ავტორი:

რას ყვება ოსი პატიმრის მეუღლე ცხინვალის ციხეში არსებულ არაადამიანურ პირობებზე - "საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, მორიგეობით იძინებენ..."

რას ყვება ოსი პატიმრის მეუღლე ცხინვალის ციხეში არსებულ არაადამიანურ პირობებზე - "საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, მორიგეობით იძინებენ..."

22 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა შემზარავი კადრები, რომელიც ცხინვალის ციხეში პატიმრების წამებას ასახავს. ვიდეო ვინმე სოსლან ბიბილოას სახელით გავრცელდა და სავარაუდოდ, 2 ოქტომბერსაა გადაღებული, როცა ცხინვალის ციხეში "ომონი" შევიდა და პატიმრებს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა.

ის რომ, ცხინვალის ციხეში პატიმრები სასტიკად სცემეს, შემზარავი კადრების გავრცელებამდე ორი კვირით ადრე "კვირის პალიტრასთან" საუბარში დაადასტურა ოსი პატიმრის ცოლმა, რომელმაც გამოცემას საპატიმროში არსებული არაადამიანური პირობების შესახებ უამბო.

გთავაზობთ ნაწყვეტებს "კვირის პალიტრის" 7 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან:

"დაახლოებით ერთი თვის წინ ე. წ. სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტრო სასჯელაღსრულების საკითხებში რუსეთის წესდებაზე გადავიდა, რაც ციხის რეჟიმის გამკაცრებას ნიშნავს. თუ მანამდე ყოველდღე 4 საათამდე დაშვებული იყო პაემნები და ამანათების შეგზავნა, ახლა ამის შესაძლებლობა მხოლოდ ორ თვეში ერთხელ მოგვეცემა.

ციხიდან გამოსულები მხოლოდ რამდენიმე თვეს ძლებენ, რადგან დაავადებული აქვთ ფილტვები, ღვიძლი... ახლა ამას შიმშილით სიკვდილიც დაემატა. რუსეთის დაფინანსებული პროგრამით თითქოს გაარემონტეს სასადილო და საკნები, სინამდვილეში, მხოლოდ კედლები შეღებეს და ის თანხა შეჭამეს.

ახალი კანონით, ციხეში საკვებზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და ეს ნიშნავს, რომ ამბოხებულებს ბრალი დაუმძიმდებათ...

ჩემი ქმარი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს - ძველი ავტოფარეხის რკინის კარი იპოვა და სახლში წამოიღო, ჯართში უნდოდა ჩაბარება. რამდენიმე დღეში მილიცია მოგვადგა, თურმე ვიღაც მაღალჩინოსნის ყოფილა. 3 წელი აქვს მისჯილი.

ისედაც ჯოჯოხეთურ პირობებში იყვნენ, წყალი არ ჰქონდათ, საჭმელზე რომ არაფერი ვთქვათ... საკვები ყოველ მეორე დღეს მიგვქონდა და პატიმრები ერთმანეთს უნაწილებდნენ...

- ციხეში საკვები არ მზადდება?

- ციხეში სულ ორი ქალი მუშაობს, ისინი არიან მზარეულებიც და დამლაგებლებიც. კიდევ ერთი კაცი ჰყავთ, ე.წ. დამხმარე, რომელიც, იმავდროულად, ვიღაცებზე ინფორმაციას აგროვებს. საკვები ძირითადად, ლობიო, წიწიბურა, სოიაა და იმასაც ყოველდღე ვერ აჭმევენ. ზამთარში საშინლად ცივა, ზაფხულში კი უჰაერობისგან იხრჩობიან. უამრავი ადამიანი უმძიმესი დაავადებით იტანჯება. სოროებივით საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, საწოლიც კი არა აქვს ყველას და მორიგეობით იძინებენ...

- სამედიცინო პერსონალი ჰყავთ?

- ერთი ექიმი ჰყავდათ, აზა აბაევა, რომელიც ისედაც იშვიათად დადიოდა, რადგან, პრაქტიკულად, უხელფასოდ მუშაობდა, ამ ამბების შემდეგ კი უთქვამს, ამდენი უბედურის ყურება არ შემიძლიაო...

ერთ პატიმარს გაუპროტესტებია, ასე ღორულად ცხოვრება აღარ შემიძლიაო და სხვებიც აჰყოლიან - 27 სექტემბერს დაიწყეს შიმშილობა, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში მათთან არავინ მისულა. შემდეგ ჩვენ, ოჯახის წევრებმა, მივაწოდეთ ჟურნალისტებს გაფიცვის შესახებ ინფორმაცია და ეს ამბავი გახმაურდა. ამის შემდეგ მოშიმშილეები ცალ-ცალკე საკნებში გაიყვანეს და მობილურები ჩამოართვეს. ვიღაცებმა მაინც შეძლეს ახლობლებთან დაკავშირება და საბოლოოდ, ყველა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა... წაიკითხეთ ვრცლად

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი

სერგეი შამბა - საუბარი იმაზე, რომ დიალოგი საჭირო არ არის, სისულელეა