ავტორი:

ვინ არის მოშე კლუგჰაფტი, რომელსაც სააკაშვილმა "ებრაელი აფერისტი" უწოდა

ვინ არის მოშე კლუგჰაფტი, რომელსაც სააკაშვილმა "ებრაელი აფერისტი" უწოდა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში პიარის ისრაელელი სპეციალისტი, მოშე კლუგჰაფტი „ებრაელ აფერისტად“ მოიხსენია.

"აგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს, მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას,“ - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში სააკაშვილმა.

მისმა განცხადებამ საქართველოში მცხოვრები ებრაელები აღაშფოთა. ქართველ ებრაელთა სათვისტომომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა:

"ჩვენ, ქართველი ებრაელები, აღშფოთებულები ვართ და ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ. სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, მოშე გლუკჰაფტს, არამედ მთელ ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია საქართველოში მცხოვრები ებრაელებისთვის.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ებრაელების მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. კარგად გვახსოვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილის მიმართ იმავე შინაარსის ანტისემიტური, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული.

სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ განცხადებაზე შესაბამის რეაქციას ველით პოლიტიკური ძალების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება დაგმობს და გაემიჯნება სააკაშვილის განცხადებებს და ყველას კიდევ ერთხელ დაანახებს ორ ერს შორის მეგობრობის ღირსეულ მაგალითს" - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მოშე კლუგჰაფტს, მას სტრატეგიული მრჩევლის რანგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ნამუშევარი, მის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ კლუგჰაფტის საქმიანობას არაერთი პოლიტიკოსისთვის მოუტანია წარმატება არჩევნებსა თუ სხვა კამპანიებში.

ისრაელელი მრჩეველი მუშაობდა რუმინეთში, სადაც მისმა წარმოებულმა კამპანიამ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არჩევნებში წარმატება მოუტანა. ვებ-გვერდზე klughaft.com ვკითხულობთ, რომ მას ნამუშევარი აქვს, ასევე, გერმანიაშიც, სადაც მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან, მარტინ შულცის პარტიიდან.

ავსტრალიაში კანცლერთან მუშაობის დროს ის უძღვებოდა „მოსმენის კამპანიას“, რომლის ფარგლებში კანცლერი პიცის მიმწოდებელ კურიერად ინიღბებოდა და ფარული კამერით სტუმრობდა ოჯახებს, რომლებიც პიცას უკვეთავდნენ. ეს ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კამპანია იყო. კოსოვოში ‏მოშე კლუგჰაფტი ლიბერალურ პარტიასთან თანამშრომლობდა და ბევრად გააუმჯობესა მათი შედეგები. პოლიტიკური მრჩეველი მუშაობდა მილანშიც, იტალიაში, დამოუკიდებელ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ისრაელში კლუგჰაფტი არის ქვეყნის განათლების მინისტრის, ნაფტალი ბენეტის მთავარი მრჩეველი. 2012 წლის არჩევნებში. 2 თვიანი მუშაობის შედეგად, მისი დახმარებით, ბენეტმა დიდი წარმატება მოიპოვა. ისრაელის წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ Globes კლუგჰაფტი ქვეყნის ყველაზე გავლენიან ექსპერტად შეაფასა, Forbes კი მიიჩნევს, რომ კლუგჰაფტი 40 წლამდე ასაკის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის არის.

ის უძღვებოდა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის ბოლო კამპანიას. ​ მოშე კლუგჰაფტი მთავარი მომლაპარაკებელი იყო ნათანიაჰუს კოალიციასთან და ის ეროვნულ გაერთიანებას "ებრაელი ხალხის კეთილდღეობისთვის" წარმოადგენდა. აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად ნაფტალ ბენეტმა ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.

კლუგჰაფტი არის მუსიკოსი, მწერალი, წერს სცენარებს ისრაელური სერიალებისთვის, რომლებიც თემატიკით ცნობილ ამერიკულ შოუს The House of Cards ჰგავს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები