გაიგონა.
დეილიმ გაიხსენა შემთხვევაც, როდესაც მონაზვნებმა ბავშვები ნავით ტბაში შეიყვანეს და ერთ-ერთი ბიჭი წყალში გადააგდეს, მისი თქმით, ეს მეთოდი „ცურვის შესასწავლად“ გამოიყენებოდა. ბიჭი ტალღებში გაუჩინარდა.
სელი დეილი ახლა გარდაცვლილია, ის ერთ-ერთი იყო იმ 100 ადამიანს შორის, რომლებიც წმინდა ჯოზეფის თავშესაფარში ცხოვრობდნენ და ეკლესიის წინააღმდეგ 1990-იან წლებში სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
სასამართლო განხილვებისას სხვა არაერთი მძიმე ამბავი გახდა ცნობილი. ყოფილმა აღსაზრდელმა შერი ჰიუსტისმა გაიხსენა, როგორ აღვიძებდა შუაღამისას მკერავი ქალი ევა, რომ მასთან ერთად შემოევლო შენობის ყველა კარი შესამოწმებლად.
ერთ ღამეს, ჰიუსტისის თქმით, შემზარავი კივილის ხმა გაიგონეს, ხმას გაჰყვნენ და მივიდნენ ოთახში, სადაც მონაზვნები ერთ-ერთ მონაზონს მშობიარობაში ეხმარებოდნენ. ბავშვი ფერადკანიანი იყო. მეორე დღეს ახალშობილი ბალიშით გაგუდეს.
ჯოზეფ ესკრა, რომელიც თავშესაფარში 1950-1960 წლებში ცხოვრობდა, იხსენებს, რომ ერთ-ერთი ბიჭი ვახშამზე არ მივიდა. ბავშვები მის მოსაძებნად წავიდნენ და ერთ-ერთ ხეზე იპოვეს მიბმული. ბიჭი ყინვისგან გარდაცვლილი იყო.
სხვა ისტორიებს შორის არის დასჯის სასტიკი მეთოდები, მათ შორის - ასანთით მიყენებული დამწვრობები, მონაზვნების მიერ განხორციელებული სექსუალური ზეწოლა ბავშვებზე და ა.შ.
ვერმონტში მდებარე კათოლიკური საქველმოქმედო ფონდები და მონასტრები კომენტარისგან თავს იკავებენ.
ეკლესიამ თავშესაფარი გაყიდა, ახლა მისი მფლობელი ერთ-ერთი დეველოპერული კომპანიაა.