ავტორი:

"მას შეუძლია საინტერესო პოლიტიკური ფიგურებიდან, რაღაც ახალი შექმნას" - მოდის თუ არა გია ხუხაშვილი პოლიტიკაში?

"მას შეუძლია საინტერესო პოლიტიკური ფიგურებიდან, რაღაც ახალი შექმნას" - მოდის თუ არა გია ხუხაშვილი პოლიტიკაში?

ის იქნება ძალიან კარგი არქიტექტორი ახალი პოლიტიკური ცენტრისა - გია ხუხაშვილი მესამე ცენტრზე ალაპარაკდა

ქვეყანაში "მესამე პოლიტიკური ცენტრის" შექმნას ამჯერად პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აანონსებს. თუმცა, მისი განმარტებით, არ შექმნის კლასიკურ პოლიტიკურ პარტიას, უბრალოდ ამ ცენტრის არქიტექტორად მოგვევლინება და მის ჩამოყალილებას ყველანაირად შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ე.წ მესამე ცენტრის შექმნაზე საუბარი, დიდი ხანია მიმდინარეობს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი ამ საკითხმა აქტუალურობა ხელახლა შეიძინა. ცოტა ხნის წინ ამაზე საუბრობდა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, დღეს კი თითქმის ანალოგიურ განცხადებას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აკეთებს. როგორც ხუხაშვილი განმარტავს, მას ეს იდეა დიდი ხანია აქვს და ამას ბურჯანაძესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

AMBEBI.GE-ს კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა მის გუნდში მაგალითად, ალეკო ელისაშვილს, პოლიტოლოგმა განმარტა, რომ აქვს გეგმები, რომლის დეტალებზე საუბარი, ჯერჯერობით, არ სურს. მისი თქმით, ამ დროის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ქვეყანაში სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში და ის უახლოეს მომავალში შეიქმნება. ამასთან განმარტავს, რომ მისი ინტერესი რაიმე თანამდებობის დაკავება არ არის.

"მე ვთქვი, რომ არის ვითარება, როდესაც ორი, ფაქტობრივად, ნდობადაკარგული პოლიტიკური ძალის თამაშის მძევალია მთელი ქართული საზოგადოება და მოთხოვნილება ძალიან მაღალია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების. ეს სახელმწიფოებრივი და სასიცოცხლო ამოცანა ხდება. ასეთი ცენტრის ფორმირებაში სამომავლოდ, ალბათ მეც მომიწევს მონაწილეობის მიღება. ასეთი პოლიტიკური ცენტრი კი აუცილებლად უნდა შეიქმნას. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანას სხვა გზა არ აქვს.

ამ ორი ძალის მძევლობა უკვე სახელმწიფოებრივად ძალიან სახიფათო ხდება. ეს არის განაცხადი - რა, როდის იქნება, რა ფორმით იქნება და ვინ იქნება, ვფიქრობ, ამაზე საუბარი ადრეა. მე პოლიტიკაში არ მივდივარ, უბრალოდ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას ხელს შევუწყობ, თუმცა რა ფორმით შევუწყობ, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. ამას მომავალი აჩვენებს. მარტივად ვიტყვი, მე პოლიტიკურ პარტიას არ ვქმნი. რაღაც პროცესები დაიწყება და მე ამ პროცესებს მივეხმარები, ვინაიდან ეს აუცილებელია", - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

ხუხაშვილს გადაწყვეტილებას იწონებს მისი კოლეგა ხათუნა ლაგაზიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში ე.წ მესამე ცენტრის შექმნის რესურსი გია ხუხაშვილს გააჩნია.

"თუ ვინმეს შეუძლია დღეს ამ მიმოფანტული საინტერესო პოლიტიკური ფიგურებიდან, რაღაც ახალი და საინტერესო შექმნას, არის გია ხუხაშვილი. ის იქნება ძალიან კარგი არქიტექტორი ახალი პოლიტიკური ცენტრისა. მას ამისთვის აქვს უზარმაზარი გამოცდილება. ფაქტობრივად, ხელის გულზე უდევს მთელი ქართული პოლიტიკური ისტორია. ამიტომ თუ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს რესურსი ცალ-ცალკე მიმოფანტული ფიგურებიდან ერთი საინტერესო პოლიტიკური კომბინაცია გააკეთოს, რა თქმა უნდა, არის გია ხუხაშვილი", - გვითხრა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, მესამე ძალის შექმნის აუცილებლობა აქამდე ისე არ ყოფილა, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

"ადამიანური რესურსები არც თუ ისე ბევრია, ამიტომ არსებობს რისკი, რომ ეს გაიფანტოს. თუ ეს დაიძლია და ერთი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნა ძალიან კარგი იქნება. მესამე ცენტრის შექმნის წამოწყება იქნება ძალიან შედეგიანი. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ყველაზე კარგად აჩვენა თუ რამდენად საჭიროა ასეთი პოლიტიკური ცენტრის არსებობა. ახლა რეალურად ამომრჩეველს უწევს არა ცუდსა და კარგს შორის არჩევანის გაკეთება, არამედ ცუდსა და ცუდს შორის", - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.

მისი თქმით, გია ხუხაშვილის "დაპროექტებულ ცენტრში" ვიხილავთ ახალ სახეებს, რადგან ლაგაზიძის აზრით, არსებულმა პოლიტიკურმა სახეებმა თავისი რესურსი ამოწურეს.

"როგორც ჩანს, ხუხაშვილს თავის თავი წამოუდგენია ერთგვარად, როგორც არქიტექტორი მესამე ცენტრის. როგორც ვიცი, ის გულისხმობდა საინტერესო პიროვნული რესუსრების გაერთიანებას. ალბათ, ვიხილავთ ახალ სახეებსაც. ძველ კომბინაციებს არანაირი აზრი აქვს, არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი რესურსი ბოლომდე დაიყვანეს, ამიტომ საუბარია, რესურსების მქონე ადამიანებზე. პოლიტიკურ გემოვნებას და სპექტრს კარნახობს სოციალური ქსელი და ამ რეალობის გათვალისწინებით, საუბარი, რომ საქართველოში 60-70%-იანი ლიდერები გამოჩნდებიან, ასეთი აღარ იქნება. შევდივართ სრულიად ახალ ეპოქაში, როდესაც რამდენიმე საშუალო პერსპექტიული ფიგურა შექმნის ერთიანად იმ მოცემულობას, რასაც ქმნიდა თავის დროზე ერთი ქარიზმატული ლიდერი" - განმარტა ლაგაზიძემ ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, მესამე ცენტრის შექმნის აუცილებლობას მხოლოდ პოლიტიკური ელიტა ხედავს, კოლეგას წარმატებას უსურვებს, თუმცა მის წამოწყებას სკეპტიკურად უყურებს.

"მესამე ცენტრის შექმნას აპირებს ძალიან ბევრი, რამდენად გამოუვა თუ არა, საკითხავი ეს არის. შემიძლია წარმატება ვუსურვო, მაგრამ მესამე ცენტრის შექმნა მარტივი და ადვილი არ არის. მე პირადად გულწრფელად გითხრათ მეეჭვება. მესამე ცენტრის აუცილებლობას ხედავს მხოლოდ საზოგადოებრივი ელიტა და ვერ ხედავს მას ამომრჩევლის ძირითადი რაოდენობა. პრობლემები და ურთიერთობები სხვადასხვაგვარია, დასალაგებელია ძალიან ბევრი რამ. ამიტომ ხუხაშვილს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მეეჭვება" - გვითხრა ძაბირაძემ.

საშემოდგომო სესია პარლამენტის თავმჯდომარის გარეშე გაიხსნება - გვაქვს თუ არა საქმე ახალ კლასტერთან დაცვის თანამშრომლების დაინფიცირების შემდეგ

"ამ შინაარსის ბანერის გამოფენა საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის პირდაპირი გაგრძელებაა"

"პატრიოტების" წინააღმდეგ მიმართული გეგმის სკანდალური ანატომია (R)