ჰოვარდ უები: “ფიფამ არ უნდა იჩქაროს”

ჰოვარდ უები: “ფიფამ არ უნდა იჩქაროს”

ინგლისელი გადამდგარი პოლიციელი ჰოვარდ უები, იმ არბიტრთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც მიმდინარე მუნდიალზე, ჯერჯერობით, ფატალური შეცდომა არ დაუშვია.

ექსპერტებისგან ქება მან განსაკუთრებით 1/8-ფინალში ბრაზილია-ჩილეს (3:0) მატჩში მსაჯობისთვის დაიმსახურა. საქმე ისაა, რომ უების ბრიგადამ, ჩილელთა კარში გასული მეორე გოლი, რომელიც ერთი შეხედვით საკამათო იყო, სრულიად საფუძვლიანად ჩათვალა. არადა, მომენტი ძალიან დინამიური გახლდათ –კაკას მიერ გაკეთებული პასის დროს, ლუიშ ფაბიანო ჩილელ მცველებთან ერთად ერთ ხაზზე  იმყოფებოდა.

ბრიტანელ არბიტრს, “სოვეტსკი სპორტის” ჟურნალისტმა, პირველყოვლისა, ეს ეპიზოდი შეაფასებინა.

ჰოვარდ უები: “საუცხოო გადაწყვეტილება იყო. თუმცა, მე არაფერ შუაში ვარ. ყველაფერი ჩემმა თანაშემწე დარენ კანმა გააკეთა. მან საუცხოო პოზიცია დაიკავა და ამიტომ, ყველაფერს ხედავდა. საერთოდ, ასისტენტებში გამიმართლა. მოედანზე ყველაფერს ვერ ვამჩნევ და ასეთ ვითარებაში ისინი მკარნახობენ”.   

-ალბათ, ინგლისელებს შორის ერთადერთი ხართ, რომელსაც 1/8-ფინალში კაპელოს გუნდის გავარდნა გაუხარდა. ახლა ხომ დიდი შანსი გაქვთ ფინალი იმსაჯოთ.

- ასე ტყუილუბრალოდ საუბრობთ. მე, როგორც ჩემი ქვეყნის ნებისმიერი ცივილიზებული ადამიანი, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ჩემი შვილი ჯეკი, რომელიც ფეხბურთს ყოველთვის ინგლისის ნაკრების მაისურით თამაშობს, გერმანიასთან წაგების მერე ადგილს ვერ პოულობდა. თუმცა, სამხრეთ აფრიკაში მყოფი სხვა არბიტრების მსგავსად, ცხადია ფინალისკენ მივისწრაფვი.

- ხორხე ლარიონდასთან ერთად, მის მერ ლამპარდის არჩათვლილი გოლი თუ განიხილეთ?

-დიახ, ხორხეს ამ თამაშის თაობაზე ვესაუბრე. თუმცა, დეტალების განხილვა არ მსურს. შემიძლია ვთქვა, რომ იმ ეპიზოდის ვიდეოგამეორებას კიდევ ერთხელ თუ ნახავს, ძალიან გულდაწყვეტილი იქნება, უბრალოდ – მკვდარი. 

- მსაჯები მზად არიან იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან, ფიფა ვიდეოგამეორებას შემოიღებს?

- დიახ. საერთოდ, ძალიან ლიბერალურად ვეპყრობი ყველა სიახლეს, რომელიც მსაჯობას უკავშირდება. ახლა, ყველას დაავიწყდა, რომ ცოტა ხნის წინ, მთავარი არბიტრი და მისი ასისტენტები, შეიძლება სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოფილიყვნენ. ამიტომ მათ, შესაძლოა, არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონოდათ. რამდენიმე წლის წინ კი, ყურთსასმენები შემოიღეს, რომელთა მეშვეობით, მთავარ მსაჯს ასისტენტები კარნახობენ. ამჟამად, მათ გარეშე მსაჯობა წარმოუდგენელია, ხოლო მაშინ, ეს სიახლე იყო და ყველას არ მოსწონდა.

- ე.ი. ვიდეოგამეორებებიც მალე ჩვეულებრივი მოვლენა გახდება?

- რთული სათქმელია. მე თანამედროვე ფეხბურთის დიდ თაყვანისმცემლად ვრჩები და თუნდაც მსაჯები ზოგჯერ ცდებიან, მაგრამ სწორედ ახლა, ეს თამაში პოპულარობის პიკზეა. თანამედროვე ფეხბურთი ნამდვილი სანახაობაა. ამიტომ, არ მსურს, რომ რაიმე სიახლემ, თამაშის ტემპსა და ფეხბურთის არსზე იმოქმედოს.

- გამოდის, თქვენი აზრით, ვიდეოგამეორებები თამაშის ტემპს შეანელებენ?

- დიახ, რაც არასწორი იქნება. მე მიმსაჯია შეხვედრები, როდესაც საკუთარი კარიდან ერთ-ერთი გუნდის საგოლე შეტევა, მხოლოდ 8 წამი გაგრძელებულა. ეს ხომ საუცხოოა. თუ თამაში ყოველ წუთში გაჩერდება, ასეთ სისწრაფეებს ვეღარ ვნახავთ. ასე რომ, ფიფამ არ უნდა იჩქაროს და გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი უნდა გაიაზროს. 

- ფიფას რას ურჩევდით?

- სამსაჯო კარიერის დასაწყისში პოლიციელად ვმუშაობდი. თვალყურს ვადევნებდი, რომ ხალხს ქუჩაში კანონები დაეცვა, მაგრამ ისინი არასოდეს მომიგონია. ასეა მსაჯობაშიც – სჯობს კონცენტრაცია ჩემს პირდაპირ მოვალეობებზე გავაკეთო.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო