ავტორი:

"არ შეიძლება აფხაზები მართო, მათთან უნდა იმეგობრო" - აფხაზეთში უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა იწყება

"არ შეიძლება აფხაზები მართო, მათთან უნდა იმეგობრო" - აფხაზეთში უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა იწყება

აფხაზეთში უძრავი ქონების "დაკანონებასთან" დაკავშირებით დიდი დაპირისპირებაა - აფხაზური მედიის ცნობით, 2013-2014 წელს, აღნიშნული საკითხის "კანონიერი გზით" განხილვასთან დაკავშირებით, ვლადისლავ სურკოვის თანაშემწემ, მიხეილ მამონოვმა რამდენიმე აფხაზი ე.წ. მაღალჩინოსანი და პოლიტიკოსი მოისყიდა...

ყოფილი "შს მინისტრი" და "ვიცე-პრემიერი" ასლან კობახია ამბობს, რომ რეგიონში უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალეებისთვის დაკანონების საკითხი, პერიოდულად იჩენს თავს. მისივე თქმით, ჯერ კიდევ ქართულ-აფხაზური ომის დასრულებისთანავე, ვლადისლავ არძინბამ განაცხადა, რომ უძრავი ქონება არ გაეყიდათ, ეს აფხაზეთისთვის სავალალო შედეგის მომტანი იქნებოდა.

"ახლა კი ვიღაცები, არც ისე კორექტული ფორმით ცდილობენ გადაგვარწმუნონ. ეს მათი საქმე არ არის - ჩვენი უძრავი ქონების ბაზარი ძალიან პატარაა და თუ გავგიჟდებით და მას გავხსნით, წინასწარ ვიცით, რა შედეგსაც მივიღებთ... ბევრი რამ გადავიტანეთ და კიდევ მძიმე სიტუაცია გვაქვს. მოსახლეობა ძალიან ღარიბია. თუმცა, უძრავის ქონების ბაზრის გახსნა ნიშნავს, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს გავყრით აქედან, რადგან ისინი სხვებს კონკურენციას ვერ გაუწევენ...

უკვე მერამდენე წელია “კეთილისმსურველები” ამის გაკეთებას გვირჩევენ, მაგრამ არ გვინდა ეს რჩევა - უკვე გავიარეთ ეს თემა... ვიღაც დეპუტატი, რომელმაც არც კი იცის ჩვენი რეალობა და პრობლემები, ჩამოდის და ჭკუას გვარიგებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა ვქნათ," - ამბობს კობახია.

აფხაზი პოლიტიკოსის ცნობით, შეთანხმება “ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ, მიწასთან დაკავშირებით არც კი განიხილება, რადგან “ადგილობრივი კონსტიტუცია", ამ საკითხს კარგად იცავს.

"მოდით, თქვენს საქმეს მიხედეთ და როდესაც ჩვენ გავმდიდრდებით, ქვეყანა ფეხზე დადგება და ადგილობრივი მოსახლეობა კონკურენტუნარიანი იქნება, კიდევ 150-ჯერ დავფიქრდებით - რა იქნება აფხაზეთისთვის უკეთესი, მაგრამ ნურც მაშინ დაელოდებით, რომ რომელიმე დეპუტატის, მაღალჩინოსნის ან პოლიტოლოგის რჩევას გავითვალისწინებთ, ვინც აქ ჩამოდის... ჩვენ ხომ არ ჩავდივართ მოსკოვში და დუმის დეპუტატებს ჭკუას არ ვარიგებთ, ან რა უფლება გვაქვს?!" - ამბობს ყოფილი "შს მინისტრი" და "ვიცე-პრემიერი" კობახია.

ის საუბრობს იმ კატეგორიაზე, ვინც თავის დროზე სხვადასხვა გზებით ხელში ჩაიგდო ქართველების ნასახლარები, სახოვრებელი ბინები და ახლა მათი გაყიდვა სურთ.

“ჩვენ ნახევრადმშიერ საზოგადოებაში შესაძლოა ყველას სხვადასხვა პოზიცია აქვს, რადგან ვიღაცამ თავის დროზე, იყიდა ან ხელში ჩაიგდო ხუთი თუ ათი ბინა და ახლა მისი გაყიდვა სურს... ისინი მდიდრები არიან, რადგან იმ ბინებით სარგებლობენ და ინარჩუნებენ იმ იმედით, რომ მათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვას მოახერხებენ, მაგრამ ეს არ მოხდება. სულ მცირე, სანამ ცოცხალი ვარ, არ მოხდება, რადგან მე კარგად ვიცნობ აფხაზურ საზოგადოებას!

ძალიან მაოცებენ ის ადამიანები, მაღალჩინოსნები, რომელთაც ამის გაკეთება სურთ, არადა, ვიდრე ხელისუფლების სათავეში მოვიდოდნენ, სხვა რამეზე საუბრობდნენ... ვიცი, მათ რა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ. არ შეიძლება აფხაზები მართო, მათთან უნდა იმეგობრო. ქართველებთან კონფლიქტი რატომ მოხდა?

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსები არ მეგობრობდნენ ჩვენთან, ჩვენ მათთან ვმეგობრობდით... ჩვენ შეგვიძლია გულწრფელი მეგობრობა, მაგრამ შიდა საქმეებში ჩარევას ვერ ავიტანთ. მადლიერი ვართ რუსეთის, ასჯერ და უფრო მეტჯერაც შემიძლია გავიმეორო, ყველა სიკეთე გვახსოვს, მაგრამ დაგვანებეთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, თავად მოვაგვარებთ. დიახ, ბევრ შეცდომას ვუშვებთ, უამრავი პრობლემაა, მაგრამ თავად მივხედავთ. ბრძანებას - “ასე მოიქეცი!” – ვერავისგან ავიტანთ და მით უფრო, მბრძანებელს, ბატონს - ვერ ავიტანთ. შეიძლება დაგვხოცოთ, მაგრამ სხვის ბრძანებებს ვერ ავიტანთ... ჩვენ მეგობრობა შეგვიძლია და ეს დავამტკიცეთ რუსეთთან ამ 25 წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მეგობართან მეგობრული და მტერთან - მტრული ვიყოთ" - ამბობს კობახია თავის ვრცელ ინტერვიუში.

უძრავის ქონების ბაზრის გახსნის გარშემო დაწყებულ კამათს, სოციალურ ქსელებში აფხაზების ვნებაღელვა მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგიონისთვის ეს დამღუპველი იქნება, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ “ასეთი ჩაკეტილობით აფხაზეთი ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება...”

ამ აჟიოტაჟის პასუხად, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობის მიერ კონტროლირებადმა გამოცემამ Абхазия-Информ-მა, 2009-2017 წლებში რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის გადარიცხული თანხა გამოაქვეყნა. ამ დროის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ბიუჯეტიდან 44 მილიარდ რუბლზე მეტი ჩაირიცხა.

“ცარიელია აფთიაქები, სურსათის მაღაზიები... თავადაც გვიკვირს, როგორ გაგვაქვს თავი” - ახალგორის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია

"ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო" - რაზე ისაუბრეს ერგნეთის შეხვედრაზე

რას ყვება ოსი პატიმრის მეუღლე ცხინვალის ციხეში არსებულ არაადამიანურ პირობებზე - "საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, მორიგეობით იძინებენ..."