ავტორი:

"მიწას არ დავთმობთ, "ომონით" და "კადიროვცებით" ვერ შეგვაშინებენ!" - რა ხდება ჩეჩნეთ-ინგუშეთს შორის?

"მიწას არ დავთმობთ, "ომონით" და "კადიროვცებით" ვერ შეგვაშინებენ!" - რა ხდება ჩეჩნეთ-ინგუშეთს შორის?

ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ახალ სასაზღვრო შეთანხმებას (რომელსაც კრემლის მიერ დაფინსასებული რუსული გამოცემების ცნობით, ჩეჩნების გულისწყრომა უნდა მოჰყოლოდა), რამდენიმე დღეა ინგუშეთში ხალხმრავალი აქციებითა და მწვავე მოთხოვნებით პასუხობენ.

ვითარება კიდევ უფრო დაძაბა იმ ფაქტმა, რომ 5 ოქტომბერს, ინგუშეთის ომონმა გზა გადაკეტა და სამხედრო ტექნიკას მაგასის მიმართულებით წასვლის უფლება არ მისცა. საუბარია სოფელ ეკაჟევოს გავლით გზაზე, რომელიც ჩეჩნეთისკენ მიდის. იმავე დღეს, აქტივისტებმა გადაწყვიტეს არ შემოუშვან და გაუშვან ძალოვნები, განსაკუთრებით ჩეჩნეთის მხრიდან. ინგუშ აქტივისტებთან ერთად ლოცულობენ ადგილობრივი ძალოვნები.

ყველაფერი 26 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის ფედერაციის ორ რესპუბლიკას - ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ადმინისტრაციულ საზღვარს ადგენს... მათ შორის საზღვარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დადგენილი არ ყოფილა.

რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის აქტიური მუშაობის ფონზე, ვიდრე სიმართლე ინგუშებამდე მიაღწევდა, 4 ოქტომბერიც დადგა. ამ დღეს ინგუშეთის სახალხო ასამბლეაში (ადგილობრივი პარლამენტი) კადიროვის და ევკუროვის შეთანხმების რატიფიკაციისათვის, ხმის მიცემის დახურული პროცედურა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, დოკუმენტის რატიფიკაციას 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგი იყო, დანარჩენებმა თავი შეიკავეს. 32 დეპუტატიდან სხდომას სულ 25 პირი ესწრებოდა. ერთი სიტყვით - ახალი შეთანხმებით, ინგუშეთს ნადტერეჩნის რაიონის ნაწილი ერგო, ჩეჩნეთმა სუნჯის რაიონის ნაწილი მიიღო...

ეს ინფორმაცია ამავე დღეს გავრცელდა, თუმცა, თავდაპირველად გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად 20-მდე ადამიანი შეიკრიბა. მეორე დილიდან პროტესტის ტალღამ იფეთქა და მთელი ქალაქი მოიცვა. აქციას მაღალჩინოსნებიც შეუერთდნენ. თავდაპირველად, ისინი სამოქალაქო აქტივისტის მაგომედ მუცოლგოვის თაოსნობით, ათი აქტივისტისთვის სახალხო კრების სხდომაზე დასწრების უფლებას ითხოვდნენ... სახალხო ასამბლეაში მოთხოვნა ყურად არ იღეს, რამაც პროტესტის ტალღა ერთი-ორად გაზარდა, მათ ცხენზე ამხედრებული ინგუშებიც შეუერთდნენ, ინგუშეთის დროშებით.

ევკუროვმა, რომელმაც სიტუაცია სათანადოდ ვერ შეაფასა, დიპლომატიური სვლის გაკეთება გადაწყვიტა და პროტესტის მონაწილეებს მიმართა, თუმცა მას პლასტმასის ბოთლი ესროლეს. ამ ქმედებას მისი დაცვის წევრების მხრიდან იარაღის ჰაერში გასროლა მოჰყვა. მოხდა შეტაკებები პოლიციასა და აქტივისტებს შორის, თუმცა, ევკუროვის მცდელობას შედეგი მაინც ვერ მოჰყვა... მეორე დილას რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ინტერნეტი დაბლოკა, მაგრამ ამას ხალხის ნაკადი არ შეუმცირებია, პირიქით...

იმავე დღეს, ინტერნეტგამოცემა kavkaz-uzel.eu-მ გაავრცელა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მუქარის შემცველი მიმართვა, სადაც ის ჩეჩნებსა და ინგუშებს “ძმებს” უწოდებდა, თუმცა, იმავდროულად, ომზეც ლაპარაკობდა:

“ადამიანები ასეთები არიან, როდესაც საფრთხეს ვერ ხედავენ, არ ეშინიათ, თუმცა, როგორც კი საფრთხე გამოჩნდება - მუხლები აუკანკალდებათ... არ არის საჭირო უპასუხისმგებლო განცხადებები ჩეჩენი ხალხისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ, თორემ ყველას პასუხი მოეთხოვება” - ამბობდა კადიროვი.

მის განცხადებას რუსულმა და ჩეჩნურმა მედიამ “კონტექსიდან ამოგლეჯილი” უწოდა, ინგუშებმა კი უფრო მეტი აქტივისტის მობილიზაციით უპასუხეს.

“ჩვენ ჯერ ჩეჩნებზე არაფერს ვამბობთ - ჩვენს ხელისუფლებასთან გვაქვს სიმართლე გასარკვევი, რომელიც ჯერჯერობით დუმს. სამი მოთხოვნა გვაქვს: შეთანხმების გადახედვა, რეფერენდუმის ჩატარება და მესამე - რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადადგომა” - წერენ ინგუშები ინტერნეტსივრცეში.

ადგილობრივების ცნობით, ამ ორი დღის განმავლობაში, აქტივისტებთან მხოლოდ ის დეპუტატები გავიდნენ, ვინც შეთანხმების წინააღდეგ მისცეს ხმა, “სულ შვიდი ადამიანი - მათ თავიანთი პოზიცია გვამცნეს. სხვებმა კი შემოგვითვალეს, ვითარების დაძაბვის პროვოცირებას ნუ მოახდენთო, რაზეც ჩვენ ვპასუხობთ: აქ ვიდგებით და თქვენს რეაქციას დაველოდებით...”

"ჩვენს ხელისუფლებას ვეკითხებით: თუ ამ მიწების გაცვლას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, მაშ რატომ გადასცეს ეს მიწები ჩეჩნეთს? ცალკე რუსეთი და ცალკე ჩეჩნეთის ხელისუფლება, საბჭოთა კავშირის ინერციას მიჰყვება და ზღაპრებს გვიყვებიან. ვიცით, რაც აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ეგ არ მოხდება, ჩვენს ხალხს ეყოფა გონიერება, რომ მშვიდობიანად დაანახოს თავისი ძალა ადრესატს. ინგუშები ჩვენს მიწას არ დავთმობთ, “ომონითა” და “კადიროვცებით” ვერ დაგვაშინებენ...” - ამბობს ინგუში აქტივისტი ზელიმხანი, რომლის თქმითაც, ხვალ და ზეგ უფრო მეტი ადამიანი აპირებს აქციაზე გასვლას.

კიდევ ერთი ინგუშის, ნუიდარ ჩობიევის თქმით, - ბოლო დღეების პროცესებმა ყველას დაანახვა, რომ ყველა გოჯი უსაფრთხოდ უნდა იყოს დაცული.

"საერთო არაფერი ვარგა, მით უფრო - მიწა. ყველაფერი უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ფედერალური გზები და ყველა შემოსვლა და გასვლა უნდა დარეგისტრირდეს, განსაკუთრებით სატვირთო მანქანები უნდა გატარდეს რენტგენში. თუ ჩვენი მასაზრდოებელი მიწის წართმევას გვიპირებენ, ისევ ყაზახეთში გადაგვასახლონ, ისე, როგორც ეს 40-იანი წლების დასაწყისში მოხდა და იმ საშინელ პროცესს ათასობით ადამიანი შეეწირა” - ამბობს BBC-სთან საუბარში კიდევ ერთი ინგუში და 1944 წლის პერიოდს იხსენებს, როდესაც ჩეჩნები და ინგუშები, კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს.

როდიდან იღებს სათავეს დავა?

kavkaz-uzel.eu-ს მიერ მომზადებული მასალების მიხედვით, ინგუშებსა და ჩეჩნებს შორის ტერიტორიული დავა წლების წინ დაიწყო. 1991 წელს ჩეჩნეთმა თავი დამოუკიდებელ იჩქერიად გამოაცხადა. ინგუშეთი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩა. 1993 წელს ინგუშეთის პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა და იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა საკუთარ ტერიტორიებს შორის საზღვარი დაადგინეს, თუმცა, ოფიციალურად გამიჯნული არ ყოფილა, რაც შემდეგ, წლების განმავლობაში ქმნიდა დაძაბულობის კერებს.

2012 წელს რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, სწორედ დღევანდელი სადავო ტერიტორიები - სუჟენის და მალგობეკის ნაწილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის შემადგენლბაში იყო.

“ჩვენ ვიცით ისტორიული სიმართლე ჩვენი კუთვნილი ტერიტორიების შესახებ, რომელიც ჩვენი ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლების მიღმა არ უნდა დარჩეს...” - აცხადებდა კადიროვი და იგივე პათოსი 4 ოქტომბრის მიმართვაშიც გაახმოვანა.

ამავე გამოცემის ცნობით, მოსკოვის ჩარევით ინგუშეთისთვის 17 ათას ჰექტრამდე მიწების ჩამოჭრა მზადდებოდა, რაც პუტინთან რამზან კადიროვის გავლენებით იყო განპირობებული.

ინგუშეთის მოსახლეობისთვის, ისტორიული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დანიშნულების მიწას, ზოგადად, ტერიტორიულ მთლიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან 1950-იანი წლების შემდეგ, როდესაც ინგუშები დეპორტაციის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში დააბრუნეს, ის ტერიტორია უკვე ჩრდილოეთ ოსეთს ეკუთვნოდა. ამ ნიადაგზე მათ შორის ეთნიკური კონფლიქტი პერიოდულად მწვავდებოდა.

ასე რომ, რა გაგრძელება ექნება ჩეჩეთ-ინგუშეთის სასაზღვრო კონფლიქტს, ჯერჯერობით გაურკვეველია.

"ასეთ პირობებში უწევთ გალელებს პენსიების ასაღებად და მედიკამენტების შესაძენად ზუგდიდში გადმოსვლა" - "ფეისბუქზე" უმძიმესი კადრები ვრცელდება

დათა ვანიშვილი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაკრძალეს - ემოციური ფოტორეპორტაჟი ხურვალეთიდან

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დათა ვანიშვილის რამდენიმე ნათესავს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების ნება მისცეს