1 ივნისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო 09:00 საათზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს დამთავრდება.
საგამოცდო ტესტების ტრანსპორტირება "ეროვნული ბანკისა" და "ლიბერთი ბანკის" საცავებიდან დილის 06:30 საათზე მოხდა. ტესტები საგამოცდო ცენტრებში საპატრულო პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანხლებით მიიტანეს. თითოეულ საგამოცდო ცენტრთან მორიგეობს სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები. გახსნილია სამედიცინო პუნქტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2010 წელს 36 421 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან 30 000-ზე მეტი სტუდენტი გახდება. ჩარიცხული სტუდენტებიდან დაახლოებით 9 000 სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას - სახელმწიფო გრანტს. სახელმწიფო გრანტი კვლავინდებურად გაიცემა სრული და ნაწილობრივი დაფინანსებით. კონკრეტულად კი, მაქსიმალური გრანტის ოდენობა - სრული დაფინანსება მოიცავს 2 500 ლარს, ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური. არის ასევე 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი გრანტები.
წელს დაფინანსება, გასული წლისგან განსხვავებით, ოთხი გამოცდის შედეგების მიხედვით გაიცემა. თითოეული აბიტურიენტი ასევე შარშანდელისგან განსხვავებით ოთხ გამოცდას აბარებს - სამ სავალდებულო და ერთ არჩევით გამოცდას. ასევე შეიცვალა ზოგადი უნარების ტესტების რაოდენობა. თუ გასულ წელს ზოგადი უნარების ტესტში 100 საკითხი იყო, წელს ის 80-მდე შემცირდა, ხოლო სამუშაოს შესრულებისთვის აბიტურიენტებს იგივე დრო დარჩათ.
გარდა ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდებისა, წელს ტარდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდები და პირველად ტარდება პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები. სასერტიფიკაციო გამოცდები 13 ივლისს პროფესიულ უნარებში ჩატარდება, ხოლო სამაგისტრო გამოცდა 7 და 8 ივლისს არის დაგეგმილი.
გამოცდები ტარდება სიღნაღში, თელავში, რუსთავში, თბილისში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ხულოში. საგამოცდო პროცესში ჩართულია 1 300 მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა.