ავტორი:

ნაცისტური დროშა იალბუზზე - რატომ სურდა ჰიტლერს სოხუმის დაკავება და რას ითვალისწინებდა ოპერაცია "ედელვაისი"

ნაცისტური დროშა იალბუზზე - რატომ სურდა ჰიტლერს სოხუმის დაკავება და რას ითვალისწინებდა ოპერაცია "ედელვაისი"

1942 წლის 23 ივლისს, დონის როსტოვის დაცემის შემდეგ, ვერმახტის გენერალ-ფელდმარშალ ევალდ ფონ კლაისტის სატანკო შენაერთები კავკასიის ქედისკენ დაიძრნენ.

სამთო დივიზია “ედელვაისის” მეთაურმა, გენერალმა ჰუბერტ ლანცმა გადაწყვიტა, საბჭოთა არმიისთვის მდინარე ყუბანის ხეობიდან შეეტია - გადასულიყო მარუხისა და ქლუხორის უღელტეხილებზე და საქართველოს აფხაზური შავი ზღვის სანაპიროზე გაჭრილიყო. გერმანელთა მე-4 სამთო-მსროლელი დივიზია კი, რომელიც ძირითადად ტიროლელებისგან შედგებოდა, საქართველოში გადმოსვლას სანჩარის უღელტეხილიდან შეეცადა.

დივიზია “ედელვაისის” ფლანგების დასაცავად და იალბუზისკენ მიმავალი ბილიკის ხელში ჩასაგდებად, შეიქმნა სპეციალური რაზმი. 1942 წლის 21 აგვისტოს ჰაუპტმან (კაპიტან) ჰაინც გროტის რაზმმა კავკასიონის უმაღლეს წერტილზე - იალბუზზე გერმანული სამხედრო დროშა აღმართა.

ნახევარი წლის შემდეგ, 1943 წლის 13 თებერვალს, გერმანელთა დროშები საბჭოთა სამხედრო ალპინისტებმა ჩამოხსნეს და ნაცისტურის ნაცვლად საბჭოური დროშები და სიმბოლოები აღმართეს.

ოპერაციის შესახებ ისტორიკოსი გიორგი მამულია უამბობს AMBEBI.GE-ს მკითხველს:

"ჰაუპტმან ჰაინც გროტი ცნობილი ალპინისტი იყო და მან მოინდომა სამხედრო მიღწევებისთვის, ალპინისტური მიღწევებიც დაემატებინა. ამ მიზნის მისაღწევად წამოიყვანა საუკეთესო მთამსვლელები (მის კავკასიის მაღალმთიან რაიონებში მოქმედ საგანგებოდ ჩამოყალიბებულ სამთო-მსროლელ ჯგუფში მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მთამსვლელები შედიოდნენ) და იალბუზის მწვერვალზე 1942 წლის 14-21 აგვისტოს ასვლის შედეგად შეძლო იქ გერმანიის სამხედრო დროშა აღემართა. ეს ძალიან დიდ ალპინისტურ მიღწევად ჩაითვალა, რაც კარგად იქნა გაპიარებული გერმანულ პროპაგანდისტულ ქრონიკებშიც.

გროტის რაზმს იალბუზზე ასვლისას თან ახლდა გერმანელი სამხედრო ოპერატორიც, რომელმაც დაწვრილებით გადაიღო როგორც ეს ალპინისტური მიღწევა, ისე თავად დროშის აღმართვის ცერემონიაც. ამ კადრების ნაწილი მაშინვე შევიდა მთავარი გერმანული პროპაგანდისტული კინოჟურნალის “გერმანული საკვირაო მიმოხილვის” (Die Deutsche Wochenschau) ერთ-ერთ გამოშვებაში, მთელი ფილმი კი დაახლოებით 20 წლის წინ იქნა გამოცემული სახელით “მეგობრები ედელვაისის ქვეშ”.

ნახეთ: გერმანელი სამხედრო ოპერატორის უნიკალური კადრები

სხვათა შორის, ალბერტ შპეერს, გერმანიის შეიარაღების ყოფილ მინისტრს, თავის მემუარებში უწერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იალბუზზე დროშის აღმართვა ძალიან დიდი ალპინისტური მიღწევა იყო, ჰიტლერი ამ აქციით ფრიად უკმაყოფილო იყო. იგი ითხოვდა ნებისმიერი საშუალებით ამიერკავკასიაში გაჭრას და სოხუმის დაკავებას. მისი საყვედური "ედელვაისის" მებრძოლთა მიმართ ის იყო, რომ მათ არ შეასრულეს მისი ბრძანება გადაესროლათ მთელი ძალები სოხუმის ასაღებად და ამრიგად კავკასიონის დიდი ქედი გადმოელახათ, არამედ მხოლოდ იალბუზზე ასვლით და სიმბოლური წარმატებით დაკმაყოფილდნენ...

- სოხუმის მიმართ ჰიტლერს რა ინტერესი ჰქონდა?

- სოხუმის მიმართ მისი ინტერესი ის იყო, რომ ქლუხორის, სანჩარისა და მარუხის უღელტეხილების დაძლევით, ვერმახტი ამიერკავკასიაში შედიოდა და ზურგში ექცეოდა საბჭოთა ჯარების ტუაფსეში მყოფ დაჯგუფებას, რომელიც, სარგებლობდა რა მომგებიანი ბუნებრივი პირობებით (ტუაფსედან სოხუმამდე მომდინარე ვიწრო შავის ზღვის სანაპირო ზოლით), გზას უღობავდა გერმანელთა მე-9 არმიას, რომელიც ნოვოროსიისკის აღების შემდეგ ამიერკავკასიაში შავი ზღვის სანაპიროთი უნდა შეჭრილიყო.

უკვე 1942 წლის აგვისტოში ვერმახტის 49-ე სამთო კორპუსის ნაწილებმა, რომელშიც შედიოდა გერმანელთა პირველი და მეოთხე სამთო-მსროლელი დივიზია, ქლუხორის, სანჩარის და მარუხის უღელტეხილები დაიკავეს, მაგრამ ამ წარმატების შემდგომი განვითარება, მთების სამხრეთ ფერდობებზე დაშვება და შავი ზღვის სანაპიროზე გასვლა ვერ შეძლეს ბოლშევიკების გაძლიერებული წინააღმდეგობისა და ცოცხალი ძალის და მომარაგების ნაკლებობის გამო. გერმანელთა საბრძოლო კომუნიკაციები უზომოდ გაიწელა. სხვათა შორის, სწორედ ეს დრო ემთხვევა ჰაუპტმან გროტის რაზმის იალბუზზე ასვლას, რამაც ჰიტლერის ასეთი მძაფრი რეაქცია გამოიწვია იმის გამო, რომ უღელტეხილთა აღების შემდეგ ყოველ ზედმეტ ჯარისკაცს მნიშვნელობა ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში გაჭრისათვის. სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასიის შავიზღვისპირეთში გაჭრა და სოხუმში შესვლა გერმანელებმა ვერ მოახერხეს.

- ალბათ, მათთვის სამწუხაროდ...

- წარმოიდგინეთ, ჩვენთვისაც სამწუხაროდ... დღევანდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა გერმანელებს დაეპყროთ ამიერკავკასია და საერთოდაც მოეგოთ ომი საბჭოთა ურჩხულის წინააღმდეგ. ჰიტლერის რეჟიმი ისტორიული თვალსაზრისით მაინც განწირული იყო. გერმანიაში, ტოტალიტარული და მონოლითური სტალინური საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმისადმი საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია არსებობდა, განსაკუთრებით კონსერვატულ და სამხედრო წრეებში.

შესაბამისად, ჰიტლერის რეჟიმიც მე არა ტოტალიტარულ, არამედ უფრო ავტორიტარულ რეჟიმად მიმაჩნია, რომელმაც მხოლოდ 1944 წლის ზაფხულიდან მიიღო ტოტალიტარიზმის გარკვეული ნიშნები. სრულიად ტოტალიტარულ სტალინურ საბჭოთა კავშირს კი, ქართველთა როგორც ერის განადგურება სურდა. ეს კი გაცილებით უარესი იყო ქართველებისათვის.

- რა იყო სტალინის პასუხი იალბუზზე დროშის აღმართვაზე?

- სტალინის რეაქცია ცნობილი არ არის. როგორც ჩანს, ის ასეთ სიმბოლურ აქტებს დიდ ყურადღებას არ ანიჭებდა. ცნობილია, რომ კავკასიას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სტალინისთვის და მთლიანად საბჭოთა კავშირისთვის. მოგეხსენებათ, მაშინ ციმბირის ნავთობსაბადოები ჯერ კიდევ აღმოჩენილი არ იყო და სსრკ-ს ნავთობის, ანუ როგორც მას მაშინ უწოდებდნენ, ომის ნერვის 85 პროცენტამდე ბაქოს, გროზნოს და მაიკოპის ნავთობსაბადოებზე მოიპოვებოდა. ამ მიზეზით სტალინმა ნებისმიერი ძალებით გადაწყვიტა სამხრეთ კავასიის საბჭოთა ოკუპაცია შეენარჩუნებინა.

სხვათა შორის, 1942 წელს, როდესაც გერმანელები კავკასიას მოადგნენ, ინგლისელებმა სტალინს შესთავაზეს, რომ სამხრეთ კავკასიის დასაცავად რეგიონში ირანიდან თავის ჯარს შეიყვანენ. ამაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან მისთვის სულ ერთი იყო, აღმოჩნდებოდა ბაქო გერმანელთა თუ ინგლისელთა ხელში. … ისტორიული თვალსაზრისით, ქართველთათვის სისხლიანი სტალინური რეჟიმი ყველაზე დამღუპველი გამოდგა. სტალინმა ქართველთა პოლიტიკურ-კულტურული ელიტა თითქმის მთლიანად მოსპო, რადგან მისი მიზანი, საბოლოო ჯამში, საბჭოთა ინტერნაციონალიზმის ნიღაბ ქვეშ ქართველთა რუსიფიკაცია და ასიმილაცია იყო, თანაც მისი ყველაზე უარესი და ბარბაროსული – ბოლშევიკურ-სტალინური ფორმით.

ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო

როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

უნიკალური კადრი - ფოტოგრაფმა შტორმის დროს, რომაული წყლის ღმერთის, ნეპტუნუსის "სახე“ აღბეჭდა