ავტორი:

"თუ გიღალატეთ, მომკალით! თუ მომკლეს - შური იძიეთ!" - საინტერესო ფაქტები მუსოლინის შესახებ

"თუ გიღალატეთ, მომკალით! თუ მომკლეს - შური იძიეთ!" - საინტერესო ფაქტები მუსოლინის შესახებ

“თუ მე წინ მივდივარ, უკან მომყევით! თუ მე გიღალატეთ, მომკალით! თუ მე მომკლეს - შური იძიეთ!” - ეს ბენიტო მუსოლინის სიტყვებია. ეს არის ადამიანი, რომელსაც სურდა, მისი სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერილიყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ფაშიზმი მოუვლინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება სისტემა, რომელიც XX საუკუნეში უბედურების სიმბოლო გახდა. მან დაუდო საფუძველი ტოტალიტარიზმის იმ ფორმას, რომელიც შემდეგ წარმატებით გადაიღეს ნაცისტურ გერმანიაში და რომლის ანალოგიც მოქმედებდა ბოლშევიკურ რუსეთში.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ამ ისტორიული პიროვნების შესახებ:

ერთი შეხედვით, მუსოლინი სასტიკი და შეუვალი დიქტატორის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებოდა. მაგრამ სინამდვილეში, სისასტიკის მხრივ იგი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ჰიტლერისა და სტალინის მიერ შექმნილ რეჟიმებს. იტალიაში მას “მუყაოს ლომს” ეძახდნენ, ხოლო მის რეჟიმს “რბილი ყველის დიქტატურა” შეარქვეს.

მუსოლინი ჩხუბისთავი და ჯიუტი ბავშვი იყო. სკოლაში პირველივე წელს ბენიტომ უფროსკლასელ ბიჭს ჩხუბის დროს დანა გაუყარა. მიუხედავად ამისა, ის სკოლაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოსწავლედ ითვლებოდა.

მუსოლინიმ საქმიანობა პრესაში დაიწყო. იგი ნიჭიერი ჟურნალისტი იყო. მისი სტატიების ტონი აგრესიული და კატეგორიული გახლდათ. ბენიტოს შეეძლო ყველაზე აქტუალური თემების შერჩევა, მყვირალა სათაურების მოფიქრება. ორ წელიწადში ბენიტო იმდენად დაწინაურდა, რომ მას სოციალისტური პარტიის მთავარი ბეჭდვითი ორგანოს რედაქტორობა ჩააბარეს.

1914 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და მასში იტალია არ ჩაერთო, მუსოლინის მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა. საბოლოოდ, იტალია ომში ჩაერთო და მუსოლინიც იბრძოდა, ვიდრე ფეხში არ დაიჭრა.

სულ მალე ბენიტო ჯარისკაცების კერპი გახდა. მან გადაწყვიტა ესარგებლა ამ პოპულარობით და 1919 წლის 23 მარტს მილანში, ახალი ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. მუსოლინის ორგანიზაციას Fasci italiani di combattimento ერქვა (“იტალიის ბრძოლის კავშირი”). შემოკლებით კი მათ ფაშისტებს ეძახდნენ. მუსოლინი არ მალავდა თავის მისწრაფებას: “ფაშიზმი - ეს არის მორალური და მატერიალური ძალების გიგანტური მობილიზაცია. რა გვსურს ჩვენ? გეტყვით პირდაპირ: ჩვენ ქვეყნის მართვა გვინდა!”

3 წლის შემდეგ ბენიტომ მთავრობას 5 სამინისტროს დათმობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სამოქალაქო ომის დაწყებით იმუქრებოდა. იტალიის მეფემ მუსოლინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა და მან პირდაპირი კონტროლი დააწესა შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და კოლონიების საქმეთა სამინისტროებზე. იტალიაში გაუქმდა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, აიკრძალა პარტიები, თავისუფალი პროფკავშირები, ციხეებში აღმოჩნდნენ რეჟიმით უკმაყოფილო მოქალაქეები და პოლიტიკური ოპონენტები. ჯერ შეიზღუდა, შემდეგ კი საერთოდ აიკრძალა თავისუფალი პრესა.

მუსოლინის არ აინტერესებდა ფინანსური კეთილდღეობა. მას არ ჰქონდა დიდი ქონება, მაგრამ უარს არ ამბობდა სხვადასხვა სახის სიამოვნებაზე. გატაცებული იყო ავტომობილებით და ცხენებით. ყველაზე მეტად კი ქალები უყვარდა. ახალგაზრდობაში ის საროსკიპოების ხშირი სტუმარი იყო და სიფილისითაც დაავადდა.

1909 წელს ბენიტოს თავისი ყოფილი მოსწავლე რაქელ გვიდი შეუყვარდა. მან გოგონას შეუღლების გარეშე თანაცხოვრება შესთავაზა. მუსოლინი შეყვარებულის ოჯახს ესტუმრა, იარაღი ამოიღო და რაქელის დედას განუცხადა: “ქალბატონო გვიდი, ამ პისტოლეტში 6 ტყვიაა, თუ თქვენ უარს მეტყვით, პირველი ტყვია თქვენს ქალიშვილს მოხვდება, მეორე კი მე” - გოგონას მშობლები მის წინადადებას დათანხმდნენ. საბოლოოდ, მუსოლინის რაქელზე დაქორწინება მაინც მოუწია, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდა. რაქელთან ბენიტოს 5 შვილი ჰყავდა, მაგრამ ოჯახთან იგი თითქმის არ ცხოვრობდა. ოჯახის ნაცვლად დუჩე დიდ დროს საყვარლებს უთმობდა.

1937 წელს მუსოლინი და ჰიტლერი ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ და პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. 1941 წელს მუსოლინიმ გერმანიის მსგავსად საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა. გაწელილი ომისა და გახშირებული სამხედრო მარცხის შედეგად, იტალიაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. 1943 წელს ომი უკვე თავად იტალიას დაემუქრა. 10 ივლისს ინგლისურ-ამერიკული კორპუსი სიცილიაში შეიჭრა. მუსოლინიმ დახმარებისთვის ჰიტლერს მიმართა, მაგრამ ფიურერმა რუსეთის ფრონტზე შექმნილი მძიმე ვითარების გამო, დახმარება ვერ შეძლო.

ფაშისტთა ლიდერებმა დიდი კრება მოიწვიეს და დიქტატორს განუცხადეს, რომ იგი პარტიის ლიდერის პოსტიდან გადაყენებულია. ბენიტომ კრების გადაწყვეტილება არ სცნო. მეორე დღეს იგი იტალიის მეფემ დაიბარა და პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მისი დათხოვნის შესახებ აუწყა. მეფის სასახლიდან გამოსვლის შემდეგ ბენიტო დააპატიმრეს.

მუსოლინი შვეიცარიაში გაქცევას შეეცადა, მაგრამ იგი პარტიზანებმა დააკავეს და დახვრეტა მიუსაჯეს. იგი იმავე დღეს, თავის საყვარელ კლარეტა პეტაჩესთან ერთად დახვრიტეს. როგორც ამბობენ, დახვრეტის დროს, კლარეტა თავის საყვარელს მკერდით გადაეფარა. მათი ცხედრები პარტიზანებმა მილანში გადაიტანეს და პიაცა ლორეტოს მოედანზე თავდაყირა დაკიდეს.

მუსოლინის შესახებ არაერთი საინტერესო წიგნი დაიწერა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიცა. ფაშიზმის შემქნელის შესახებ წიგნი საქართველოში ახლახან გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ სერია „50 პერსონის“ ფარგლებში გამოსცა. წიგნი ჟურნალ "ისტორიანის“ ოქტომბრის ნომერთან ერთად გაიყიდება. მისი სპეციალური ფასია 5 ლარი, ხოლო ჟურნალთან ერთად 8 ლარია.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა