ავტორი:

უახლესი ინფორმაცია  უკრაინიდან და საერთაშორისო გამოხმაურება

უახლესი ინფორმაცია  უკრაინიდან და საერთაშორისო გამოხმაურება

უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. შესაბამისი განკარგულება უკრაინის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გასცა. გარდა ამისა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი უკრაინის უშიშროების სამსახურის ძალები. გაძლიერებულია ზომები კონტრდაზვერვის კუთხით, რათა, უკრაინული მხარის ინფორმაციით, არ დაუშვან რუსეთის სპეცსამსახურების პროვოკაციები, რომლის მიზანია ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია. ასევე გაძლიერებული სამსახურის რეჟიმზეა გადასული უკრაინის ეროვნული პოლიცია.

როგორც ცნობილია, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმიურ გადასვლას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.

ცივილიზებული სამყაროს მობილიზება უნდა მოხდეს, რათა ამ ველურობას წერტილი დაესვას, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა ქერჩი სრუტესთან განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ ყველა რესურსის მობილიზება უნდა მოახდინოს, რათა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

„ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში აგრესიის სამიზნე ვართ. ის, რაც დღეს მოხდა დაუშვებელია. მივიჩნევ, რომ სრულიად ცივილიზებული სამყაროს მობილიზება უნდა მოხდეს, რათა ამ ველურობას წერტილი დაესვას. არავის არ მიუცია რუსეთისთვის უფლება სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა ხელყოს“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიის გარდა, რუსეთმა ქერჩის სრუტესთან, ნეიტრალურ წყლებში ომი გააჩაღა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა განაცხადა.

„რუსეთმა აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ჩვენ გვაქვს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე და ასევე ომი რუსეთთან ნეიტრალურ წყლებში, ვინაიდან აგრესიის ეს აქტი ზუსტადაც რომ ნეიტრალურ წყლებში მოხდა. ეს აგრესიის აქტია და ზუსტად ასეთი შეფასება უნდა მიეცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ნატო რუსეთსა და უკრაინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ გააკეთა.

„ნატო ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში და კავშირში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან. ვითარების დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ მხარეებს. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის სანაოსნო უფლებებს მის ტერიტორიულ წყლებში. რუსეთს მოვუწოდებთ უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა უკრაინულ პორტებზე აზოვის ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ნატო- ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში“, - განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭო აზოვის ზღვაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ დაწერა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა ნიუ-იორკის დროით 11:00 საათზეა დანიშნული.

ოფიციალურმა კიევმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთის სასაზღვრო გემმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის საზღვაო ძალების გემებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე