ავტორი:

"პუტინმა მოიგო ბრძოლა, მაგრამ წააგო ომი..." - რას ელის მსოფლიო უკრაინა-რუსეთს შორის ქერჩის ინციდენტის შემდეგ

"პუტინმა მოიგო ბრძოლა, მაგრამ წააგო ომი..." - რას ელის მსოფლიო უკრაინა-რუსეთს შორის ქერჩის ინციდენტის შემდეგ

25 ნოემბრის ქერჩის ინცინდენტის შემდეგ - უკრაინამ საომარი მდგომარეობა შემოიღო. 30-დღიანი საომარი მდგომარეობა ძალაში 28 ნოემბრიდან შევა და ქვეყნის იმ რეგიონებზე გავრცელდება, სადაც რუსეთის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა ყველაზე მაღალია.

ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. აღნიშნული 26 ნოემბერს გაეროში განიხილეს. საინტერესოა, როგორ აფასებენ მოვლენების შესაძლო განვითარებას უკრაინელი, რუსი და საერთაშორისო ექსპერტები...

novayagazeta.ru-სთან საუბარში, უკრაინელი ექსპერტი, blackseanews.net-ის მთავარი რედაქტორი ანდრეი კლიმენკო ამბობს, რომ მოსალოდნელია მეორე შეტევაც, ანუ ზღვიდან რუსეთის აგრესიის მეორე ეტაპი, ამჯერად მარიოპულისა და ბერდიანსკის პორტებიდან...

argumentua.com-ის ბლოგერ გეორგი სემენეცის სტატიაში - "არსებული სამხედრო ვითარება ჰგავს სპექტაკლს ტრაგიკული დასასრულით", რამდენიმე ექსპერტი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი რუსეთს მოუბრუნდეს.

ბრიტანელი ჟურნალისტი, The Economist-ის პოლიტიკური მიმომხილველი ტიმ ჯუდი ამბობს, რომ "პუტინმა მოიგო ბრძოლა, მაგრამ წააგო ომი... ეს არ იყო საუკეთესო გამოსავალი, რადგან უკრაინის ათეულობით ათასი მოქალაქე რუსეთს ჯერ კიდევ მოძმე ქვეყნად მიიჩნევდა, ამ გადაწყვეტილებით კი პუტინმა ისინი მტრებად აქცია..." - ამბობს ჟურნალისტი.

ინტერნეტგამოცემა etcetera.media-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი, ყირიმის ანექსიას, პირადად პუტინის გამარჯვებად მიიჩნევს და არა, მთლიანი რუსეთის, რადგან ამ ნაბიჯებით, როგორც რუსმა საზოგადოებამ, ასევე მთლიანად ქვეყანამ წააგო.

"ადრე თუ გვიან რუსეთი საკუთარი ნებით დაუბრუნებს უკრაინას ყირიმსა და დონბასს და ამ დროს იქ მცხოვრებლები დადგებიან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე - როგორ გააგრძელონ ცხოვრება, დარჩნენ ყირიმში თუ წავიდნენ რუსეთში, თუ საერთოდ სხვაგან წავიდნენ... მხოლოდ იმათ შეეძლებათ დარჩენა, ვინც ყირიმის უკრანის შემადგენლობაში დარჩენას ეთანხმება..." - წერს ილარიონოვი.

ტელეწამყვან ოლეგ გავრიშის მოსაზრებით, შეუძლებელია იმ რეგრესის არდანახვა, რაც ახლა ყირიმშია. რუსეთი დაინტერესებულია ყირიმი მხოლოდ სამხედრო ბაზად გამოიყენოს და ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია მოხდება: რუსული პროექტის თანახმად, იქ იცხოვრებენ სამხედრო პენსიონერები, იქნება შეიარაღებული ძალების ბაზა და ის ადგილი, როგორც ტურისტული ზონა ვერასდროს განვითარდება.

რუსი პოლიტოლოგი მარატ გელმანი მიიჩნევს, რომ გლობალურ ფონზე ყირიმის ანექსია ძალზე ხელსაყრელია ვლადიმირ პუტინისთვის, რადგან პირველ რიგში, მან ევროპაში გააკეთა ე.წ. ანტიამერიკული მოედანი, რის შემდეგაც, იმ ქვეყნების პოლიტიკოსებს, რომელთაც ამერიკა და კონკრეტულად დონალდ ტრამპი არ მოსწონდათ, პუტინთან უფრო მეტი საერთოს პოვნის სურვილი გაუჩნდათ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ახერხებს “გააპრავოს” ეკონომიკური ფონის გაუარესება.

"ყველა ამბობდა, რომ ამ სანქციების ფონზე, ორი წელი საკმარისი იქნებოდა, რომ რუსეთში ვითარება აწეწილიყო, თუმცა გავიდა 4 წელი და რუსეთის მოსახლეობა მზად არის შემდეგშიც "მოითმინოს" - წერს მარატ გელმანი.

მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესიის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, თვლის რომ მათ მიერ პრევენციების ამოქმედება დროულად უნდა მოხდეს. ამერიკის ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი რუსეთის ქმედებებს "უკრაინის სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას" უწოდებს და ამბობს, რომ თუკი მოსკოვი განაგრძობს მოვლენათა ესკალაციას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება და გაუარესდება.

თავის მხრივ, ნიკი ჰეილის განცხადებას გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დმიტრი პოლიანსკი “ბნელ ოთახში კატის ძებნად” მიიჩნევს და ამბობს, რომ სასაცილოა იმის თქმა, თითქოსდა რუსეთი ახლა უკვე აზოვის ზღვის ანექსიასაც ცდილობს. მისივე განმარტებით, როდესაც უკრაინის სუვერენიტეტის დაცვაზეა საუბარი, რუსეთის ხელისუფლება თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასაც ითხოვს და “რუსეთი მკაცრად უპასუხებს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის ყველა მცდელობას შავ ზღვაშიც და აზოვის ზღვაშიც”.

"ყირიმის ანექსიის თემა უკვე დახურულია, რადგან ყირიმის მოსახლეობამ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის გადაწყვეტილება მიიღო. ის ტერიტორია, სადაც ინციდენტი მოხდა, 2014 წლამდეც რუსეთს ეკუთვნოდა და არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც სხვები "ყირიმის ანექსიას" უწოდებენ" - ამბობს პოლიანსკი.

amerikiskhma.com-ს ცნობით, "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი ანდერს ასლუნდი მიიჩნევს, რომ ამერიკამ და ნატომ აუცილებლად უნდა გაზარდონ საზღვაო წარმომადგენლობა აზოვის ზღვაში იმისათვის, რომ საერთაშორისო გემების უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილება იყოს უზრუნველყოფილი. ამერიკამ და ევროპულმა სახელმწიფოებმა კი მკაცრად უნდა გააპროტესტონ მომხდარი, რადგან ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოსკოვი გამუდმებით ცდილობდა საერთაშორისო წყლები რუსეთის შიდა წყლებად ექცია და აზოვის ზღვაში უკრაინის გემებისთვის უკრიანისვე უდიდეს - მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტებთან მისასვლელი დაებლოკა...

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი