გრიშა ონიანი: "მოკვდავებს რა ხელი აქვთ უკვდავებასთან?!"

გრიშა ონიანი: "მოკვდავებს რა ხელი აქვთ უკვდავებასთან?!"

საბჭოთა კავშირის ლიდერ იოსებ სტალინის 6-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც გორში 1952 წელს, მის სიცოცხლეშივე დაიდგა, 2010 წლის 25 ივნისს აიღეს.

მის ადგილზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველების მემორიალი აღიმართება. ამ ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სტალინის ძეგლის დემონტაჟს ბევრი გულწრფელად მიესალმა, საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით კი, სტალინის ძეგლი ქვეყნის ისტორიის ნაწილი იყო და თავის ადგილას უნდა დაეტოვებინათ.

გრიშა ონიანი, საზოგადოება "სტალინელის" თავმჯდომარე:

- მოკვდავებს რა ხელი აქვთ უკვდავებასთან? ომში დამარცხებული და ტერიტორიებდაკარგული ქვეყნის კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ვერ უნდა ეხებოდეს მსოფლიო ცივილიზაციის გადამრჩენელ კაცს, რომელმაც მიხაკისფერი ჭირისაგან, ფაშიზმისაგან  იხსნა მსოფლიო. ამას ველოდი, თუმცა ეს ამათი გაკეთებული საქმე არ იყო. ძეგლის აღება არც ავლაბრის რეზიდენციაში დაგეგმილა და არც პარლამენტის შენობაში, ოკეანის გადაღმა გადაწყდა.

გეგმა ჩადებული იყო მასონებისა და კაპიტალისტური ქვეყნების სამოქმედო პროგრამებში. ისინი ყოველთვის ებრძოდნენ სოციალისტურ სისტემას და სტალინს. სწორედ მათი დისკრედიტაციით მიაღწიეს წონასწორობის დარღვევას და შექმნეს ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელმაც არ გაამართლა.

- თურმე აშშ-ში, ვირჯინიის შტატში დაუდგამთ სტალინის ბიუსტი.

- დიახ, დადგეს იმ ადამიანის ძეგლი, რომელმაც ამერიკელი ხალხიც გადაარჩინა.

- თუმცა სტალინმა ტირანის სახელი დაიმკვიდრა?

- სტალინი ტირანი კი არა, მშრომელი, დაჩაგრული ხალხის ბელადი იყო. სტალინის დროინდელ ამერიკაში ზანგს ქუჩაში არ ატარებდნენ თავისუფლად. ლათინურმა ამერიკამ სწორედ სტალინის მეშვეობით მოიპოვა თავისუფლება, მისი ძალისხმევით მთელი ინდოეთი და ახლო აღმოსავლეთი გათავისუფლდა ინგლისის მონობისაგან.

აქ შიშის ფაქტორიც მოქმედებს: დიდი გერმანელი ფილოსოფოსები ამბობდნენ, როგორც უნდა განვითარდეს კაცობრიობა, მისი საბოლოო მიზანი მაინც სოციალიზმიაო!

- თუ იცით, სად გადააქვთ სტალინის ძეგლი?

- მუზეუმში დგამენ, მუზეუმის მუზეუმს აკეთებენ. ალბათ, მალე მესამე მუზეუმის გახსნა გახდება საჭირო. ეს იქნება მხეცებისა და ადამიანების ურთიერთობის ამსახველი მუზეუმი, რომელშიც გავეცნობით,  როგორ თხრიან ერთნი მეორეთა საფლავებს.

ცნობისათვის

მიმდინარე წელს აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ ბედფორდში, სტალინის ბრინჯაოს ბიუსტი 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეების ნორმანდიაში გადმოსვლის აღსანიშნავად დადგეს. ქანდაკება მემორიალურ პარკში განათავსეს. სტალინის ბიუსტის დადგმას ამერიკელებიც სხვადასხვაგვარად შეხვდნენ. ზოგმა ვეტერანმა უკმაყოფილება გამოთქვა, სტალინის ქანდაკება მდგარიყო ფრანკლინ რუზველტისა და უინსტონ ჩერჩილის ბიუსტების გვერდით.

თუმცა ამერიკელები იმასაც აღნიშნავენ, რომ სტალინის ბიუსტი მეორე მსოფლიო ომში მისი დიდი დამსახურების აღსანიშნავად დადგეს. მათი აზრით, მეორე მსოფლიო ომში ყველაზე დიდი დარტყმა საბჭოთა ჯარებმა მიიღეს, რითაც მოკავშირეებს მეორე ფრონტის გახსნის საშუალება მიეცათ.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"