ავტორი:

თუ ბავშვი ღამით მოულოდნელად ყვირილს და ტირილს იწყებს - რა არის "ღამის შიში"

თუ ბავშვი ღამით მოულოდნელად ყვირილს და ტირილს იწყებს  - რა არის "ღამის შიში"

ღამით, როდესაც ბავშვი მოულოდნელად იწყებს ტირილს და ხმამაღლა ყვირილს, მშობლები ცდილობენ, გამოაფხიზლონ და დაამშვიდონ, თუმცა ეს ხშირად შეუძლებელია.

ღამის შიში (Night terrors) არის ძილის დარღვევა, რაც თითქოს ღამის კოშმარს ჰგავს. მართალია, შვილის ისტერიკის ყურება მშობლებისთვის ძალიან მძიმეა, თუმცა უმეტესად, ასეთი შემთხვევები სამედიცინო პრობლემას არ წარმოადგენს.

ღამის შიშის ნიშნები და სიმპტომები

შესაძლოა, ბავშვი მოულოდნელად წამოჯდეს ლოგინზე, იყვიროს ხმამაღლა. ამ დროს სუნთქვა და გულისცემა უხშირდება, არის ძალიან გაღიზიანებული და შეშინებული.

შეტევა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება, ხან - მეტი ხნითაც. შემდეგ კი ბავშვი მომენტალურად მშვიდდება და ძილს აგრძელებს.

ღამის კოშმარისგან განსხვავებით, რომელსაც ბავშვები იმახსოვრებენ ხოლმე, ასეთი შემთხვევები მცირეწლოვნებს საერთოდ არ ახსოვთ.

რა იწვევს ღამის შიშს?

ძილის დროს ცენტრალური ნერვული სისტემის ძლიერი აღგზნებადობა იწვევს ღამის შიშს. ეს არ არის სიზმარი, შეტევა უფრო უცაბედი რეაქციაა შიშზე, რომელიც ძილის ერთი სტადიიდან მეორეზე გადასვლის დროს ჩნდება.

სიმპტომები, უმეტესად, ჩაძინებიდან 2-3 საათის შემდეგ იწყება, როდესაც ბავშვი ძილის ყველაზე ღრმა ეტაპზე გადადის. უმეტესად, ეტაპების ცვლილება შეუმჩნევლად ხდება, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც ბავშვი გაღიზიანებული და შეშინებულია, სწორედ ეს არის ღამის შიში.

ვის ემართება ღამის შიში?

სიმპტომები ვლინდება გადაღლილ ბავშვებში, ანდა მცირეწლოვნებში, რომლებიც განიცდიან სტრესს; იღებენ ახალ მედიკამენტს; სძინავთ ახალ გარემოში ან - სხვა სახლში; ბავშვებს, რომლებსაც საკმარისი დროით არ სძინავთ დღე-ღამის განმავლობაში, ან იღებენ ბევრ კოფეინს.

ღამის შიში, ხშირად, მშობლიდან გენეტიკურად გადაეცემათ ბავშვებს. ასაკის მატებასთან ერთად სიმპტომები ნელ-ნელა ქრება.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს?

ამ დროს მასთან საუბარი არაფრისმომცემია. უნდა დაველოდოთ, როდის დამშვიდდება ბავშვი, თვალყური ვადევნოთ, არაფერი დაიზიანოს. რამდენიმე წუთში ის თავადვე დამშვიდდება და ძილს გააგრძელებს.

ღამის შიშის შეტევის დროს ბავშვის გაღვიძება არ უნდა ვცადოთ. ამას, უმეტესად, შედეგი არ აქვს, ბავშვებს კი, რომლებიც იღვიძებენ, ორიენტაცია დაკარგული აქვთ და დაბნეულები არიან. მათ დიდი ხანი დასჭირდებათ, დამშვიდდნენ და კვლავ დაიძინონ.

მაისის თოვლი - შთამბეჭდავი ფოტოები დათოვლილი ბაკურიანიდან

Facebook და Google საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ

"7 მაისს, საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა..." - ერთი ტფილისური ჩვეულების ამბავი