ავტორი:

"მას კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა" - რას ამბობდა გრიგოლ ვაშაძე გიორგი აბდალაძის შესახებ 2011 წელს?

"მას კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა" - რას ამბობდა გრიგოლ ვაშაძე გიორგი აბდალაძის შესახებ 2011 წელს?

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში არასდროს მუშაობდა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ გიორგი აბდალაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ კარგად იცის, რატომაც დააკავეს ფოტოგრაფები.

„ვინ არის გიორგი აბდალაძე? წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობთ. ეს ადამიანი არასდროს არ მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მან უნდა მიმართოს პროკურატურას და სამართალდამცველ ორგანოებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ 2011 წელს ვაშაძე ამბობდა, რომ ამ საქმეში არსებობს მყარი მტკიცებულები, მან განაცხადა, რომ არასდროს ასეთი რამ არ უთქვამს.

„ნუ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს. მე ასეთი რამ არასდროს მითქვამს. მე ვამბობდი, რომ სამართალდამცველ ორგანოებს და პროკურატურას აქვს მყარი მტკიცებულებები“, - განაცხადა ვაშაძემ.

ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ „ტელეიმედის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ ფოტორეპორტიორების (ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე) დაკავების საქმე გაიხსენა და აღნიშნა: „გრიგოლ ვაშაძემ უფრო კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვა ციხეში, რატომ აწამებინა ჩემი თავი? ხომ დამიჭირე, რატომ გამიშვი ერთ კვირაში, თუ ორ კვირაში“.

ამასთან, დღეს ირაკლი და ნათია გედენიძეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ 2011 წლის 18 ივლისის ინფორმაცია: „გრიგოლ ვაშაძის თქმით, ფოტორეპორტიორების საქმეში არსებობს უმძიმესი მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინება სასამართლოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულებმა უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები. „მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჟურნალისტები ბოდიშს სამართალდამცველებს, როცა სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

AMBEBI.GE აქვე გთავაზობთ გრიგოლ ვაშაძის 2011 წლის 14 ივლისის განცხადებას, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას აცხადებდა, რომ "საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა".

მისივე თქმით, აბდალაძეს ხელი არ მიუწვდებოდა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, თუმცა ის ფოტოებს ტვირთავდა საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე კომპიუტერიდან და შეეძლო, ამ კომპიუტერების საშუალებით ზოგიერთ დოკუმენტთან წვდომა ჰქონოდა. გრიგოლ ვაშაძე იქვე დასძენდა, რომ ეს დოკუმენტები ძალიან კარგად იყო დაცული.

"მე არ ვლაპარაკობ საიდუმლო ინფორმაციაზე. ჩვენ გვაქვს როგორც ღია, ასევე კონფიდენციალური დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროშია, წარმოადგენს რუსეთისთვის და ყველა არაკეთილმოსურნისათვის ინტერესის საგანს", - აცხადებდა გრიგოლ ვაშაძე.

მისივე თქმით, არსებობდა უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ფოტორეპორტიორების ბრალეულობას ადასტურებდა.

"ყველა უნდა დაველოდოთ სასამართლოს, რადგან ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო არის ბოლო ინსტანცია, სადაც მტკიცდება ადამიანის ბრალეულობა და ის, შეესაბამება თუ არა წაყენებული ბრალი მისი დანაშაულის დონეს ან ხარისხს. რაც შეეხება იმ სპეკულაციებს, რომელიც ზოგიერთ ვითომდა გაზეთებში იწერება, რომ თითქოს ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებს, ამაზე კომენტარის გაკეთება სასაცილოა", - აცხადებდა გრიგოლ ვაშაძე.

შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორი) 2011 წლის ივლისში დააკავა.

ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებოდათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ 11 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებდა, რომ საგარეო უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე, კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ნებისმიერ თანამშრომელს მიუწვდებოდა ხელი.

საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვდა.

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება 12 თებერვალს მიიღო. პროკურატურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ფოტორეპორტიორები - ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის ბრალდებით უკანონოდ გასამართლდნენ.

ახალი გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი და სასჯელაღსრულების ნომერ მერვე დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. პროკურატურა მათ ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით ფოტოგრაფებზე ზეწოლასა და ღირსების შემლახავ მოპყრობას ედავებოდა. სასამართლომ დავით დევნოზაშვილს 4 წლითა და 6 თვით (ამჟამად პატიმრობაში იმყოფება), ალექსანდრე მუხაძეს კი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა - ის ამჟამად მიმალვაში იმყოფება.

საქმეზე საბოლოო სხდომა სააპელაციო სასამართლოში 22 ნოემბერს ჩაინიშნა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები