ავტორი:

გახსოვთ, თბილისის ზოოპარკის 90-იანი წლების ვარსკვლავი სპილო "ბაჩო"? - ვოლიერების ყველაზე დიდი ბინადრების უცნობი ამბები

გახსოვთ, თბილისის ზოოპარკის 90-იანი წლების ვარსკვლავი სპილო "ბაჩო"? - ვოლიერების ყველაზე დიდი ბინადრების უცნობი ამბები

თბილისის ზოოპარკის ბინადარმა სპილო "გრანდმა" სერიოზული გამოცდა ჩააბარა. ექვსტონიან ბუმბერაზს გამოცდილმა სპეციალისტებმა ჩატეხილი ეშვი უპრობლემოდ, ყოველგვარი გართულების გარეშე ამოუღეს. არადა, ტკივილით ლამის 20 წელი იტანჯებოდა, რის გამოც ყოველ დღე მტკივანი ადგილიდან ჩირქს უღებდნენ და ეშვების გამორეცხვა ხდებოდა.

"გრანდი" ჩვენთან ერევნის ზოოპარკიდან ჩამობრძანდა, სადაც მოსკოვიდან მოხვდა. 1999 წლის ნოემბერში, როდესაც 4 წლის სპილო მოსკოვის ზოოპარკიდან ერევნის ზოოპარკში გადაჰყავდათ, გზაში კონტეინერი ამოყირავდა და ეშვებიც მაშინ დაუზიანდა. გარეგნულად დაზიანებები არ ემჩნეოდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ინციდენტის შედეგად, ახლად ამოწვერილი ეშვები მოუტეხავს. მოგვიანებით სისხლდენა დაეწყო და ორგანიზმის დაინფიცირების საფრთხეც გაჩნდა. მოწვეულმა ჰოლანდიელმა ვეტექიმებმა დაადგინეს, რომ ჭრილობებში ჩირქი დაგროვილიყო და ეშვების ყოველდღიური გამორეცხვაც, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო.

"2014 წელს გრანდს თბილისში ჩამოყვანის შემდეგ, მალევე ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია. სპილოს ეშვები ყბის ძვალთან იმდენად ახლოს ჰქონდა მოტეხილი, რომ ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელი იყო. ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობას, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მისი დაღუპვა გამოეწვია. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა", - გვეუბნება თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე.

იმის გამო, რომ პირველი ოპერაცია გართულდა და დაგეგმილზე მეტი დრო გაგრძელდა, მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება მოხერხდა. ანესთეზიის შემდეგ სპილოს წამოდგომა გაუჭირდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მეორე ოპერაცია წყალდიდობამ შეაჩერა და მხოლოდ ამ კვირაში დადგა ამის დრო... BBC ახალ სერიალში, სახელწოდებით Big Animal Surgery – "დიდი ცხოველების ოპერაციები", გრანდის ოპერაციას ერთ მთლიან ეპიზოდს დაუთმობს.

"გრანდი" ოპერაციის შემდეგ თავს მშვენივრად გრძნობს. მიირთმევს საჭმელს და მრავალწლიანი ტანჯვისგან გათავისუფლდა. რესპონდენტი გვეუბნება, რომ "გრანდის" "მალკასთან" შეჯვარება ჯერ არ მომხდარა, ცოტა რთული საკითხია, თუმცა ყველანაირად ვცდილობთო.

"მაკლას" ადრე ჰყავდა შვილი, "ბუნკა", რომელიც ახლა ერევნის ზოოპარკშია. ვინაიდან ვოლიერში ორი მამრის დატოვება წარმოუდგენელი იყო და არც დედასთან შეიძლებოდა მამრი შვილის დატოვება, იძულებული გავხდით, გაგვეშვა", - აღნიშნავს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

ერევნიდან სანაცვლოდ სწორედ "გრანდი" ჩამობრძანდა. ბატონი ზურაბი გვეუბნება, რომ "გრანდი" საკმაოდ მშვიდი და წყნარია, ცოტათი მშიშარაც, საერთოდ, მამრი სპილოები ძალიან აგრესიულები არიანო. ერთადერთი, არ უყვარს კარი და ცდილობს, ყოველთვის დაანგრიოს. იყო შემთხვევა, როცა რამდენიმე ტონიანი კარი მოგლიჯა და გადააგდო...

* * *

თბილისის ზოოპარკს არც ისე ბევრი სპილო ჰყოლია, თუმცა თბილისელებს განსაკუთრებულად ახსოვთ სპლიყვი "ბაჩო", რომლის სანახავადაც დიდძალი ხალხი დადიოდა ზოოპარკში. მიჰქონდათ საკვები, ეფერებოდნენ. სახელიც კონკურსის შედეგად დაერქვა, მასში საზოგადოების დიდი ნაწილი მონაწილეობდა. "ბაჩოს" შესახებ კი აი, რას გვიყვება ბატონი ზურაბი:"ამ სახელით 2 სპილო გვყავდა - ერთი, რომელიც 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში სრულიად პატარა კიევიდან ჩამოიყვანეს. ხალხს მართლაც უყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე თვეში დაიღუპა. დაღუპვის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობდა - ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ის იყო, რომ დედამისის მაკეობა ჩერნობილის აფეთქებას დაემთხვა და "ბაჩოს" ამის გამო სხივური დაავადება დაემართა", - გვეუბნება ზოოპარკის დირექტორი.

ფოტოს ავტორი: აკაკი ყუფუნია

მართალია, ადრე დაიღუპა, მაგრამ იმ მცირე ხნის მანძილზეც კი, "ბაჩო" ადამიანების მეხსიერებას დღემდე შემორჩა. მანამდე ასეთი პატარა სპილო თბილისის ზოოპარკს არ ახსოვდა. ადრეულ წლებში ეს ცხოველი ზოოპარკში თითქმის 40 წელი ცხოვრობდა, რამხელა მოხვდა აქ, არავის ახსოვს. მოკლედ, "ბაჩოს" შემდეგ ზოოპარკს 2 სპილო ერთდროულად შეემატა - "მალკა" ("გრანდის" ახლანდელი სავარაუდო პარტნიორი) და მამრი "ბაჩო". ორივე ბირმაში დაიბადნენ და დიდი გზის გავლის შემდეგ, საქართველოში ალმა-ათიდან მოხვდნენ. შემდეგ კი გამრავლდნენ და სწორედ მათი ნაშიერი "ბუნკაა" ერევანში. "ბაჩოს" კი, სამწუხაროდ, რამდენიმე დაავადება აღმოაჩნდა და მოულოდნელად დაიღუპა.

ფოტოს ავტორი: ხაჩატურ ვართანიანცი

თბილისის ზოოპარკის დირექტორი გაბრიელ განსონი (წარმოშობით შვედი), ირენ ბადრიაშვილის ბაბუა ზოოპარკის პირველ ბინადარ სპილოსთან, მალკასთან ერთად (1940)

ფოტოს ავტორი: ირენ ბადრიაშვილი

ფოტო: მაია ჩუბინიძე

* * *

თბილისის ზოოპარკის კიდევ ერთი ყველაზე ცნობილი დიდი ზომის ბინადარი - ბეჰემოთი ბეგლარია. ბეგი, როგორც მას მოფერებით ეძახიან, ფოტოკამერას აღარ უფრთხის, მის წინ პოზირებას მიეჩვია. ის ხომ თბილისის სტიქიის ვეტერანია და წყალდიდობის დღეების შემდეგ, ტრაგედიის სიმბოლოდაც იქცა - მისი ფოტოები წამყვანი გამოცემების მთავარ გვერდებზეც დაიბეჭდა. ბეგი ზოოპარკში 1999 წლიდან ცხოვრობს. ახლა 22 წლის არის და "დასაქორწინებლად" საუკეთესო პერიოდი აქვს, თუმცა ჯერჯერობით პარტნიორს ვერ პოულობენ. ასე რომ, ბეგი მარტოა... "კალინინგრადის ზოოპარკშია დაბადებული და თბილისში 2000-იანების დასაწყისში მოხვდა. ახალგაზრდა ბეჰემოთია, ისინი ხომ 60 წლამდე ცოცხლობენ. ჯერ არ შეგვიჯვარებია, არ გვაქვს საამისოდ მისთვის კარგი პირობები. მეწყვილე რომ მოვიყვანოთ, მეორე აუზიც არ გვაქვს. შესაბამისი ვოლიერის რეკონსტრუქცია დაწყებულიც იყო, მაგრამ წყალდიდობის გამო მისი დასრულება ვეღარ მოვახერხეთ. ამიტომ, გვყავს იმ ვოლიერში, რომელიც სასწრაფოდ ავუშენეთ", - გვეუბნება ბატონი ზურაბი.

ბეგლარმა წყალდიდობის ღამეს დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა. თავის ვოლიერიდან გმირთა მოედანზე დიდი წინააღმდეგობების დაძლევის შემდეგ აღმოჩნდა. ბინძურ, მორებით სავსე და შლამიან, ტალახიან წყალში მოუხდა ცურვა, თუმცა იმ ორომტრიალიდან გამარჯვებული გამოვიდა. სტიქიის შემდეგ, იძულებულები გახდნენ, სპილოები შეევიწროებინათ და ბეგისთვის მათი ვოლიერის ნაწილი დაეთმოთ. სპილოებმა ახალი მეზობელი მიიღეს, თუმცა ბეგი მათ აუზში ცოცხალი თავით არ ჩადიოდა. ამიტომ, დღის განმავლობაში, ზოოპარკის თანამშრომლებს რამდენჯერმე უწევდათ მისთვის წყლის "შლანგით" დასხმა. ბოლოს გაირკვა, რომ ბეჰემოთი აუზში თურმე ღამით ჭყუმპალაობდა. როდესაც ამ "უმსგავსო" საქციელის შესახებ შეიტყვეს, მომვლელები წყალს აღარ ასხამდნენ და ბეგიც იძულებული გახდა, აუზში დღის განმავლობაშიც ჩასულიყო.

ზურაბ გურიელიძის თქმით, ბეჰემოთი ყველაზე აგრესიული ცხოველია, "ბეგი" ამ მხრივ გამონაკლისია, რადგანაც გაცილებით მშვიდია, თუმცა, მასთან ურთიერთობისას ყველას მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს. იყო შემთხვევა, როდესაც ზოოპარკის თანამშრომელს თავს დაესხა, საბედნიეროდ, ის ადამიანი უვნებელი გადარჩა. "არასასიამოვნო პროცესი იყო, მაგრამ როდესაც მათ გარდატეხის ასაკი აქვთ, ზოგჯერ ასეთი უმართავები ხდებიან. როცა გმირთა მოედნიდან ზოოპარკში ფეხით შემოვიყვანეთ, ეს ბევრი სპეციალისტისთვის მოულოდნელი იყო, ასეთი იმომობილიზებული ბეჰემოთიც კი, სანდო არ არის... შეიძლება ითქვას, რომ იუმორის გრძნობაც აქვს, - როდესაც ბევრი ხალხია, შესაძლოა, ისინი გაწუწოს"... ასეთი გახლავთ ჩვენი ზოოპარკის ყველაზე ძლიერი და ბუმბერაზი ბინადრების ამბები.

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

"ნიღბები და სოციალური დისტანცირება..." - პაატა იმნაძე განმარტავს, რა მოეთხოვებათ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში