ავტორი:

რამდენია პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - IDFI-ის კვლევა

რამდენია პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - IDFI-ის კვლევა

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის"(IDFI) ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 900 ლარს შეადგენს, ხოლო მისი ადმინისტრაციის უფროსის - 6 250 ლარს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - 5 770 ლარს შეადგენს, ხოლო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის - 5 440 ლარს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის - 5 410 ლარს, ხოლო დეპარტამენტის ხელმძღვანელის - 4 400 ლარს.

"საქართველოს პრეზიდენტზე განვლილ წლებში პრემიისა თუ სახელფასო დანამატის გაცემის შემთხვევა არ ფიქსირდება, ხოლო ახალი კანონის პირობებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა აიკრძალა, შესაბამისად, პრეზიდენტის ანაზღაურება ახალი კანონის პირობებში უცვლელი დარჩა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებისათვის შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიღებამდე ყოველთვიურად განსაზღვრული იყო სახელფასო დანამატები და გარკვეული პერიოდულობით გაიცემოდა პრემიები. შესაბამისად, ახალი კანონის მიხედვით, პრემიებზე და დანამატებზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებზე 2017 წლის მდგომაროებით არსებული შრომის ანაზღაურების ოდენობის შენარჩუნება შესაძლებელი იყო ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ზრდის ხარჯზე. 2018 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების ყოველთვიური სარგოს ოდენობა განისაზღვრა წინა წელს მოქმედი ყოველთვიური სარგოსა და შესაბამის თანამდებობაზე დაწესებული ყოველთვიური სახელფასო დანამატის ჯამის ოდენობით.

მაგალითად, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოველთვიური სარგო შეადგენდა 3 540 ლარს, ხოლო ყოველთვიური სახელფასო დანამატი - 2710 ლარს. 2018 წლიდან მისი ყოველთვიური სარგო შეადგენს 6250 ლარს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - 6 738,75 ლარს შეადგენს, ხოლო პარლამენტის წევრის - 4 623,75 ლარს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, 2018 წლამდე საქართველოს პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგო განსაზღვრული იყო 2000 ლარის ოდენობით. თუმცა, მათი თანამდებობის მიხედვით, განსაზღვრული იყო სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა და სხვა დანამატი. შედეგად, პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურება სადეპუტატო თანამდებობების მიხედვით დაახლოებით 4 600-დან 6 700 ლარამდე მერყეობდა.

IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6 403,75 ლარს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - 6 338,75 ლარს, უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერების, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის - 538,75-538,75 ლარს, ფრაქციის თავმჯდომარის - 5 468 ლარს, დროებითი კომისიის თავმჯდომარის - 4 938 ლარს, უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერების მოადგილეების, ასევე კომიტეტის პირველი მოადგილის - 4 803,75- 4 803,75 ლარს, ფრაქციის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების - 4 738,75 ლარს.

"ახალი კანონის მიხედვით, პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები მათი თანამდებობების მიხედვით 8-დან 10-მდე მერყეობს. შესაბამისად, ახალი კანონი იძლეოდა შესაძლებლობას, 2018 წლიდან პარლამენტის წევრის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაზრდილიყო, მაგალითად, პარლამენტის ჩვეულებრივი წევრის ანაზღაურება 4 623 ლარიდან 8 000 ლარამდე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის 6 738 ლარიდან 10 000 ლარამდე.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგო განისაზღვრა იმავე ოდენობით, რასაც წინა წლის განმავლობაში იღებდნენ სარგოსა და დანამატების სახით ერთად. შესაბამისად, 2018 წლიდან მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეცვლილა, თუმცა ანაზღაურების ფორმას, წინა წლებისგან განსხვავებით, წარმოადგენს მხოლოდ ყოველთვიური სარგო" - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები