ავტორი:

რისთვის შეიკრიბნენ და რას აპროტესტებენ საზოგადოების ცნობილი სახეები რუსთაველის გამზირზე

რისთვის შეიკრიბნენ და რას აპროტესტებენ საზოგადოების ცნობილი სახეები რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების მშვიდობიანი მსვლელობა "გვახსოვს 7 ნოემბერი" გაიმართა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მსვლელობის მიზანია, მოსახელეობას შეახსენოს 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია საპროტესტო აქციები და ტელეკომპანია "იმედი" ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენებით...

მსვლელობის დაწყებამდე, მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის თეატრში შეიკრიბა, მათ შორის: პოეტი დავით მაღრაძე, მსახიობები კახი კავსაძე, ნანული სარაჯიშვილი, მომღერალი ენრიკო ჯანელიძე, პროდიუსერი შალვა რამიშვილი, საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარაშვილი, რომელიც საორგანიზაციო საკითხებზე ზრუნავდა. ორი საათისთვის თეატრი სრულიად გადაიჭედა...

ბევრი ადამიანი თეატრს მიღმაც აღმოჩნდა, ამიტომაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, დავით მაღრაძემ თეატრში შეკრებილებს მოუწოდა აქციის მონაწილეებს ქუჩაში გადაენაცვლა...

AMBEBI.GE აქციაზე შეკრებილ საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს გაესაუბრა:

დავით მაღრაძე:

- "ჩვენი ამოცანაა საქართველოს მოსახლეობის მობილიზება! ბევრი არ მოვიდა არჩევნების პირველ ტურზე, რადგან გულგატეხილია არსებული ხელისუფლების მიმართ... ამასობაში გაჩნდა აგრესიული რევანშის საფრთხე "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების სახით. ამიტომაც უნდა ვუხმოთ მოსახლეობას და ჩვენი გულისთქმა ერთმანეთს გავუზიაროთ. ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე და საბოლოოდ აღვკვეთოთ წინა ხელისუფლების მანიაკალური ვნებები...

მათ ძალიანაც უნდათ ხალხმა დაივიწყოს 7 ნოემბერი, 9-წლიანი რეჟიმიც, მაგრამ საინტერესოა, რატომ უნდა დაივიწყოს ის ყველაფერი მოსახლეობამ?! იმიტომ, რომ ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში? არავინ არ აპირებს მათი სადიზმის დავიწყებას და მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მათ საკადრის პასუხს გასცემთ! რუსეთმა თავის თანამშრომლები გამოაგზავნა არეულობის მოსაწყობად, რომლებიც დღეს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის – გრიგოლ ვაშაძის გვერდით არიან!"

კახი კავსაძე:

- "ძალადობრივი რეჟიმი ვის აწყობს, ვის მოსწონს? მე მგონია არავის! თუ ჩვენი აქ ყოფნით რამეს ეშველება, აქ ვარ იმის გამო, რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაში! ჩემი მოსახლეობის დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს! ურთიერთსიყვარულით შეიძლება ჩვენი ქვეყანა დალაგდეს და გამშვენიერდეს და არა იმ სისასტიკით, რასაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა! მშვიდად წინ გამარჯვებისაკენ".

ვახტანგ ტატიშვილი:

- "დღეს რაც აქ ხდება, ამის მიხედვით ჩემი პროგნოზით 10-15 პროცენტით მოუგებს სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრულად და აგრესიულად განვეწყოთ გრიგოლ ვაშაძის ამომრჩევლების მიმართ. უბრალოდ, ახლა იმიტომ დავირაზმეთ, რომ ნამდვილად ვიცით ვისი წარმომადგენელიც არის ბატონი ვაშაძე. ისე, სადღაც მადლობაც კი უნდა ვუთხრათ ოპოზიციას - ნახეთ როგორ გამოაფხიზლეს ხელისუფლება და მოსახლეობაც... ასე ერთსულოვნად შეკრული ხალხი ერთი მიზნისკენ დიდი ხანია არ მინახავს! ყველაფერი კარგად დამთავრდება!

გოგა ხაინდრავა:

- "ძალიან რთულია კითხვაზე პასუხი თუ რას ვაპროტესტებ დღეს - 7 ნოემბერია და თავისთავად ცხადია, რასაც ვაპროტესტებ! ძალადობას, უხამსობას და ბოროტებას!"

ლევან გაჩეჩეჩილაძე:

- "მინდა ქართველ ხალხს შევახსენო, რომ არაფერი არ ღირს არც ჩემი და არც სხვისი, საქართველოს თავისუფლების დასათმობად! ამიტომ მოვედი დღეს აქ!

ზაზა კოლელიშვილი:

- "ცრემლი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და მხოლოდ იმაზე უნდა იყოს ზრუნვა, ადამიანმა პირობები გაიუმჯობესოს! რაღაც ბრალეულობა მიუძღვის დღევანდელ ხელისუფლებას პირველი ტური რომ იმ შედეგებით დამთავრდა და დაუყონებლივ ყველაფერი უნდა გამოსწორდეს!"

რეზო ამაშუკელი:

- "მთელი ცხოვრება ვამბობ, რომ სისხლისმსმელები უნდა წავიდნენ და გადაშენდნენ! ამ მთავრობას ვეტყოდი, რომ კოჰაბიტაციამ დაღუპა ეს ქვეყანა, აუცილებლად უნდა აღდგეს სამართლიანობა და დასრულდეს პოლიტიკური წაწლობა! თუ არა, ხალხი ჩაუდგება ყველაფერს სათავეში და ვერავითარი ჰააგის სასამართლო მაგათ ვეღარ უშველით!"

ჯემალ ჭკუასელი:

- "იმიტომ მოვედი, რომ მშვიდობას ვეძებ! აქ ისეთ ხალხს ვხედავ, ყველა საქართველოს პატრიოტია! ჩვენ სამართლიანად ვიბრძვით და აუცილებლად გავიმარჯვებთ, ეჭვი ოდნავაც არ მეპარება".

ნინელი ჭანკვეტაძე:

- "დღეს 7 ნოემბერია და მე უშუალო მონაწილე ვარ იმ დარბევის, როდესაც ხელისუფლებამ თავის ხალხი გაიმეტა! ერთი მახსოვს 9 აპრილი, როდესაც რუსებმა გაგვიმეტეს და მეორე ჩემს ცხოვრებაში ისეთივე საშინელი დღე დადგა, როდესაც საკუთარმა ხელისუფლებამ ხალხს გვესროლა! ნამდვილი მოწმე და მონაწილე ვარ, თუ როგორ მოგვდევდნენ, ხელისუფლებისგან დაზომბირებული სადამსჯელო რაზმი ადამიანებს ეზოებში უვარდებოდნენ... როცა ჩვენ გვიკიჟინებენ ის ცხრა წელი დაივიწყეთო, იმის დავიწყება არაფრით არ შეიძლება! ისინი ვინც ბრძანებებს გასცემდნენ, დღემდე დაუსჯელად დადიან და ტელევიზორიდან კიდევ თითებს გვიქნევენ! შეცდომებს აღარ დავუშვებთო და ხომ გაგიგიათ - "არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა".

ნანული სარაჯიშვილი:

- "მე რუსთაველის თეატრში ვმუშაობ, მაგრამ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, დღეს აქ მაინც მოვიდოდი! ახლაც ვუყურებდი 7 ნოემბრის კადრებს და ერთი რამ არ მესმის: ამ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს თუ განგებ ივიწყებენ იმ სისასტიკეს?! დარწმუნებული ვარ არავის არ სურს იმ რეჟიმის დაბრუნება! იქ ვდგავარ, სადაც მსურს ვიდგე, რადგან ჩვენს შვილებზე და შვილიშვილებზე უნდა ვიფიქროთ ყველამ. სამი წლის შვილიშვილი მყავს და მის მომავალზე ვფიქრობ, როგორ საქართველოში იცხოვრებს!

არსებულ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხი საერთოდ არ გამოვიდა... რა შეცდომებსაც უშვებენ არც მე არ მომწონს, მაგრამ ამიტომ რომ დავუშვათ საშინელი რეჟიმის დაბრუნება, ეს ყოვლად გაუმართლებელია! აღარც მინდა საერთოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბარი... ყოველთვის ყველაფერს ხალხი წყვეტს და დარწმუნებული ვარ ბოლოს ყველა ჭკუას მოუხმობს. ძალიან მინდა ქალი პრეზიდენტი გვყავდეს! ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სიკეთის მომტანი იქნება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები