ავტორი:

წინასაარჩევნოდ "ტროლების ქარხანა" ამუშავდა - ვინ დგას მათ უკან?

წინასაარჩევნოდ "ტროლების ქარხანა" ამუშავდა - ვინ დგას მათ უკან?

"არასამთავრობო ორგანიზაციებს "ქართული ოცნების" ლიდერები პოლიტიკურად ანგაჟირებულ და ფაშისტურ ორგანიზაციებად მოიხსენიებენ. აღმაშფოთებელი ის არის, რომ მაღალჩინოსანთა განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა დაფინანსებული გვერდები, სადაც კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება" - აღნიშნული განცხადება რამდენიმე დღის წინ "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ" გაავრცელა.

ამ განცხადების შემდეგ ე.წ ტროლების ქარხნის გააქტიურების, საარჩევნო პროცესზე მათი გავლენისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის ფაქტებზე საუბარი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმაც აქტიურად დაიწყეს.

იმის გასარკვევად, მართლა გვაქვს თუ არა საქმე „ტროლების ქარხანასთან“ და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობასთან, იმ Facebook-გვერდებს გადავხედეთ, რომლებიც "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ" მოგვაწოდა და რომელზეც, მათი განმარტებით სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მიზნით სხვადასხვა სახის მასალები გამოჩნდა.

ერთ-ერთი ასეთი გვერდია "ჩვენი დროის გმირი" - AMBEBI.GE-ის მიერ შესწავლილ სხვა გვერდებთან შედარებით, მას ყველაზე მეტი მომწონებელი ჰყავს - 12 ათასი.

პირველივე პოსტი, რომელიც აღნიშნულ გვერდზე გვხვდება, პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ეხება და მისადმი სარკასტულ დამოკიდებულებას ავლენს. აქვე შეხვდებით ფოტოს, სადაც ვაშაძე კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უჭირავს ხელში და პოსტერს, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ვაშაძის მეუღლე - პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილმა 2017 წელს საქართველოს ოკუპაციის დღეს მოსკოვში იცეკვა, წარწერა კი გვატყობინებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ამ ფაქტზე დუმს.

კონტენტის დიდი ნაწილი ასევე ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, კონკრეტულად ბაია პატარაიას, სულხან სალაძესა და ეკა გიგაურს.

„ეს დროში ძალიან უცნაურად ემთხვევა ერთგვარ შტურმს, რაც სამოქალაქო სექტორისადმი არის ხელისუფლების მხრიდან და თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ეს იყოს დაკავშირებული გარკვეულ ჯგუფებთან იგივე ხელისუფლებაში, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის: ვინ დგას მსგავსი გვერდების უკან, ვინ აფინანსებს და ვის ინტერესებში შედის მათი გააქტიურება.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის განმარტებით, სოციალურ ქსელში მსგავსი ათეულობით გვერდია, რომელიც საზოგადოების აზრის ფორმირებასა და გარკვეული ჯგუფების დისკრედიტაციას ემსახურება.

"საინტერესოა, რომ ზუსტად ასეთი დისკრედიტაციის მესიჯბოქსი არის თანხვედრაში ხელისუფლების წარმომადგენლების მესიჯბოქსთან, მმართველი პარტიის პოზიციების გამყარებას ემსახურება ასეთი თავდასხმები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს გვერდები მართლაც ანონიმური კი არ არის, არამედ ძალიან ორგანიზებულად, სავარაუდოდ, დაკავშირებულია სწორედ მმართველ პარტიასთან და პირდაპირ ემსახურება მათ პროპაგანდას“ - განმარტა ბენიძემ.

მისივე განმარტებით, მსგავსი თავდასხმების ძირითადი სამიზნე ოპოზიციური ძალაა, თუმცა მისი თქმით, ასეთი შეტევის მსხვერპლი ხშირად სამოქალაქო აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც ხდებიან.

"ეს თანხა საარჩევნო პროცესში გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის, მათ შორის, ამომრჩეველზე გავლენის მოსახდენად, თუმცა ეს დეკლარირებული არ არის, რადგან ანონიმური გვერდების მეშვეობით ანონიმური წყაროებით ხდება და თავის მხრივ, წარმოადგენს საარჩევნო კამპანიაში უკანონო შემოწირულობას, რაც სერიოზული კანონდარღვევაა. აუდიტის სამსახურს არ ეძლევა საშუალება ქვეყანაში პოლიტიკური ფინანსების რეალური ბრუნვა შეისწავლოს, იმიტომ რომ მსგავსი შავი გზებითა და ანონიმური დასპონსორებული პოსტების მეშვეობით ტრიალებს ძალიან დიდი ფული როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში“, - აღნიშნა ბენიძემ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, დაიწყო სოციალური მედიის მონიტორინგი და საარჩევნო კონტექსტში, სწორედ ამომრჩევლის აზრზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით სოციალურ ქსელში მიმდინარე დისკრედიტაციის სწავლობენ. ბენიძე განმარტავს, რომ ეს მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის, არამედ ევროპის ქვეყნები და ამერიკაც აქტიურად განიხილავს პრობლემის მოგვარების გზებს.

„საქართველოში გარდა იმისა, რომ მუშაობს რუსული პროპაგანდა და ამისთვის შექმნილია მთელი რიგი Facebook-გვერდები, ამას თან ერთვის სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ან თავად ხელისუფლების დაკვეთით დამატებით დისკრედიტაციული კონტენტის გავრცელება.

გამოდის, რომ საქართველოში პრაქტიკულად ორმაგი დარტყმის ქვეშ არიან მოქალაქეები, რომლებიც სოციალურ ქსელებს მოიხმარენ - ისინი, ერთის მხრივ, რუსული პროპაგანდის მსხვერპლნი არიან და, მეორეს მხრივ, ასეთივე პროპაგანდისტული მეთოდებით მადისკრედიტებელი კონტენტი მოემართება ქვეყნის შიგნიდან. სწორედ რუსეთიდან მოდის ის ნარატივები, რომ არასამთავრობოები უცხოეთის აგენტები არიან, არატრადიციულ ღირებულებებს ავრცელებენ და ცდილობენ საზოგადოებას ძირი გამოუთხარონ - გამოდის, რომ ხშირ შემთხვევაში ამ ნარატივებს ქვეყნის შიგნით ხელისუფლებაც და მათთან დაახლოებული პირებიც ხელს უწყობენ" - ფიქრობს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ინტერნეტ ტროლიგთან და მის გავლენასთან როგორც ინდივიდუალურ ასევე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დონეზე, გამკლავებას უკვე დიდი ხანია ცდილობენ. ჯერ კიდევ 2016 წელს „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ტროლებს ყურადღება სიამოვნებთ. როგორც წესი, საუკეთესო გზა მათ მცდელობებთან გასამკლავებლად არის მათი უგულებელყოფა და საიტის ადმინისტრაციის ინფორმირება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ „არ გამოკვებოთ ტროლები“.

ინტერნეტ "ტროლინგის" პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის ყველაზე ნათელი მაგალითი საერთაშორისო დონეზე არც თუ ისე დიდი ხნის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიხილეთ. არჩევნებში კრემლის ჩარევის სავარაუდო ფაქტებს ამერიკაში ჯერ კიდევ იძიებენ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" 2016 წლის ნოემბერში წერდა, რომ დონალდ ტრამპის ყველაზე აქტიური ინტერნეტ-პოპულარიზატორი კრემლის მიერ დაფინანსებული ათასობით ტროლი იყო.

მკვლევარის ჯ.მ ბერგერის განმარტებით, მან და მისმა ორმა კოლეგამ ორი წლის განმავლობაში ტრამპის მხარდამჭერი 7000 გვერდი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ამ გვერდებზე სირიაში რუსეთის ქმედებებით გამოწვეული კრიტიკის საკითხი იგნორირებულია და ყურადღება მისი საარჩევნო ოპონენტის ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობასა და სხვა მსგავს საკითხებზე იყო გამახვილებული.

რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს და როგორ შევამციროთ ინტერნეტ ტროლინგის გავლენა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე - ამ კითხვით AMBEBI.GE-მ კვლავ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელ დირექტორს მიმართა:

„დღეს მთელი მსოფლიო ფიქრობს იმაზე თუ როგორ აღუდგეს წინ მსგავსი ტიპის ჩარევებს. იცით, რომ სოციალური ქსელები თავის თავში გულისხმობს ძალიან დიდ პოტენციალსა და შესაძლებლობას, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ აქვთ გარკვეულწილად დამანგრეველი ეფექტიც. მსჯელობა მიდის კონგრესში, ასევე გერმანიაში, სადაც შემოიღეს სპეციალური რეგულაციები.

საქართველოს შემთხვევაში ჯერ ძალიან რთულია გამოსავალზე ფიქრი, სწორედ ამიტომ ვატარებთ კვლევას, რომ თავისთავად შევისწავლოთ მსგავსი ტიპის დისკრედიტაციის ანატომია და შემდეგ ვიპოვოთ გამოსავლის საუკეთესო გზები", - გვითხრა ბენიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები