დავით ხუციშვილი ევროპის ჩემპიონია

დავით ხუციშვილი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში 29 ივნისს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე მშვენიერი შედეგი აჩვენა. ხალიჩაზე ნუგზარ სხირელის გუნდის ოთხი წევრი გავიდა და სამმა მათგანმა მედლის მოპოვებაც მოახერხა, მეოთხეს კი კვარცხლბეკამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა.

ყველაზე შედეგიანად დავით ხუციშვილმა (74 კგ) იჭიდავა. შარშან თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ამჯერად წაუგებლად ჩაამთავრა შეჯიბრი და დამსწრეთ საქართველოს ჰიმნი მოასმენინა. საჩემპიონო გზა ხუციშვილმა უნგრელი პეტერ გიორგის ძლევით დაიწყო, ბერძენი კონსტანტინ ალიოსეცკინითა და რუსი ზაურ მაკიევით გააგრძელა და თურქი სონერ დემირტაშით დააგვირგვინა. საგულისხმოა, რომ ქართველ მოჭიდავეს არც ერთი მეტოქისთვის სეტიც არ დაუთმია.

60 კილოგრამში მოჭიდავე თენგიზ ჩოჩიშვილმა ახალგაზრდულ ნაკრებში ევროდებიუტი ვერცხლით აღნიშნა. გადამწყვეტ შეხვედრაში იგი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა რუს ანვარ გაზიმაგომედოვთან. ფინალამდე კი ჩოჩიშვილმა თურქი აბდი ზურნაჩი, სომეხი ხრაჩია შახნაზარიანი, აზერბაიჯანელი უმუდ მამადოვი და ბელარუსი მაქსიმ შაკუნოუ ჩამოიცილა. უმსუბუქეს წონით კატეგორიაში – 50 კილოგრამში ქართული გუნდის კიდევ ერთმა დებიუტანტმა, ლაშა ტალახაძემ იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ბულგარელი ივაილო გეორგიევ არნაუდოვისა და სომეხი მატევოს საროიანის ძლევის შემდეგ ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, მოლდოველ ანატოლი ბურუიანთან დამარცხდა. რეპეშაჟის ფინალში კი ფრანგ ზოეირ ელ უარაკს აჯობა.

თორნიკე ხიდეშელს (96 კგ) უმძიმესი ბადე შეხვდა. სომეხ ანდრანიკ გალსტიანთან მოგების შემდეგ, მეორე წრეში მომავალ ჩემპიონთან, რუს ვლადისლავ ბაიცაევთან ვეღარას გახდა. მოგვიანებით დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც სლოვაკ იოზეფ იალოვიარს გასცდა. “ბრინჯაოს ფინალში” კი თურქ ფათიჰ იასარლისთან წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), დავით ტლაშაძე (66 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) იჭიდავებენ. შეგახსენებთ, მარსაგიშვილი და საკანდელიძე ევროპის მოქმედი ვერცხლის პრიზიორები არიან.

პირველი დღის შედეგებით, საქართველოს ნაკრებმა 33 ქულა დააგროვა და გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება, რომელსაც 37 ქულა აქვს. მესამე-მეოთხე პოზიციებზე თურქეთი (29) და უკრაინა (25) დგანან.

ოთარ მაღლაკელიძე

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო