ავტორი:

რას ამბობენ რუსთაველის თეატრში მსახიობების გათავისუფლებაზე - "მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, თუნდაც შინაგანაწესის დარღვევა"

რას ამბობენ რუსთაველის თეატრში მსახიობების გათავისუფლებაზე - "მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, თუნდაც შინაგანაწესის დარღვევა"

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან რამდენიმე დღის წინ 7 თანამშრომელი გაათავისუფლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, თეატრიდან 6 მსახიობი და ერთი ტექნიკური თანამშრომელი გაუშვეს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გათავისუფლებულ მსახიობებს შორის არიან: ნინუცა მაყაშვილი, ნათია კვაშალი, გოგა გველესიანი. ჩვენი წყაროს ცნობით, მსახიობები თეატრიდან რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, თუმცა ეს საჯაროდ არავინ დაადასტურა.

მსახიობმა გოგა გველესიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მის ხელშეკრულებას დეკემბერში ეწურებოდა ვადა, თუმცა შვებულებაში გასვლამდე კადრების თანამშრომელმა თეატრში დაიბარა "რაღაცაზე ხელის მოსაწერად".

"სათვალე დამრჩა და ვერც წავიკითხე, რას ვაწერდი ხელს. თურმე რეორგანიზაციას მოვაწერე ხელი მოტყუებით, რას ვიფიქრებდი ასე თუ მოხდებოდა. წინასწარი გაფრთხილების გარეშე თუ გაათავისუფლებდნენ მსახიობებს აკადემიური თეატრიდან რას ვიფიქრებდი?!" - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბრისას გველესიანმა.

თეატრის პოზიციის გასარკვევად AMBEBI.GE რუსთაველის თეატრის იურისტს ლაშა გოგინაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო ლაშა, რამდენი ადამიანი გათავისუფლდა თეატრიდან?

- თეატრიდან სულ გათავისუფლდა 6 თანამშრომელი. აქედან 5 არის დასის წევრი და 1 ადმინისტრაციის თანამშრომელი.

- რა გახდა მათი გათავისუფლების მიზეზი?

- გათავისუფლების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. თუნდაც თეატრის შინაგანაწესის დარღვევა. თუნდაც ის, რამდენად აქტიურად არის ჩართული მსახიობი თეატრის ცხოვრებაში, დაკავებულია თუ არა სპექტაკლებში და ა.შ. მაგრამ მე იურისტი ვარ და არ დავარღვევ კანონს პერსონალური მონაცემების შესახებ და ვერც იმას ვიტყვი, ვინ რატომ გაათავისუფლეს და ვინ არიან გათავისუფლებული მსახიობები.

- ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა მსახიობმა გოგა გველესიანმა ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ მას სათვალე დარჩა სახლში და არ იცოდა რას აწერდა ხელს...

- გავეცანი ამ კომენტარს და აღშფოთებული ვარ. ეს არის არასწორი, სათვალე დამრჩა და არ ვიცოდი ხელს რას ვაწერდიო, როცა ამბობს ბატონი გოგა, არასწორია. ის დოკუმენტი რასაც ხელი მოაწერა ბატონმა გველესიანმა, არანაირ კავშირში არაა სამსახურიდან გათავისუფლებასთან. მან ხელი მოაწერა რეორგანიზაციის ბრძანებას, რასაც სხვა მსახიობებმა და თანამშრომლებმაც მოაწერეს ხელი.

ივლისის ბოლოს შედგა გათავისუფლების ბრძანება და ამის შესახებ ეცნობა ბატონ გოგას. ხაზგასმით ვამბობ - შიდა რეორგანიზაციას სამსახურიდან გათავისუფლებასთან კავშირი არ აქვს და ბატონი გოგა სხვადასხვა რამეზე საუბრობს.

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა

"ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება... ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს" - თამარ გაბუნია

"კლასტერებიდან" გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე... დღეს ნახტომი გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება" - ამირან გამყრელიძე