ფიფამ როზეტი და ლარიონდა დაითხოვა

ფიფამ როზეტი და ლარიონდა დაითხოვა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მუნდიალზე მთავარი სკანდალების მაპროვოცირებელი არბიტრები ჩემპიონატის დანარჩენი მატჩებიგან გათავისუფლებული არიან. ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი ფიფას ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირწმუნება, რომ იტალიელი რობერტო როზეტი და ურუგვაელი ხორხე ლარიონდა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს აღარ მოემსახურებიან.

შეგახსენებთ, რომ აპენინელ მსაჯთა ბრიგადამ შეცდომა არგენტინა-მექსიკის მერვედფინალური მატჩის (3:1) დროს დაუშვა, როცა 0:0-ზე კარლოს ტევესის მიერ აშკარა თამაშგარიდან გატანილი გოლი ჩათვალა. ლარიონდა კი საპირისპიროში არის დამნაშავე - ურუგვაელმა მსაჯმა გერმანია-ინგლისის (4:1) დაპირისპირებისას, ფრენკ ლამპარდის ნაღდი გოლი არ ჩათვალა. არადა, იმ გოლით ინგლისელები ანგარიშს ათანაბრებდნენ (2:2 ხდებოდა) და კაცმა არ იცის, შემდეგ რა მოხდებოდა. საინტერესოა, რომ ორივე ეს შეხვედრა ერთ დღეს ჩატარდა.

მოკლედ, მსაჯებმა მერვედფინალური მატჩების მსვლელობისას სერიოზული შეცდომები დაუშვეს და სამართლიანადაც დაისაჯნენ. ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა კი, არბიტრთა ამ უზუსტობების შემდეგ განაცხადა, რომ ვიდეო-რეფერის დანერგვის საკითხს მომავალში კიდევ ერთხელ დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფეხბურთის ხელმძღვანელებმა მატჩების მსვლელობისას ტექნიკის გამოყენებაზე მარტში კატეგორიული უარი განაცხადეს.

ბოლოს იმასაც დავამატებთ, რომ როზეტისა და ლარიონდას გარდა, ფიფამ მუნდიალიდან კუმან კულიბალი და სტეფან ლანუაც მოკვეთა. პირველი მათგანი აშშ-სა და სლოვენიის დაპირისპირებას მსაჯობდა, ლანუამ კი შეცდომები ბრაზილია-კოტ დივუარის შეხვედრისას დაუშვა.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო