კოტე ტუღუში: "გრინი და ჰოსლი რომ არ იმსახურებდნენ, კოკოშკოვი ნაკრებში არ მოიწვევდა"

კოტე ტუღუში: "გრინი და ჰოსლი რომ არ იმსახურებდნენ, კოკოშკოვი ნაკრებში არ მოიწვევდა"

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრობის 16 კანდიდატს შორის, ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ორი კალათბურთელი, ვლადიმერ ბოისა და კოტე ტუღუში (ორივე "ენერჯი ინვესტი") მოხვდა, რომლებიც უკანა ხაზის მოთამაშეები არიან. ორივე მათგანმა, დიდი როლი შეასრულა "ენერჯი ინვესტის" გაჩემპიონებაში, რომელმაც ქვეყნის საუკეთესო გუნდის სახელი ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

მართალია, აღნიშნული კალათბურთელები ეროვნულ ნაკრებში სასტარტო ხუთეულის წარმომადგენლები არ არიან, მაგრამ "ჯვაროსნების" მიერ A დივიზიონის საგზურის მოპოვებაში, მათაც გარკვეული წვლილი შეიტანეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტუღუშის კარგი თამაში ფლეი ოფში ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთან განმეორებით შეხვედრაში, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.

კალათბურთის გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ სტუმრად დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, "ჯვაროსნებს" სახლში მოგება გაუჭირდათ და მხოლოდ ორქულიან უპირატესიბას დასჯერდნენ. აღნიშნულ შეხვედრაში, ერთ-ერთი საუკეთესო ტუღუში იყო, რომელმაც თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

გთავაზობთ ინტერვიუს კოტე ტუღუშთან.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- 21 ივნისიდან, მე და ეროვნული ნაკრების მეფარე გიორგი შერმადინი, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შევუდექით და ინდივიდუალურად ვვარჯიშობთ. კონკრეტულად, დავრბივართ კუს ტბაზე და ვვარჯიშობთ ფიტნეს კლუბის "ტრენაჟორების" დარბაზში, რომელიც პეკინის ქუჩაზე მდებარეობს.

- 21-მდე რას საქმიანობდით?

- მე და ეროვნული ნაკრების წევრობის კიდევ სამი კანდიდატი: გიორგი შერმადინი, ლაშა გამყრელიძე და გიორგი ცინცაძე, ოჯახებით, თურქეთის საკურორტო ქალაქ ქემერში ვისვენებდით რამდენიმე დღით.

- საქართველოს ნაკრების ახალწვეულების, ტორინ გრინისა და ქუინტონ ჰოსლის თამაში თუ გაქვთ ნანახი?

- გრინისა და ჰოსლის თამაში არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდში თამაშს რომ არ იმსახურებდნენ, მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი მათ არ მოიწვევდა.

- ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი პროგრამით თუ ხართ კმაყოფილი?

- მე-3 წელია, ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მატარებლით 40 წუთის სავალზე მდებარე საკალათბურთო ბაზაზე ვვარჯიშობთ, სადაც მომზადების შესანიშნავი პირობებია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი, ხუთი (უნგრეთი, სლოვაკეთი, ბელარუსი, უკრაინა, რუმინეთი) ამხანაგური შეხვედრის ჩატარება, ცოტა არაა.

- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის იმ ჯგუფის შესახებ რას გვეტყვით, სადაც ჩვენი გუნდი თამაშობს?

- ძლიერი, თანაბარი ძალის მქონე გუნდებით დაკომპლექტებულ ჯგუფში მოვხვდით. აღნიშნულიდან გამოდინარე, ჯგუფის თითოეული მატჩი ძალიან საინტერესო იქნება.

- ახლოვდება პირველი ივლისი, როცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირისთვის მზადებას შეუდგება. ავსტრიაში როდის მიემგზავრებით?

- ნაკრების წევრობის 13 კანდიტატი 30 ივნისს მივემგზავრებით. მთავარ მწვრთნელ კოკოშკოვთან ერთად, გრინი და ჰოსლი ავსტრიაში შემოგვიერთდებიან. რაც შეეხება ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას, ავსტრიაში 5 ივლისს ჩამოვა.

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შესახებ რას გვეტყვით?

- მართალია, ფინალური სერია 3:1 მოვიგეთ, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. თუ გავითვალისწნებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატი დაუმარცხებლად დავასრულეთ, თსუ-გან ფინალში ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდით.

- "ენერჯი ინვესტს" ბოლო თვის ხელფასი გასასტუმრებელი ჰქონდა....

- ბოლო თვის ხელფასიც ავიღეთ და "ენერჯი ინვესტის" მიმართ სამდურავი არ გვეთქმის. - ჯერჯერობით, უკლუბოდ ვარ.

- ამბობენ, რომ შსს ძლიერი გუნდის გაკეთებას აპირებს და ამ გუნდში თქვენც მოიაზრებით. მართალია, რასაც ამბობენ?

- შსს ხელმძღვანელობა მართლაც დამიკავშირდა და ამ თემაზე გვქონდა საუბარი. ჯერჯერობით, არაფერი გადაგვიწყევტია.

- თქვენი სურვილი რომ იყოს, რომელ გუნდში ითამაშებდით?

- ელემენტარული ჭეშმარიტებაა, პროფესიონალი ვარ და რომელი გუნდიც კარგ პირობებს შემომთავაზებს, იმ გუნდში ვითამაშებ.

როლანდ ლაბუჩიძე

"მსოფლიო სპორტი"

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო