ავტორი:

რა მოხდა ჩუმლაყში, სადაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს - შსს-ს განმარტება

რა მოხდა ჩუმლაყში, სადაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს - შსს-ს განმარტება

შს სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სოფელ ჩუმლაყში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, გასროლა პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ჩუმლაყის მე-19 უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს.

„მსურს გამოვეხმაურო ჩუმლაყში მომხდარ ინციდენტს, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით. ამ ეტაპზე, როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ჩუმლაყის მე-19 უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან. ეს ადამიანი ამჟამად პოლიციის განყოფილებაშ იმყოფება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს გაუხსნეს, რომელთა შორისაც მიხეილ სააკაშვილი ძმა, დავით სააკაშვილიც იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებას გამოძიება აქვს დაწყებული სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე.

კერძოდ, მისი თქმით, თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

„დადგენილია სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1621 მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, უკვე გამოკითხული არიან ინციდენტის მხარეები, რომლებიც მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება.

„ადიგენში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმდინარეობს ოპერატიული და საპროცესო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად;

ბათუმში საარჩევნო უბნების მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1621 მუხლის პირველი ნაწილით. უკვე გამოიკითხონ დაზარალებულები. ამ ეტაპზე არც ერთ ფაქტზე არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„გამოკითხულია დაზარალებული და ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე მოწმეები. ამ ეტაპზე გამოკითხული პირებისთვის უცნობია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მისი ვინაობის დასადგენად“, - აღნიშნა მან.

ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვემო ქართლში მარკირებაგავლილი პირების მიერ განმეორებით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1642 მუხლით.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, მსგავსი 9 შემთხვევა გამოვლინდა და მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა;

„თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოკითხულია დაზარალებული. მიმდინარეობს ოპერატიული და საპროცესო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად;

აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

დუშეთში საარჩევნო უბანზე მომხდარი ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 177-ის პირველი ნაწილით. გარდა აღნიშნულისა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, რომელიც სოფელ ქესალოში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უმისამართოდ იგინებოდა. აღნიშნული პიროვნება არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ადგილზე იქნა დაკავებული საქართველოს ასკ-ის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით.

ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.“, - აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები და დაზარალებულები არიან როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები