ავტორი:

"ბინა ვერ გამოვისყიდე, ისევ ბანკის ვალს ვიხდი..." - ზურა დოიჯაშვილი ემიგრაციაში ისრაელში წავიდა

"ბინა ვერ გამოვისყიდე, ისევ ბანკის ვალს ვიხდი..." - ზურა დოიჯაშვილი ემიგრაციაში ისრაელში წავიდა

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, ბოლო პერიოდში, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა - ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა. საცხოვრებელი ბინა ბანკისგან აქვს დაყადაღებული და საკმაოდ სოლიდურ თანხას თუ არ გადაიხდის, გამოდის, ქუჩაში რჩება. სწორედ ამის გამო ზურამ საქართველო დატოვა და ემიგრაციაში ისრაელში წავიდა.

ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მომღერალი ისრაელში გადასვლისა და იქაური გეგმების შესახებ საუბრობს:

"თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. ამ უბანს ადრე ებრაელების უბანს ეძახდნენ. ბევრი ებრაელი წავიდა ისრაელში საცხოვრებლად და მათთან კონტაქტი დღემდე არ გამიწყვეტია. ახლა, როცა აქ ჩამოვედი, ბევრი მათგანი და მათ შორის, ილო ბააზოვი, სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, დამხვდა და გვერდით მიდგანან.

მახსოვს, უბანში, თითქმის ყველა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა და ერთმანეთთან ყველას საოცრად თბილი ურთიერთობა ჰქოდა. ის თბილისი მენატრება. ადრე, შვილებს სწირავდნენ ქეყანას, ახლა კი უკანალებს აჩვენებენ. ამის ყურება მიჭირს. ჩემი თბილისის ქუჩებში ერთი დღეც რომ არ გავიარო ფეხით, ცუდად ვხდები, მაგრამ ცხოვრებამ ასე მოიტანა და ახლა ისრაელში მიწევს ემიგრანტად ცხოვრება. ოჯახს, საქმეს, ჩემს ჯანმრთელობას სჭირდება ასე და სხვა გზა არ მაქვს. ადრე, გარკვეული პერიოდი, დაახლოებით სამი წელი, რუსეთშიც მიწევდა ცხოვრება და მუშაობა, მაგრამ ახლა ისრაელში ჩამოვედი. აქ ვიცხოვრებ და ვიმღერებ. იმედია, ცოტა ფეხზე წამოვდგები.

ახლა თელ-ავივთან ახლოს ვცხოვრობ. ვიმღერებ რესტორანში, წვეულებებზე, მივხედავ ჩემს ოჯახს და ჯანმრთელობას, მივიღებ ორმაგ მოქალაქეობას და მერე, აუცილებლად დავბრუნდები.

- ბანკისგან ბინა გქონდა დაყადაღებული, ის გამოისყიდე და ისე წახვედი?

- არა, ჯერ ვერ გამოვისყიდე და ისევ ბანკის ვალს ვიხდი. აქ ბევრი მეგობარი მყავს, მეხმარებიან. ჩავწერ სიმღერებს, რესტორანში დავიწყებ მუშაობას და იმედია, ყველაფერი გამოვა. ისე ვიცხოვრე, ფულის მონა არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ფაქტია, ფინანსური პრობლემების გამო მომიწია ემიგრაციაში წასვლა. არავის არაფერს ვაბრალებ, ყველაფერი ჩემი ბრალია. თილისმად, მამაოს ნაჩუქარი ხის ჯვარი მაქვს წამოღებული, მას სულ ვატარებ, მისი დამსახურებაა, დღეს ცოცხალი რომ ვარ და ის დამიცავს.

- ვისთან ერთად წახვედი და სად ცხოვრობ?

- მეუღლესთან და შვილთან ერთად ვარ. სულ რამდენიმე დღეა, ჩამოვედი, ბინა ვიქირავეთ და მალე გადავალ საცხოვრებლად. კი ვარ საქართველოდან შორს, მაგრამ ცოტა დავმშვიდდი. ტელევიზორს რომ ჩავრთავ, მშვიდად ვარ, სულ პოლიტიკა, გინება და აყალმაყალი რომ არ მესმის. საქართველოდან არსად გავქცეულვარ. მინდა, ოჯახი ვარჩინო და კარგად მყავდეს. ყველა ემიგრანტი თავის ოჯახისთვის წვალობს და მეც ასე მომიწია.

სახლში ხომ არ დავჯდებოდი და დაველოდებოდი, ვინ რას მომცემდა? როცა ავად გავხდი, ბევრმა უცნობმა ადამიანმა გადმომირიცხა თანხა და გპირდებით, ყველას "ამოვქექავ" და ვალს ასმაგად გადავუხდი!

ანი რევია, ჟურნალი "თბილისელები"

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს